საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ICOMOS-მა ხადის ხეობა მსოფლიოში საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:25 - 12 იანვარი 2021 hits 26966

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS), რომელიც UNESCO-თან ასოცირებული ორგანიზაციაა, ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ მემკვიდრეობად გამოაცხადა.

ანგარიშში, რომელიც 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და 2016-2019 წლების პერიოდს მოიცავს, საქართველოდან საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლებსა და ადგილებს შორის, ხადის ხეობასთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და ძველი ბათუმია შეტანილი.

ICOMOS-ის შეფასებით, სპეციალური კვლევების გარეშე ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი საგანგაშო ვითარებას შექმნის ხადის ისტორიული ხეობისთვის, რომელიც ხასიათდება არქეოლოგიის, ბუნების, ისტორიისა და არქიტექტურის უდავოდ გამორჩეული ძეგლების სიუხვითა და მთლიანობით.

ჟინვალი-ლარსის გზის პროექტის პირველი - ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ყველაზე რთულია და მისი ძირითადი ნაწილის განხორციელება დაგეგმილია მრავალმხრივ განსაკუთრებულ ხადის ხეობაში. აუცილებელია შესწავლილი იქნეს პროექტის გავლენა ამ რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობაზე.

2018 წლის ივლისში, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის წერილის პასუხად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღნიშნავდა, რომ ხადის ხეობა ხასიათდება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით და ეს ადგილები სრულად არ იყო იდენტიფიცირებული, შესწავლილი. სააგენტო ასევე აცხადებდა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ იყო ჩატარებული და ტერიტორიის არქეოლოგიური შეფასების დოკუმენტაცია, რასაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი ითხოვს, არ ყოფილა წარდგენილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის.

ხეობაში შემთხვევით ნაპოვნი არქეოლოგიური ნაშთები ადასტურებს ენეოლითის პერიოდიდან იქ დამიანის უწყვეტ ცხოვრებას. კლდის ციხესიმაგრეები, გაფანტული ცალკეული კოშკები, ეკლესიები, მემორიალური ადგილები (კაიშაურის პლატო, ძველი სასაფლაოები), წარწერებიანი ქვები და მაღალი ჯვრები ჰარმონიულ ერთიანობას ქმნის ამ ჯადოსნურ, ხელუხლებელ ბუნებრივ გარემოში მაშინ, როცა მისი კულტურული და ისტორიული ღირებულება ჯერ არ არის შესწავლილი და შეფასებული.

არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები - ეკლესიები, ხუთიდან შვიდი მეტრი სიმაღლის კოშკები, ქვის კედლები და სხვა ნაგებობები (მე–9, მე–10, მე–18 და მე–19 საუკუნეები) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სერიოზულ მოვლას საჭიროებს მათი ასაკისა და ფიქალის ქვის მშრალი კონსტრუქციის გამო. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ისტორიული ნაგებობების ერთი ჯგუფი დაგეგმილი სამშენებლო ზონიდან მხოლოდ 50 მეტრით არის დაშორებული, რაც მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს.

რისკი ძალიან მაღალია ამ პატარა ხეობისა და მისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის, რომლებიც განლაგებულია პროექტის დერეფნის გასწვრივ გზებიდან 50 მეტრის მანძილზე, რადგან არ არსებობს სპეციალური ინვენტარიზაცია და არ ხდება ამ ადგილების აღრიცხვა და შესწავლა. ეს სერიოზულ ეჭვს იწვევს პროექტის მიმართ.

ამ ტერიტორიაზე, რომელსაც დიდი კულტურული და ტურისტული პოტენციალი აქვს, გზის პროექტის განხორციელება სეროზული ზიანის მომტანი იქნება ბუნებისთვის, კულტურული მემკვიდრეობისთვის, ადგილობრივი თემებისთვის და მომავალში მიგვიყვანს ხეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო რესურსების შეუქცევად არასწორ გამოყენებამდე.

საკითხის სიმძიმე პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას ჩვენთაგანს, რომ დავიცვათ და გადავარჩინოთ ხადის ხეობა და სასწრაფოდ მოვითხოვოთ ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება „ჟინვალი-ლარსის გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე“, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს გამორჩეულ ხადის ხეობას, მის ფასდაუდებელ ლანდშაფტებს და კულტურულ მემკვიდრეობას.

საქართველოს მთავრობა ხადის ხეობის გავლით, ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის დაწყებას წელს გეგმავს. უკვე ჩამოიყვანეს სპეციალური გვირაბგამყვანი მანქანა, რომელიც გზების დეპარტამენტის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დანადგარია და მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

ხელისუფლება ახალი გზის საჭიროებას, ზამთარში ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზაზე საავტომობილო მიმოსვლის ხშირი წყვეტით ხსნის. გზების დეპარტამენტის მონაცემებით, ზამთარში გზა ყოველწლიურად, საშუალოდ წელიწადში 44 დღით იკეტება. უამინდობის დროს ყაზბეგთან დაკავშირება ზოგჯერ ვერტმფრენითაც შეუძლებელია. რთული მეტეოროლოგიური პირობები ყველაზე მეტად სატრანზიტო მიმოსვლას აფერხებს და მცხეთა-მლეთის მონაკვეთზე, რუსეთისკენ მიმავალი ასობით სატვირთო, სამგზავრო და მსუბუქი მანქანების გრძელი რიგი დგება.

ახალ გზას ჩინური კომპანია „China Railway 23rd Bureau Group Co“ ააშენებს. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საკმაოდ იშვიათია, არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. გვირაბი სოფელ წკერესთან დაიწყება, მილიონას უღელტეხილის ქვეშ გაივლის და სოფელ კობთან დასრულდება. პროექტის მიხედვით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, 35 კმ-იანი გზა 12 კმ-ით შემცირდება. ქვეშეთიდან კობში მოხვედრას, ერთი საათის ნაცვლად, 20 წუთი დასჭირდება.

მთიულეთის მოსახლეობის და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილი ხადის ხეობის გავლით სატრანზიტო გზის გაყვანის წინააღმდეგია.

პროექტის ღირებულება 558,6 მილიონი დოლარია. აზიის განვითარების ბანკმა სესხის სახით 415 მილიონი დოლარი უკვე გამოყო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პროექტს 60 მილიონი დოლარით დააფინანსებს, დანარჩენს, 83 მილიონ დოლარს კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

უსაფრთხოების საკითხებში ქართველი ექსპერტების თქმით, გამორიცხული არ არის ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალი რუსეთმა სამხედრო დანიშნულებით გამოიყენოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში