საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბავშვები ცელოფნის ქოხიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:07 - 18 იანვარი 2022 hits 32647
  • რამდენი წლის ხარ? - სამის.
  • რა გქვია? - დათო.
  • რა გვარის ხარ? - ჭიკაიძე.
  • სად ცხოვრობ? - დედასთან.
  • რა ჰქვია ამ სოფელს? - სახლი.
  • გინდა სახლი? - კი.
  • როგორი სახლი გინდა? - წითელი... და თბილი.

დათოს სახლი არასდროს ჰქონია. ის და მისი და-ძმები ოჯახის ერთადერთ თავშესაფარში, ცელოფანშემოკრულ და ძველი თუნუქით გადახურულ ქოხში ცხოვრობენ, ხომში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე შეფენილ ფშაურ სოფელში.

ჭიკაიძეების სახლი, 1992 წელს, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ დაანგრია, რაჭის გამანადგურებელი მიწისძვრიდან ერთი წლის შემდეგ. მას მერე, „დარჩა და დარჩა სახლი ოცნებად და ჩვენი ცხოვრებაც წავიდა. წავიქეცით და ვეღარ წამოვდექით“. ამ ერთ წინადადებაში ატევს 30 წლიან გაჭირვებას 80 წლის ეთერ ანთაური-ჭიკაძე, ბავშვების ბებია. ეს ოჯახის მეორე ქოხია. პირველი დიდთოვლობამ დაუნგრია. ქოხს ხან რით ამაგრებენ და ხან რით, ხან ბოძს შეუდგამენ, ხან თუნუქის გადახდილ ნაჭერს შეცვლიან. ღამით ოჯახი ხშირად ფხიზლობს, რომ ძლიერმა ქარმა „სახლი“ მძინარეებს თავზე არ ჩამოაქციოს.

ჭიკაიძეების ძირითადი შემოსავალი ბებიის პენსია და თითოეულ ბავშვზე მიღებული დახმარება, 100 ლარია, ეს კი საკვებსა და წამლებზე იხარჯება. ეთერის შვილი, ბავშვების მამა, ლადო ჭიკაიძე ცხვარში მიდის თვეობით, როგორმე ნანატრი სახლისთვის სამშენებლო მასალის საყიდელი ფული რომ მოაგროვოს. წლების წინ, მხოლოდ ერთხელ შესთავაზეს, ჟინვალში ან დუშეთში, სადმე ძველ, მიტოვებულ შენობაში ერთ ოთახს გამოუძებნიდნენ, მაგრამ ოჯახმა უარი თქვა - ხომიდან წასვლა არავის უნდა, არც ბავშვებს.

ბავშვებს ფერადი, თუმცა ფერადზე მეტად თბილი სახლი სჭირდებათ და ის, მალე, „მთის ამბების“ ადვოკატირების კამპანიის დახმარებით, ექნებათ კიდეც.

„მთის ამბების“ მკითხველმა და გულშემატკივარმა შეძლო ის, რაც თითქმის 30 წლის განმავლობაში, ვერც ცენტრალურმა და ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კანონით ვალდებულია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირები აღრიცხოს, შესაბამისი სტატუსი მიანიჭოს და დაეხმაროს, შარშან, როდესაც „მთის ამბებმა“ ჭიკაიძეების ოჯახის დასახმარებლად კამპანია დაიწყო, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას რაიონში არცერთი უსახლკარო პირი არ ჰყავდა რეგისტრირებული, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი მათ დასახმარებლად ერთ თეთრსაც კი არ ითვალისწინებდა.

ჭიკაიძეების ოჯახზე პირველი რეპორტაჟი ჯერ კიდევ 2017 წელს მოვამზადეთ, შარშან ზაფხულში კი ხომში კიდევ ერთხელ ავედით. სოფელში, სადაც უკანასკნელი აღწერით, სულ 18 ადამიანი ცხოვრობს, ზამთრობით ხშირად რჩებიან უგზოდ, ზოგჯერ რამდენიმე კვირითაც კი. ბავშვებს აქ საბავშვო ბაღი არასდროს ჰქონიათ, არც სკოლა აქვთ, დათოს და-ძმები 18 კილომეტრით დაშორებულ მაღაროსკარის სკოლაში დადიან. ხომში ბევრი პრობლემა დაგვხვდა, თუმცა უმთავრესი, მაინც უსახლკარობა იყო. ამიტომ, დაბრუნებისთანავე გადავწყვიტეთ, ამ ოჯახის დახმარებაზე გვეზრუნა, უსახლკარო პირთა ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დახმარებით წამოვიწყეთ. 

ჭიკაიძეების ოჯახი პირველი არ ყოფილა, რომლის პრობლემაზეც „მთის ამბებმა“ იმუშავა. მაღალმთიან დასახლებებში უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც მთაში, უმძიმეს პირობებში მცხოვრებ არაერთ უსახლკარო ადამიანს შევხვდით: დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეისტეჩოში, მიწურში მცხოვრებ მიხა არაბულს; სოფელ ქვემო ხორხში, საქონლის სადგომში მცხოვრებ საბედა წიკლაურს; მესტიაში, სოფელ ვედში ასევე საქონლის სადგომში მცხოვრები კვანჭიანების ოჯახს. ახლა სამივეს აქვს სახლი, რომელიც „მთის ამბებმა“ თავისის პარტნიორების, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, მთის სათემო ორგანიზაციების დახმარებითა და საკუთარი მკითხველის შემოწირულებებით ააშენა.

არც მიხა არაბული, არც საბედა წიკლაური, არც კვანჭიანები, არც ჭიკაიძეები და არც კიდევ უამრავი სხვა უსახლკარო ადამიანი სახელმწიფოს აღრიცხული არ ჰყავს.

რეალური სტატისტიკა, რამდენი უსახლკარო ადამიანია ქვეყანაში და მათგან რამდენი მაღალმთიან რეგიონებში, ფაქტობრივად, არ არსებობს.

მუნიციპალიტეტების უმრავლესობას დამტკიცებულიც კი არ აქვს უსახლკარო პირთა რეგისტრაციის წესი, რომლის მიხედვითაც ამ ოჯახების აღრიცხვა და დახმარება უნდა ხდებოდეს. უსახლკაროთა სავარაუდო რაოდენობის შესახებ მონაცემები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ოჯახი უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით მერიას მიმართავს.

თუ რეგისტრირებული არ ხარ, სახელმწიფოსთვის არ არსებობ, რადგან „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი უსახლკაროდ მიიჩნევს „მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო“.

მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერით, საქართველოში სულ 89 უსახლკარო ადამიანია. ეს რიცხვიც აჩვენებს, თუ როგორი უხილავი და შეუსწავლელია პრობლემის მასშტაბები. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ კანონმდებლობის დონეზე არ არსებობს უსახლკარო პირის სრულყოფილი დეფინიცია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიუსაფარია პირი, რომელიც ცხოვრობს ღია ცის ქვეშ, არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ლეგალური შემოსავალი და მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება; ან პირი, რომელიც, მოცემულ მომენტში იმყოფება ქუჩაში და მისი სიცოცხლე რისკის ქვეშაა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2016 წლის კვლევა აჩვენებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო სათანადოდ არ აღიარებს უსახლკარობის პრობლემას; არ მიიჩნევს მას პრიორიტეტულად და არ გააჩნია უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარირებული პოლიტიკა და შესაბამისი დოკუმენტები.

მაშ შემდეგ, რაც „მთის ამბებმა“ მთაში უსახლკაროთა პრობლემის შესწავლა დაიწყო, საქართველოს 29 მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტები და პრაქტიკა მოვიკვლიეთ.

აღმოჩნდა, რომ პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ დადგენილება მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტს აქვს, მესტიას, ამბროლაურს, თეთრიწყაროსა და ხარაგაულს. აქედან, არცერთი არ აწვდის უსახლკაროთა მონაცემებს სოციალური მომსახურების სააგენტოს.

თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმ მიზნით, რომ ქვეყანაში უსახლკარო პირთა ერთიანი ბაზა არსებობდეს, 2014 წლიდან არცერთხელ არ მიუმართავს მუნიციციპალიტეტების მერიებისთვის, უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით.

დუშეთის მერიამ, რომლის მუნიციპალიტეტშიც ჭიკაიძეები ცხოვრობენ, თავის დროზე, ჩვენს მიმართვაზე გვიპასუხა, რომ მუნიციპალიტეტში არცერთი უსახლკარო პირი არაა რეგისტრირებული. ჭიკაიძეებს მუნიციპალიტეტისთვის უსახლკაროდ რეგისტრაციის თხოვნით არც არასდროს მიუმართავთ - არც იცოდნენ, რომ ამგვარი მოთხოვნა საჭირო იყო.

„მთის ამბების“ პარტნიორმა, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა, უკვე მიმართა 14 მუნიციპალიტეტს,  საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით მომზადებული რეკომენდაციით, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მუნიციპალიტეტმა პირველ რიგში უნდა დაიწყოს ზრუნვა უსახლკაროთა რეგისტრაციის წესის დამტკიცებასა და უსახლკაროთა აღრიცხვაზე. რამდენიმე მერიიდან შეგვატყობინეს, რომ რეკომენდაცია მიიღეს და მუშაობაც დაიწყეს.

მსგავსი წერილი გავუგზავნეთ დუშეთის მერიასაც, რომელმაც მალევე გვიპასუხა, რომ ჭიკაიძეების ოჯახის დასახმარებლად 3 ათასი ლარი გამოყვეს.

მერიის დახმარება „მთის ამბების“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ თანხას დაემატება.

ამ ოჯახისთვის სახლის ასაშენებლად, გამოცემამ უკვე მეორე კამპანია წამოიწყო. პირველად, შემოწირულებების შეგროვება ჯერ კიდევ ზაფხულში ვცადეთ, თუმცა მაშინ საკმარისი თანხა ვერ მოგროვდა. მეორედ, ჭიკაიძეებს, უკვე ახლა, 13 იანვარს, მივაკითხეთ, მათი საცხოვრებელი პირობები ზამთარშიც რომ გვენახა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძეც შემოგვიერთდა, და-ძმებს საჩუქრად წიგნები მიუტანა და მათთვის თანხის მოგროვების კამპანიაშიც ჩაერთო.

სულ რამდენიმედღიანი კამპანიის შედეგად, უკვე 39 ათასი ლარი გვაქვს. აქედან 9 ათასი ლარი, ჭიკაიძეების დასახმარებლად კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ ჩარიცხა.

კამპანია ჭიკაიძეების დასახმარებლად გრძელდება. გვინდა, ოჯახს ავეჯი და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებიც შევუძინოთ. როგორც კი სახლისთვის საკმარისი 40 ათასი ლარი მოგროვდება, ტენდერს გამოვაცხადებთ და გაზაფხულზე მშენებლობაც დაიწყება. ჭიკაიძეებისთვის ისეთი სახლის აშენებას ვგეგმავთ, როგორიც მანამდე საბედა ბებოს და კვანჭიანების ოჯახს ავუშენეთ.

 

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #ჭიკაიძეებისოჯახისთვის

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში