საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ დევნის ხელისუფლება ხადელებს გზის მშენებლობისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:19 - 10 დეკემბერი 2021 hits 14834
სახლის დანგრევა სოფელ წკერეში
საზოგადოება
სახლის დანგრევა სოფელ წკერეში

ხადის ხეობაში ყველამ ასე იცოდა, რომ ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობისთვის ხადის სოფლებში არცერთ სახლს არ დაანგრევდნენ. წკერეში ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე დაანგრიეს. იძულებითი განსახლება ემუქრება სოფელ როსტიანს, არადა გარემოზე ზემოქმედების შეფასების 692 გვერდიან დოკუმენტში ამაზე არაფერია ნათქვამი. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სოფელ არახვეთის მცხოვრებლების წინააღმდეგ და მათ ე.წ. მამაპაპისეული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას ედავება. ეს ნაკვეთები ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ზონაშია. პროკურატურა ითხოვს, ვისაც კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს, ნაკვეთთან ერთად სახელმწიფოს უკან დაუბრუნოს. თუ ნებით არ იზამენ, დააპატიმრებენ. პროექტი რვა სოფელს ეხება და ხადის ხეობას მთლიანად აზიანებს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ სამ სოფელში რამდენიმე მოსახლემ გადაწყვიტა. გზის მშენებლობის ნებართვა სასამართლოშია გასაჩივრებული, მაგრამ სამუშაოები უკვე დაიწყო.

 

დანგრევა და იძულებითი განსახლება

ქვით ნაშენი და ხის აივნიანი ძველი მთიულური სახლი წკერეს დაახლოებით 1950 წლიდან ამშვენებდა. სახლი ზაქაიძეების საკუთრება იყო. ნიკო ზაქაიძის ოჯახი წკერედან ქალაქ რუსთავში 20 წლის წინ გადასახლდა, როცა ბავშვები სასკოლო ასაკის გახდნენ, ხადაში კი დაწყებითი სკოლაც აღარ იყო. მას შემდეგ წკერეში მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობდნენ.  ნიკოს შვილებმა რამდენიმე თვის წინ გაიგეს, რომ მამაპაპისეული სახლი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ზონაში მოხვდა და უნდა დაენგრიათ. სახლი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოისყიდა, 4 დეკემბერს კი ტრაქტორი მიაყენეს და დაანგრიეს.

„სახლს ანგრევდნენ ძალიან ცუდი სიტყვაა. სახლს არ ანგრევდნენ, სახლს შლიდნენ. ყოფილ მესაკუთრეს თუ სურვილი აქვს, შეუძლია სახლის მასალა წაიღოს იქ, სადაც თვითონ უნდა. მოქალაქემ ითხოვა, ტექნიკა დახმარებოდა სახლის დაშლაში. მასთან ერთად მოხდა ამ სახლის დაშლა. დანგრევა არის იძულებითი ღონისძიების განხორციელება. მოხდა სახლის დაშლა“, - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია ხელისუფლების კეთილ ნებას უწოდებს სოფელ როსტიანის მცხოვრებლების განსახლებასაც, რომელსაც იძულების ხასიათი უფრო აქვს: სოფელი მთის ძირშია. დასახლების ზემოთ, დაახლოებით 200 მეტრში, მთაზე 15 მეტრის სიგანის გზას ჭრიან. მოჭრილ მიწას იქვე ყრიან, უზარმაზარი ქვები გორდება და პირდაპის იმ სახლს უმიზნებს, სადაც მუდმივად მცხოვრები ნიკო როსტიაშვილისა და სოფიო აფციაურის ერთადერთი ოჯახია შემორჩენილი.

86 წლის ნიკო პაპა როსტიანის მოპირდაპირედ, მდინარის მეორე მხარეს გაჩენილი მეწყრისკენ იშვერს ხელს: „იქ სოფელი ქოროღოა. გზა არასდროს ჰქონია. ბოლოს ერთი კაცი იყო, ისიც წავიდა. მერე დაბრუნდა. მარხილის გზა გაჭრა ტრაქტორით, იქ ცხოვრება უნდოდა. მთიდან წამოსულმა წყალმა გათხრილი გზა წაიღო და ფერდი მთლიანად დამეწყრა. წავიდა ის კაციც მერე აქედან და არაგვისპირში ცხოვრობს. დარჩა ქოროღო ნასოფლარი. ეგრე ემუქრება ჩვენს სოფელსაც. ეს მთა რომ გაჭრეს, ვეღარ დაიჭერენ და ჩაგვიტანს მდინარეში. აქამდე მარტო ზვავის მეშინოდა, ახლა მეწყერიც იქნება“.

რატომ ვერ თუ არ უნდა გაეთვალისწინებინა გზების დეპარტამენტს ის რისკები, რაც როსტიანს დაემუქრებოდა? მეწყერი სვიანა-როსტიანის ქვედა ნაწილშიც კი არის განვითარებული.

„თავიდანვე ნათელი იყო, რომ პროექტის შუაგულში არსებულ სოფელზე ზემოქმედება იქნებოდა. აზიის განვითარების ბანკის მენეჯმენტისა და დირექტორთა საბჭოსთვის რომ ეჩვენებინათ, თითქოს აქ დიდი პრობლემები არ არის, ცოტა რთულ გეოლოგიურ ტერიტორიაზე გავდივართ და ამიტომ ჯდება პროექტი ასე ძვირი, ეს იყო მიზანი, რომ საფრთხეები რაც შეიძლება მიეჩქმალათ“, - ასე ხსნის „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელი დირექტორი მანანა ქოჩლაძე იმას, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის არცერთ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი როსტიანიდან იძულებითი განსახლების შესახებ.

ნიკო პაპა არ გაჩერდა და იჩივლა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, როსტიანში სახლები და დამხმარე ნაგებობები არამდგრადია მშენებლობის ცუდი სტანდარტებისა და ხანდაზმულობის გამო. გზების დეპარტამენტმა როსტიანის მცხოვრებლებს მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზა გარკვეული კომპენსაციები. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამას სოციალურ ღონისძიებას უწოდებს და არა იძულებით განსახლებას:

„ეს სოფელი განსახლებას არ ექვემდებარება. სულ 7 სახლია. ექსპერტებს შემოწმება ჩვენ დავუკვეთეთ. სახლები საექსპლუატაციოდ უვარგისია და მანდ ცხოვრება დაუშვებელია. შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს. ამ ადამიანებს რომ მიეცეთ შესაძლებლობა იქ იცხოვრონ, ვგეგმავთ სოციალური ღონისძიების განხორციელებას. ნაგებობებთან მიმართებით კომპენსაციის გაცემას, რომ გაამაგრონ ან ახალი სახლი ააშენონ. ეს არის კეთილი ნება. გზის მშენებლობას კავშირი არ აქვს. მაგისტრალი გავლენას ვერ მოახდენს. ეს სოციალური პროექტია“.

ოქტომბრის ბოლოს ნიკოლოზ როსტიაშვილს აცნობეს, კომპენსაცია რომ გადაუხადონ, მიწა, რაზედაც სახლი დგას, საჯარო რეესტრში საკუთრებად უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული.

 

გამოძიება არახვეთელების წინააღმდეგ

სწორედ ამ მიზეზით, სოფელ არახვეთის მცხოვრებლებმა, 2020 წელს, მასობრივად მიმართეს საჯარო რეესტრის სააგენტოს და ე.წ. მამაპაპისეული მიწები საკუთრებად დაირეგისტრირეს. არახვეთიც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ზონაშია მოქცეული. მას შემდეგ, რაც გზისა და გვირაბის მშენებლობა დაიწყო, არახვეთის მცხოვრებლების მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ნუგზარ ბურდული გორის პროკურატურაში სამი კვირის წინ დაკითხეს: „სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით მითვისებას მედავებიან. მითხრეს, რომ დანაშაული უნდა ვაღიარო და მიწა სახელმწიფოს დავუბრუნო. თანასოფლელებმა, ვინც ხელი მომიწერეს, რომ ის ნაკვეთი ნამდვილად მამაპაპისეული იყო და ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა, მათაც თაღლითობას ედავებიან. გამაფრთხილეს, თუ დანაშაულს ვაღიარებ, მსუბუქად დამთავრდება. აღიარებაზე უარი ვუთხარი. რეესტრმა ეს მიწა ყველა წესის დაცვით დამიკანონა. არც მოდავე მყავს ვინმე. ამ სოფელში ერთი გვარის ხალხი ვცხოვრობთ. აქ ყველამ ვიცით, ვისი რა არის“.

გუდაურის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს ადგილობრივი იური ბურდულიც. „გამომძიებელმა მითხრა, რომ ეს მიწა ვერ იქნებოდა სამეურნეო დანიშნულების, რადგან ფერდზეა და მაღალი დახრილობა აქვს. ვკითხე, რის მიხედვით საზღვრავთ ფერდობს რა დახრილობა უნდა ჰქონდეს, გრადუსებით თუ რამე ნუსხა არსებობს მეთქი. ასეთი სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ ასეაო. რა კანონიც არსებობს, იმის მიხედვით დავირეგისტრირე. რეესტრს 2020 წელს მივმართე. ძველი მიღება-ჩაბარების აქტიც მქონდა. ახლა თუ შეღობილი არაა, ჩემი არ არის? მცირემიწიანია მთიულეთი, აქ ყველა ნაკვეთს და ფერდს იყენებდნენ ჩვენი მამა-პაპები. მთავრობა ფინალში რომ გავიდა და ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელება დაიწყო, ახლა უკან მოგვიბრუნდნენ. გამასამართლებენ, წამართმევენ,  ფულსაც დამაბრუნებინებენ და სასჯელსაც მომისჯიან. მოწმეებს, მეზობლებს, ვინც ხელი მოგვიწერეს, ეკითხებიან, რა ახსოვთ, იქ ქერი იყო დათესილი, ნიორი თუ კარტოფილი. ბოლომდე ვიბრძოლებ“, - დაკითხვაზე იური ბურდულსაც უთხრეს, რომ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, სასჯელის არიდების, შემსუბუქების ორი გზა არსებობს - განრიდება ან საპროცესო შეთანხმება. თუ არ აღიარებს, გაასამართლებენ და 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არახვეთელმა ვახტანგ ბურდულმა ქვეშეთი-გუდაურის გზის პირას მდებარე, 190 კვმ მამაპაპისეული მიწა, დუშეთის მუნიციპალიტეტისგან, გასულ წელს, სამართლებრივი დავის შედეგად დაიბრუნა. მუნიციპალიტეტს ეს ნაკვეთი საკუთრებაში, გვერდით მდებარე მიწაზე რიტუალების სახლის აშენების შემდეგ მოუქცევია. 2021 წელს რეესტრმა ნაკვეთი ვახტანგ ბურდულის საკუთრებად აღრიცხა. ეს ნაკვეთიც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის არეალში მოხვდა. ვიდრე გზების დეპარტამენტი ნაკვეთს გამოისყიდდა, პროკურატურაში გამოძიება ვახტანგ ბურდულის მიერ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზეც დაიწყო.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა თაღლითობას არახვეთში მცხოვრებ 20-მდე პირს ედავება.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ  2021 წლის 05 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და სადავო ნაკვეთებს ყადაღა დაადო.

განჩინებიდან ირკვევა, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 180-ე (თაღლითობა დიდი ოდენობით), 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 362-ე მუხლებით (ყალბი დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). თაღლითობის დამტკიცების შემთხვევაში არახვეთის მცხოვრებლებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ელით, ქვეშეთში დუშეთის მერის წარმომადგენელს კი, რომელსაც პროკურატურა ყალბი ცნობების გაცემას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა. 

 

ექსპროპრიაცია

მთელ ხადის ხეობაში ერთი ოჯახი ვნახეთ, რომელმაც გზების დეპარტამენტს მიწის მიყიდვაზე უარი უთხრა. სოფელ ბენიანში გიგა ჩოხელის სახლიდან ქვეშეთი-კობის მაგისტრალმა 100 მეტრში უნდა გაიაროს. ოჯახის კუთვნილი ერთი ნაკვეთი, სადაც კარტოფილი მოჰყავთ, მაგისტრალის მეორე მხარეს რჩება და იქამდე მისვლა მხოლოდ შემოვლით, საქონლის გადასარეკი გზით იქნება შესაძლებელი. შემოსავლელით სახლიდან ნაკვეთამდე მისასვლელი გზა 1.5 კილომეტრით გრძელდება. ექსპროპრიაციამდე, რაც სახელმწიფოს მიერ საკუთრების იძულებით ჩამორთმევას გულისხმობს, გიგას კიდევ ერთხელ შეხვდნენ გზების დეპარტამენტში და მამაპაპისეული ნაკვეთის ფართობის გაზრდა შესთავაზეს. კვადრატულ მეტრში 20 ლარის გადახდას დაპირდნენ. გიგა ფიქრობს, რომ მისი მოსყიდვა სურდათ. დეპარტამენტის შეთავაზებაზე უარი ორი მიზეზით თქვა: პირველი, ნაკვეთს არ ყიდის, რადგან ხადის ხეობაში ქვეშეთი-კობის გზის გაყვანის წინააღმდეგია და მეორე, ამ წინადადების მიღების შემდეგ, შესაძლოა, მის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ.

უარის შემდეგ, გზების დეპარტამენტმა გიგა ჩოხელის ოჯახის წინააღმდეგ, 2 ნაკვეთის, ჯამში 1442 კვმ-ის ექსპროპრიაციის მოთხოვნით, სასამართლოს 30 აგვისტოს მიმართა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დეპარტამენტის მოთხოვნა 6 დღეში დააკმაყოფილა. გიგამ მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ექსპროპრიაციის გაუქმებას ითხოვს.

 

რა სარგებელს ვიღებთ ამ გზით?

თუ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისთვის მიწის იძულებით ჩამორთმევის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება 6 დღეში მიიღო, ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გიგა ჩოხელმა და „მწვანე ალტერნატივამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოსამართლე ნანა აფციაურს ჯერ საქმის განხილვაც კი არ დაუწყია.

ამასობაში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კმ-იანი გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორის არის 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომელიც გზების დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

„ხადის ხეობაში ხიდს და გვირაბს წარმოგვიდგენენ როგორც ღირსშესანიშნაობას და ასეთი მიდგომა თავიდანვე მიუღებელი უნდა იყოს“, - მანანა ქოჩლაძის თქმით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი ისე დამტკიცდა, რომ ისტორიულ-კულტურული ნაგებობების სიმრავლით გამორჩეულ ხადის ხეობაში, კულტურული მემკვიდრეობაც კი არ ჰქონდათ საკმარისად შესწავლილი: „ამის მაგალითია ის, რომ შემდეგ მომზადდა ინვენტარიზაცია და იქ გამოავლინეს კიდევ 130-მდე კულტურული ღირებულების ობიექტი, რომელიც პირველად ინვენტარიზაციაში საერთოდ ვერ მოხვდა“. 2020 წელს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS), რომელიც UNESCO-თან ასოცირებული ორგანიზაციაა, ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ მემკვიდრეობად გამოაცხადა.

მთავარ პრობლემებს შორის სწორედ ხადის ხეობის დაზიანება და ალტერნატიული მარშრუტის ვარიანტების არასათანადოდ განხილვაა დასახელებული „მწვანე ალტერნატივას“ მიერ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საჩივრების კომისიისთვის წარდგენილ საჩივარში.

საჩივარი დასაშვებად ცნეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მისი შესწავლა ძალიან დაგვიანდა. ADB-ის ექსპერტები საქართველოში ოქტომბერ-ნოემბერში ჩამოვიდნენ.

მანანა ქოჩლაძეს ვკითხეთ, რა შეიძლება ახლა შეიცვალოს, როცა გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია: „გვირაბი ამ პროექტში ყველაზე ნაკლებად პრობლემური საკითხია. აქ მთელი პრობლემაა გზები და ხიდები, რომლებიც ხადის ხეობაში იქნება გაყვანილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამხელა ზემოქმედება რაც შეიძლება მეტად იყოს დამალული. ანუ, სადაც არ არის საჭირო დამატებითი ხიდის თუ ინფრასტრუქტურის მოწყობა, ის არ უნდა მოეწყოს. ექსპერტები ასევე იკვლევენ, ალტერნატივების შესწავლა რამდენად მოხდა, თუმცა როგორც ჩვენ ვხედავთ, დაგვიანებულია ეს საკითხი“.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობა აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) მიერ გამოყოფილი სესხით ხორციელდება. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად გზის გამტარუნარიანობის გაზრდას ასახელებს. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ნაწილია. ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზამთარში გზა ხშირად ზედიზედ რამდენიმე დღით ხშირად იკეტება და ორივე მხარეს, თურქეთის, სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის გადამზიდავი კომპანიების სატვირთო მანქანების გრძელი რიგები დგას. ჯვრის უღელტეხილი როცა ჩაკეტილია, ეს პრობლემებს უქმნის ყაზბეგის მცხოვრებლებსაც. სატრანზიტო მანქანების მოძრაობით გადატვირთულია კურორტი გუდაურიც.

უსაფრთხო გზა აუცილებელია, არა მხოლოდ ჯვრის უღელტეხილზე, არამედ ხადის ხეობაშიც, სადაც ადამიანები ძირითადად ზაფხულში ცხოვრობენ, ზამთარში კი გზას არავინ უვლის და იძულებული არიან, ხეობა დატოვონ.

მანანა ქოჩლაძე ყურადღებას ამახვილებს ქვეშეთი-კობის გზის ეკონომიკურ სარგებელზე: „თვითონ აზიის განვითარების ბანკის დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს ტრანსპორტის პოლიტიკაა შეფასებული, გვეუბნება, რომ სატრანზიტო პოლიტიკა საქართველოში არაეფექტურია.

ის ფული, რომელსაც გადამზიდავები ადგილზე იხდიან ტრანსპორტირებისთვის, არის იმაზე 2/3-ით ნაკლები, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი ხარჯავს გზებისთვის. ვამბობთ, რომ ტრანზიტით, გადაზიდვებით ჩვენ ვზრდით ქვეყნის ეკონომიკურ სარგებელს, თუმცა სინამდვილეში ადგილობრივი გადასახადის გადამხდელები სუბსიდირებას უკეთებენ საერთაშორისო ტვირთების ტრანზიტს.

თან, ვაზიანებთ ხადას. ეს არის კულტურული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ხეობა. ახლოს არის თბილისთან და ბოლო პერიოდში ტურიზმის განვითარება დაიწყო. ცუდად გაკეთებული კვლევების გამო საფრთხე ემუქრება კულტურულ მემკვიდრეობას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის არ არის არანაირი სარგებელი. გზასაც კი არ უკეთებდნენ, ვიდრე მოსახლეობამ ჩხუბი არ დაიწყო. გადასახდელი გვექნება ამხელა სესხი. ეს პროექტი არ ემსახურება კონკრეტული კუთხის განვითარებას. ამ გზას გარკვეული დადებითი ზემოქმედება ექნება გუდაურის განვითარებაზე, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან ხეობაზე გაეტარებინათ ქვეშეთი-კობის გზა“.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, სადაც დეტალურად არის აღწერილი, რატომ არის ეს გზა საჭირო, რა ალტერნატივები იყო განხილული, რამ განაპირობა გზის ამ ვარიანტისთვის უპირატესობის მინიჭება და ა.შ. საჯარო აღარ არის. 

ეს დოკუმენტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის 24 სექტემბრის N230 ბრძანებით კომერციულ საიდუმლოებად მას შემდეგ მიიჩნია, რაც მისი მიწოდება „მწვანე ალტერნატივამ“ მოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გასაიდუმლოების ბრძანება სასამართლოში გასულ წელს გაასაჩივრა. ეს საქმეც ამ დრომდე განუხილველია.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ნატახტარიდან ლარსისკენ (საქართველო-რუსეთის საზღვარი) მიმავალი გზის ნაწილია. იწყება ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის გაფართოებით და ქვეშეთი-კობის გავლით, რუსეთის მიმართულებით გრძელდება. სავარაუდოდ, განსახლების კუთხით უფრო მეტი პრობლემა გვექნება ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთზე, რადგან ეს ტერიტორია უფრო მჭიდროდ არის დასახლებული. „ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში განსაზღვრულია რამდენიმე ალტერნატივა. მოქალაქეს რომ არ შეექმნას არასწორი წარმოდგენა - მისი ნაკვეთი დაექვემდებარება განსახლებას, ან არ გაუჩნდეს არასწორი მოლოდინი და არ იქნას ეს აღქმული ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად, ამიტომ ვიდრე დეტალური პროექტი არ დამუშავდება მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ქვეშეთი-კობის ნაწილი ცალკე არ არის გამოყოფილი და შეუძლებელია მისი გაცემა“, - განმარტავს სალომე წურწუმია.

რას მიიღებს ხადის ხეობა ამ პროექტის განხორციელების სანაცვლოდ? ამჟამინდელი დაპირებით: მოასფალტებულ გზას ქვეშეთიდან წკერემდე, რომელსაც ბენიანთან ცენტრალურ მაგისტრალთანაც დააერთებენ. რამდენიმე ოჯახი სასმელი წყლის ახალ ქსელს - დაგეგმილია წყალშემკრები ავზის რეაბილიტაცია და მილების შეცვლა; ხადის ხეობის განვითარების გეგმას, რომ თუ ხეობაში ხალხი დაბრუნდება, ის ქაოსურად არ განვითარდეს.

„მთის ამბები“ ცალკე ინტერვიუებს შემოგთავაზებთ მანანა ქოჩლაძესთან და სალომე წურწუმიასთან.

ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge-ს მულტიმედია რეპორტიორი. პროფესიით ისტორიკოსია. აშუქებს გარემოს დაცვის, სოციალურ და მაღალმთიანი რეგიონების თემებს. E-mail: [email protected] 

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში