საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მესტია ყველაზე ღარიბ რაიონებს შორის პირველ ადგილზეა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:58 - 27 ნოემბერი 2021 hits 7093
ფოტოზე - კახა კუჭავა, კაპიტონ ჟორჟოლიანი, ვიქტორ ჯაფარიძე, გოჩა ენუქიძე, სოზარ სუბარი
საზოგადოება
ფოტოზე - კახა კუჭავა, კაპიტონ ჟორჟოლიანი, ვიქტორ ჯაფარიძე, გოჩა ენუქიძე, სოზარ სუბარი

მესტიის მუნიციპალიტეტი საქართველოში ყველაზე ღარიბ რაიონებს შორის პირველ ადგილზეა. ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონში მოსახლეობის 70 %, 6519 ადამიანი ღატაკებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებს. ფულადი დახმარება დანიშნული აქვთ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს, ისეთ პირებსაც კი, ვინც ტენდერებს იგებენ, სახერხი საამქროები, საოჯახო სასტუმროები და სხვა კომერციული ობიექტები აქვთ. 2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 7 %-ით გაიზარდა. სიღატაკის ასეთი მაღალი მაჩვენებელი საქართველოს არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს.

რამდენი ადამიანი იღებდა მესტიის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობას - სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებს 2008 წლიდან გავეცანით. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საქართველოში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. პროგრამის მიზანი ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებაა.

2012 წლის ჩათვლით, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მხოლოდ 25 % იყო სოციალური დახმარების მიმღები.

  • 2008 წელს - 10 % - 1482 ადამიანი;
  • 2009 წელს - 16 % - 2296 ადამიანი;
  • 2010 წელს - 16 % - 2301 ადამიანი;
  • 2011 წელს - 20 % - 2829 ადამიანი;
  • 2012 წელს - 3674 ადამიანი;
  • 2013 წელს - 25.2 % - 3680 ადამიანი;
  • 2014 წელს - 26.2 % - 3792 ადამიანი;
  • 2015 წელს - 36 % - 3344 ადამიანი;
  • 2016 წელს - 45.1 % - 4197 ადამიანი;
  • 2017 წელს - 48.5 % - 4514 ადამიანი;
  • 2018 წელს - 49.9 % - 4644 ადამიანი;
  • 2019 წელს - 51.8 % - 4816 ადამიანი;
  • 2020 წელს - 63.3 % - 5888 ადამიანი;
  • 2021 წელს - 70.1 % - 6519 ადამიანი.

ამ მონაცემების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაღატაკება 2015 წლიდან გაიზარდა. არადა, ამ პერიოდში ზემო სვანეთი უკვე ტურისტების ყურადღების ცენტრშია მოქცეული - მესტიის ძირითადი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულებულია, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა აღდგენილი, აეროპორტი და სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი გახსნილი. მესტიას, რომლის სოფლებსაც ცოცხალი ეთნოგრაფიული მუზეუმი შეარქვეს, ყოველწლიურად სტუმრობს 100 ათასზე მეტი ვიზიტორი.

რამ განაპირობა საარსებო შემწეობის მიმღებთა ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა? შეიძლება იყოს ეს კორონავირუსის პანდემიის შედეგი, მოსახლეობის გაღატაკება ამ და სხვა მიზეზით, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სამივე ერთად, კორუფცია თუ რამე სხვა? სამოქალაქო აქტივისტების, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოსაზრებები და სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება ერთმანეთისგან განსხვავდება.

„მე პირადად მრცხვენია. სვანეთში არ უნდა იყოს სიღატაკის ასეთი ზრდა.

შეიძლება გარკვეული რაოდენობის ოჯახები იყვნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, მაგრამ ეს მონაცემები ზღვარგადასულია. პანდემიაც ვერ გამოიწვევდა ამას, არ ჰქონია ასეთი ზეგავლენა.

ხელისუფლებამ საარჩევნოდ სოციალური დახმარების მიმღები ხალხი სათავისოდ რომ გამოიყენოს, ეს უფრო მგონია ნამდვილი მიზეზი. მიუკერძოებელი მონიტორინგი რომ ხდებოდეს, გამოვლინდებოდა, სინამდვილეში ვის ეკუთვნის დახმარება. „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო და ბოლოსწინა არჩევნებზეც, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი წაიღო სვანეთიდან და თუ ყველაზე ღარიბი რაიონია, როგორ მოახერხეს ასეთი უპირატესობით მოგება?“- მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მცხოვრები მიმოზა ჭკადუა საჯარო სკოლაში ფინანსისტად მუშაობს. მისი ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი 320 ლარია, მაგრამ როგორც მიმოზა ამბობს, არასდროს ჰქონია მცდელობა, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დახმარების დანიშვნის თხოვნით მიემართა: „ოჯახში შრომისუნარიანი ადამიანები ვართ. ვშრომობთ, მოსავალიც მოგვყავს“.

„კორონავირუსის პანდემიას ვერც მე დავაბრალებ იმ ადამიანების რიცხვის ასეთ ზრდას, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ.

სოციალური დახმარების მიმღებთა სიას რომ ჩავხედე, მეგონა, მეხუმრებოდნენ, ისეთი ოჯახები და ადამიანები იყვნენ ამ სიაში. სხვა რა უნდა ვიფიქრო, თუ არა ის, რომ აქაც ნეპოტიზმი იყო, როგორც სხვა ბევრ რამეში.

პანდემიის პერიოდში არც მარკეტები გაუჩერებიათ და საოჯახო სასტუმროებსაც ამუშავებენ. არაერთი ოჯახიდან რამდენიმე წევრიც კი არის დასაქმებული საჯარო სამსახურში, მაგრამ მაინც დახმარებას იღებენ“, - ვიკა ფილფანსაც, რომელიც მესტიაში გიდად მუშაობს და 2021 წლის 30 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში კენჭს იყრიდა მესტიის საკრებულოს წევრობაზე, მიაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ასეთი მასშტაბური ზრდა არჩევნებს უკავშირდება. ვიკა სწორედ ამით ხსნის, სოციალური დახმარების მიმღები პირები, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის კანდიდატებთან შეხვედრას თავს რომ არიდებდნენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რომელიც 2012 წელს, საპარლამენტო რჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე და მთავრობის შეცვლამდე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო, ეს მონაცემები ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

საარსებო შემწეობის მიმღებთა მაღალი პროცენტული მაჩვენებლების მიზეზად, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით დადგენილ შეღავათებს ასახელებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N 418 დადგენილებით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სუბსიდირებით სარგებლობს და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაკლებ ოდენობას (თითქმის განახევრებულს) იხდის. ლევან გოგოძე განმარტავს, რომ დეკლარაციაში დაფიქსირებული ელენერგიის მოხმარებაზე გადახდილი ნაკლები ხარჯები მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის დაბალი სარეიტინგო ქულის მინიჭებას და საარსებო შემწეობის დანიშვნას.

მესტიის მუნიციპალიტეტი კი ერთადერთი გამონაკლისია საქართველოში (ოკუპირებული რეგიონების გარდა), სადაც ელექტროენერგია საერთოდ უფასოა და მოსახლეობა არაფერს იხდის. ამიტომაც, ზემო სვანეთში დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმები გაჩნდა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება დრამატულად გაიზარდა. წლების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის სტატისტიკა ასეთია:

  • 2012 წელი - 37,199,070 კვტ.სთ;
  • 2013 წელი - 39,411,787 კვტ.სთ;
  • 2014 წელი - 44,006,849 კვტ.სთ;
  • 2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ;
  • 2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ;
  • 2017 წელი - 59,311,54 კვტ.სთ;
  • 2018 წელი - 64,832,376 კვტ.სთ;
  • 2019 წელი - 98,177,40 კვტ.სთ;
  • 2020 წელი - 91 117 245 კვტ.სთ.

„ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობა და/ან მისი ცვალებადობა დამოკიდებულია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ცვლადზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლადს წარმოადგენს ოჯახის მიერ კომუნალურ გადასახადებზე (მათ შორის, ელექტროენერგიის მოხმარებაზე) გადახდილი ხარჯები. მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებელი, 20 წელზე მეტია, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, გათავისუფლებულია ელექტროენერგიის გადასახადის გადახდისაგან. შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციის შევსებისას, ფიქსირდება ოჯახის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადახდილი ნულოვანი მაჩვენებელი. აღნიშნული ცვლადი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიმცირეს, რაც, თავის მხრივ განაპირობებს ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნასა და  აღნიშნული ბენეფიტის მიმღები მოსახლეობის მაღალ წილს მესტიაში“, - აღნიშნავს გოგოძე.

ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა, მესტიის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობის მიმღები 20 ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რამდენიმე მეთოდით შეისწავლა. კერძო საკუთრებაში შეუსვლელად დავათვალიერეთ ოჯახების საცხოვრებელი პირობები; სოფლად მცხოვრებთა შემთხვევაში, დავითვალეთ ბენეფიციართა ეზოებში მსხვილფეხა პირუტყვისა და პირად მოხმარებაში არსებული ავტომობილების რაოდენობა; ყურადღება მივაქციეთ მანქანებისა თუ სხვა ტექნიკის გარეგნულ მდგომარეობას; ასევე, დავითვალეთ ოჯახების იმ წევრთა შემოსავლები, რომლებიც დასაქმებულები არიან საბიუჯეტო ორგანიზაციებში ან/და მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, სხვა სახელმწიფო იურიდიული პირების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში; მოვიძიეთ და დავამუშავეთ ინფორმაცია საარსებო შემწეობის მიმღები პირების იურიდიულ ან/და ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების, საწარმოების შესახებ. ჟურნალისტურ გამოძიებას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ, თუმცა, თვალსაჩინოა, რომ ჩვენს მიერ შესწავლილი 20 ოჯახიდან, სინამდვილეში, არცერთი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც ღატაკ ოჯახებს საარსებო შემწეობა უნდა ენიშნებოდეთ. დიდი ალბათობით, მათ სოციალურ აგენტებს დეკლარაციის შევსებისას, რაც დახმარების დასანიშნად აუცილებელია, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს; ქონება და შემოსავლები დაუმალეს ან თავად სოციალურმა აგენტებმა აღწერეს დახმარების მიღების მსურველთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არაკეთილსინდისიერად, წინასწარი დავალებით, რომლის ნიშნებიც ჟურნალისტური გამოძიებისას რამდენიმე საქმეში გამოიკვეთა; ან სხვა მიზნით, სავარაუდოდ, კორუფციის გამო (დეტალურად ამ საკითხებზე ჟურნალისტურ გამოძიებაში ვისაუბრებთ).

სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ხელმისაწვდომია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაც, საიდანაც ჩანს, კერძო თუ საჯარო სამსახურებიდან ვის რამდენი აქვს შემოსავალი, თუმცა, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლევან გოგოძის განმარტებით, სააგენტო 2020 წლის 23 მაისიდან 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე უწყვეტად გასცემს ფულად სოციალურ დახმარებას. სააგენტოს ამის საფუძვლად „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება მოაქვს. ეს დოკუმენტი სააგენტოს ავალდებულებს, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შემოსავლების შესახებ რა ინფორმაციაც არ უნდა მიიღოს, ოჯახები არ ექვემდებარებიან განმეორებით გადამოწმებას, რაც შეიძლება ფულადი დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თვითონ დახმარების მიმღები არ მიმართავს სააგენტოს გადამოწმების მოთხოვნით.

ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დრამატულად სწორედ 2020 წლის მაისიდან გაიზარდა. მესტიის მუნიციპალიტეტში, 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 11.3 %-ით.

საქართველოს მასშტაბით კი მონაცემები ასეთია: 2020 წლის მაისის თვის ჩათვლით, საარსებო შემწეობას იღებდა 483 793 ადამიანი (მოსახლეობის 13 %), 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით საარსებო შემწეობას იღებს 633 586 ადამიანი (17 %). სხვაობა 149 793.

მუნიციპალიტეტები, სადაც მოსახლეობის ნახევარი ან ცოტა ნაკლები საარსებო შემწეობას იღებს, ძირითადად, მაღალმთიანია. ამბროლაური - 50.9 %, ლენტეხი - 50.6 %, ონი - 48.9 %, ქედა - 48.9 %, ხულო - 43.4 %, ხარაგაული - 39.1 %, შუახევი - 37.9 %, დმანისი - 36.3 %, თეთრიწყარო 36.3 %,  ჭიათურა 34.2 %. ყველა ამ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს, დიდი უპირატესობით ლენტეხში (78.936 %), თეთრიწყაროში (65.198 %), მესტიაში (64.164 %), ამბროლაურში (59.557 %), ხარაგაულსა (57.511 %) და ქედაში (57.18 %).

კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს 2012 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს, ჯერ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2014 და 2017 წლების არჩევნებში კი მერად აირჩიეს, კენჭი წელსაც იყარა და ეს თანამდებობა მეოთხედ დაიკავა.

22 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ“.

„უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. აქედან, დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანია, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები. ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ შემდეგ მას სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას, არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს. უამრავი მაგალითი ვიცით იმის, რომ მაგალითად, ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, ქულები აკლდებათ და უწყდებათ სოციალური დახმარება. ან თუ სეზონური სამუშაოებია ბაზარზე ხელმისაწვდომი, ისინი არ არიან დაინტერესებული, რომ სხვა საქმითაც დასაქმდნენ და მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომლის შედეგადაც, ერთი მხრივ, მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამას გარდა, სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო დამატებით. მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება. ორი-სამი სამუშაო ადგილი შეუძლიათ, რომ პარალელურად იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში. იყიდონ ტელევიზორიც, მაცივარიც, სახლებიც იყიდონ, გაარემონტონ და აშ. თუ ჩვენ ადამიანები არ მივაჩვიეთ ამ შრომას, არ თავად არ დაიჯერეს საკუთარი თავის და საკუთარი უნარების რეალიზება არ მოახდინეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ეს არის მორევი, ამ მორევიდან თუ არ ამოვედით, თუ რაღაც გარღვევა არ გავაკეთეთ, ძალიან მძიმე სიტუაციაა. სახელმწიფო გასცემს ამ რესურსს იმისთვის, რომ ადამიანი იჯდეს სახლში და არაფერი არ აკეთოს. სახლში ჯდომისთვის კი არ უნდა მივცეთ ადამიანებს ფული, ეს ფული უნდა მივცეთ კონკრეტული საქმიანობისთვის“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში