საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არ გაბედო ჩემი მოხსენიება! - როგორ ემუქრება მაჟორიტარის ბიუროს უფროსი აქტივისტს რაჭაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:21 - 23 დეკემბერი 2021 hits 17039
ფოტოზე - ეთერ არსანიძე
საზოგადოება
ფოტოზე - ეთერ არსანიძე

„რამდენს ბედავ შენ? რომ ჩამოვალ, ნახავ ვინ ვარ, დამიჯდები წინ და მოგიწევს ახსნა-განმარტება. ერთი გაბოროტებული გოგო ხარ. სარკეში ჩაიხედე და მიხვდები, როგორ გშობა დედაშენმა ასეთი ბოროტი“, - რაჭის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი ეთერ არსანიძე იხსენებს, როგორ დაემუქრა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი ქრისტინე კობახიძე. ბიუროს უფროსის აგრესია და მუქარა ფეისბუკ ჯგუფში (რაჭველები) ეთერ არსანიძის გუშინდელ ჩართვას მოჰყვა - ეთერმა გვაჩვენა ამბროლაურის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, მერიამ როგორ ამოთხარა ასფალტი და ახალი წლის ზეიმისთვის როგორ ჩაარჭო ცოცხალი, დაახლოებით 10 მეტრიანი ნაძვის ხე შუა გზაში.

ეთერის ჩართვას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კომენტარები მოჰყვა, რამაც დეპუტატის ბიუროს უფროსი გააღიზიანა. ქრისტინე კობახიძე „ქართული ოცნებიდან“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალარჩეული წევრიცაა.

ქრისტინე კობახიძის მხრიდან ეს აგრესიის გამოხატვისა და მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. „მთის ამბებმა“ აუდიოჩანაწერიც მოისმინა, სადაც პარლამენტის წევრის ბიუროს უფროსი, ეთერ არსანიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც დაემუქრა. კობახიძის გაღიზიანება მაშინაც ეთერ არსანიძის ფეისბუკ კომენტარს მოჰყვა.

„გასულ წელს, არჩევნების წინ, სასტუმრო „სანსეტ შოვმა“ ფეისბუკ გვერდზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის მხარდამჭერი პოსტი დადო, დაახლოებით ისეთი, როგორი შინაარსითაც მისი ბიურო აქვეყნებს. ენუქიძეს მადლობას უხდიდნენ. პოსტის ქვემოთ ვიკითხე, „სანსეტ შოვის“ გვერდის ადმინისტრატორად მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი ხომ არ დანიშნეს მეთქი. მეორე დღეს დეპუტატის ბიუროს უფროსი დამიკავშირდა და კომენტარის წაშლა მომთხოვა. უარი მიიღო, რის შემდეგაც დამემუქრა“, - ამბობს ეთრ არსანიძე. გთავაზობთ ნაწყვეტს აუდიოჩანაწერიდან:

ქრისტინე კობახიძე: „მე შენ არ შეგხებივარ არასდროს. მე მომიხსენიებ იმ კომენტარში და შენ ამის უფლება არ გაქვს. მე შენ გეუბნები, ახლა გეუბნები საბოლოოდ, არასოდეს არ გაბედო ჩემი მოხსენიება სადმე, თორემ მერე განახებ.

ეთერ არსანიძე: რას მანახებ? რას მემუქრები.

ქ.კ: მერე განახებ!

ე.ა: შენ საჯარო მოხელე რომ ხარ, ხომ არ გავიწყდება? ვინ მოგცა უფლება რომ აზრის გამოხატვას მიკრძალავ?

ქ.კ: მე შენ არასდროს შეგხებივარ.

ე.ა: მე ჯერ კიდევ კერძო პირი ვარ, შენ კი საჯარო მოხელე.

ქ.კ: ვერ უნდა შემეხო.

ე.ა: რატომ ვერ უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი?

ქ.კ: რატომ უნდა გამოთქვა? რა შუაში ხარ შენ „სანსეტ შოვი“ რას დაწერს დეპუტატზე? რა გაგიფუჭა მისმა პოსტმა?

ე.ა: სასაცილოა რაზედ მედავები.

ქ.კ: ბევრ რამეში ხარ შენ შეიძლება სასაცილო, მაგრამ ვინმე რამეს გიწერს შვილო? ვინმე გეხება საერთოდ?

არც დეპუტატს და არც მის ბიუროს შენი რაიონისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და რატომ ხარ შენ ასე კრიტიკულად განწყობილი, ვინმემ რამე გაგიფუჭა? შენ რატომ ხარ ფიგურა, რატომ ფიქრობ, რომ შენ გაქვს უფლება ბიუროს თანამშრომლებზე რამე დაწერო? ეთო, მომისმინე, საბოლოოდ გეუბნები! ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, არასდროს არ გაბედო ჩემი მოხსენიება.

პოტენციურად როგორი კარგი გოგო ხარ და როგორ იფუჭებ თავს. სხვების მოხსენიებას თავს თუ დაანებებ, ბევრად წარმატებული გოგო იქნები. შენ არავინ გეხება და შენ ეხები ყველას. არასდროს არ გაბედო ჩვენი მოხსენიება იქ, სადაც ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. გაიგე?! მე არ უნდა მომიხსენიო, გაიგე?“

ალეკო სარდანაშვილი მეღვინეა, რაჭის სათემო ორგანიზაციის აქტივობებში ხშირად მონაწილეობს და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციითაც გამოირჩევა. რაჭაში სულ რამდენიმე ადამიანი ვიცით, ვინც კრიტიკულ მოსაზრებებს ხმამაღლა გამოთქვამს. ალეკოს თვითონ მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძისგან აქვს მიღებული წერილი: არ ისვენებ.

„არაერთხელ მოუტანიათ მისი მუქარა ჩემთან და დამმუქრებია მისი ბიუროს უფროსიც, რომელიც მხოლოდ საკრებულოს წევრი არა, მერი, საკრებულოს თავჯდომარე და გუბერნატორიცაა. ასეთი მმართველობის ფორმაა ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნავს ალეკო სარდანაშვილი.

ქრისტინე კობახიძე რეგიონში გავლენით სარგებლობს. „მთის ამბებს“ აქვს ინფორმაცია, რომ ის ხშირად ერევა მუნიციპალური ორგანოების საქმიანობაშიც. ამაზე ცალკე გიამბობთ.

„მთის ამბები“ ქრისტინე კობახიძეს დაუკავშირდა კითხვით, რატომ ემუქრება სამოქალაქო აქტივისტებს და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. მან კომენტარი არ გააკეთა.

რაჭის სათემო ორგანიზაცია 2020 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია რამდენიმე დღის რეგისტრირებული იყო, მუნიციპალური ხელისუფლების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლების ზეწოლის შედეგად, განსაკუთრებით ონის რაიონში, რამდენიმე ახალგაზრდამ ეგრევე უარი თქვა სათემო ორგანიზაციის წევრობაზე. განსაკუთრებით ონის მაშინდელი მერი ემზარ საბანაძე აქტიურობდა, მისი შვილი კახა საბანაძე იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

წინასაახალწლოდ, ამბროლაურის ცენტრში ასფალტში ჩარჭობილ ნაძვის ხეს რომ დავუბრუნდეთ - ამბროლაურის მერს ზვიად მხეიძეს ვკითხეთ, საიდან მოიტანეს და აქვთ თუ არა მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. „ეს არის მოთხრილ-მოტეხილი მუნიციპალურ ტყეში, შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტყეც გავასუფთავეთ და საახალწლოდაც გამოვიყენეთ. ფოტოებიც გვაქვს, რომ მოტეხილი იყო.

- შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ფოტოები, რომელიც თქვენი თქმით, ადასტურებს, რომ წიწვოვანი მოტეხილი იყო?

- სურათი თან არ მაქვს, ხვალ. ტოტებზე არ ეტყობა? დამტვრეული აქვს და მიამაგრეს მოტეხილი ტოტები.

- იქნებ მოჭრის ან დაცემის დროს დაზიანდა ტოტები? თქვენ მოგწონთ ცოცხალი ნაძვის ხე შუა გზაში, ასფალტში ჩარჭობილი? ამით ხომ შეიძლება სხვებსაც უბიძგოთ, რომ საახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეები მოჭრან?

- ჯერ არ დასრულებულა რაც უნდა გაკეთდეს. დავაცადოთ, მორთონ და საბოლოოდ რომ გაკეთდება, მერე შევაფასოთ რა იქნება“.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.

წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„მთის ამბებმა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე მიმართა, შეისწავლონ ამბროლაურის ცენტრში ჩარჭობილი ნაძვის ხე რამდენად კანონიერად არის მოპოვებული. ამბროლაურის მერიიდან შესაბამის დოკუმენტაციას ჩვენც გამოვითხოვთ.

 

რედაქციისაგან: მხარდაჭერას ვუცხადებთ რაჭის სათემო ორგანიზაციის აქტივისტსა და ჩვენს პარტნიორს ეთერ არსანიძეს, რომელთან ერთადაც, საინფორმაციო ცენტრების ქსელი („მთის ამბების“ გამომცემელი ორგანიზაცია) უახლოეს პერიოდში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სათემო მედიის დაფუძნებას გეგმავს. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს, ასევე, მისი ბიუროს უფროსს ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მუქარა და ზეწოლა კრიტიკულად განწყობილ სათემო აქტივისტებზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში