საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლენტეხი-მესტიის გვირაბის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:59 - 30 სექტემბერი 2021 hits 10880
ფოტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს სარეკლამო ვიდეორგოლიდან
საზოგადოება
ფოტო ინფრასტრუქტურის სამინისტროს სარეკლამო ვიდეორგოლიდან

„ქართული ოცნება“ და მისი პრემიერ-მინისტრები 2016 წლიდან ყველა არჩევნების წინ გვპირდებოდნენ, რომ ახალი, მოკლე გზითა და გვირაბით ლენტეხიდან მესტიაში საათნახევარში ავიდოდით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი სამთო სათხილამურო კურორტებზე ავტომობილით ასვლა 2 საათში გახდებოდა შესაძლებელი. ლენტეხი-მესტიის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად, ტენდერამდე რამდენიმე დღით ადრე დაფუძნებულ ხორვატიული კომპანიის ფილიალს 4.7 მილიონი ლარი გადავუხადეთ. კომპანიამ პროექტი 2 წლის დაგვიანებით წარმოადგინა, მაგრამ გარემოსდაცვითი შეფასება მაინც ვერ გაიარა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტი გაუქმდა. გარემოს დაცვის მინისტრის 2021 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტზე სკოპინგის დასკვნა ძალადაკარგულად გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით, გზა სათავეს იღებდა ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან და მდინარე ლასკადულას ხეობით მესტიისკენ მიემართებოდა. 14 კილომეტრის შემდეგ გათვალისწინებული იყო 9 კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბის მოწყობა. გვირაბის გავლის შემდეგ 12 კმ სიგრძის საპროექტო მონაკვეთი ლაილაჭალას ხეობის გაყოლებით მესტიისკენ მიდიოდა, სადაც მდინარე ენგურის გადაკვეთით, მესტიამდე მისასვლელ მოქმედ საავტომობილო გზას უნდა შეერთებოდა.

„მომავალი 4 წლის განმავლობაში, ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, პირდაპირ ვამბობ, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მესტიისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით. ამ გზას ექნება ასევე საზაფხულო გზა უშგულის გავლით, რომელიც ამ გზაზე მდებარე ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის განვითარებისთვის. ამას ექნება უდიდესი ზეგავლენა თითოეული თქვენგანის ოჯახის კეთილდღეობაზე. პირობას ვდებთ, ეს ყველაფერი უჩქარეს ტემპებში გაკეთდება“, - პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეს პირობა 2016 წლის 25 აგვისტოს, საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, ლენტეხში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დადო, როცა მათ მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა ენუქიძე წარუდგინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ პროექტირება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყებოდა, სამშენებლო სამუშაოები კი 2018 - 2020 წლებში განხორციელდებოდა. სამინისტრომ სარეკლამო ვიდეორგოლიც კი დაამზადა და გაავრცელა: „დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გვირაბისა და 38 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მლნ. აშშ დოლარია“.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გოჩა ენუქიძემ კვლავ იყარა კენჭი მაჟორიტარ დეპუტატობაზე. არჩევნებამდე 21 დღით ადრე, 10 ოქტომბერს, მესტიაში, გოჩა ენუქიძის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 2021 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყებოდა ლენტეხის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენისას ამომრჩევლებს ხვდებიან და დაპირებებს უხვად აძლევენ. 25 აგვისტოს, მესტიაში, სვან უხუცესებთან შეხვედრაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „ჯამში ჯდება 100 მილიონი ლარი, ე.ი. ლენტეხი მესტიის დამაკავშირებელი გზა. მაგ გზას ჯამში 2 წელი სჭირდება, რომ დასრულდეს მთელი პროექტი. უშგულამდე უნდა დავასრულოთ უფრო ადრე, 2022-ში“.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე პრემიერის ეს განცხადება ამ შინაარსით განათავსეს: „მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება“. ადმინისტრაციას პრემიერის ამ განცხადებაში სიცხადე არ შეუტანია, მოსახლეობისთვის გასაგები რომ ყოფილიყო, რომელი გზის მშენებლობის დასრულებას ჰპირდებოდა ღარიბაშვილი სვანეთის მცხოვრებლებს.

100 მილიონამდე ლარი ლენტეხი-უშგული-მესტიის არსებული გზის რეაბილიტაციაზე იხარჯება. ეს მეორე გზაა, რომელიც ზესხო-ყორულდაშის ხეობის გავლით ზაგაროს უღელტეხილზე გადადის. გზების დეპარტამენტი ამ გზის რეაბილიტაციას 2017 წლიდან ახორციელებს. პროექტი 6 ნაწილად არის გაყოფილი. რეაბილიტაცია როცა დაიწყო, ჯერ 2019 წელი თქვეს დასრულების ვადად, მერე 2020, ახლა 2022-ს ამბობენ.

ამ თემაზე:

როგორ გვატყუებენ პრემიერ-მინისტრები, რომ ლენტეხიდან მესტიაში საათნახევარში ავალთ

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში