საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არჭილოში დაბრუნებულ ხევსურებს „მთის ამბები“ სახლების გადახურვას დაუფინანსებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:13 - 15 სექტემბერი 2021 hits 15554

საქართველო-რუსეთის საზღვართან, ხევსურეთის სოფელ არჭილოში საცხოვრებლად დაბრუნებულ ამირან და მამუკა ზვიადაურებს, „მთის ამბები“ ტრადიციული წესით ახალაშენებული სახლების გადახურვას სრულად დაუფინანსებს. ორივე სახლს ჭერი თოვლის მოსვლამდე უნდა ჰქონდეს.

არჭილო პირიქითა ხევსურეთის ბოლო სოფელია ანდაქისწყლის ხეობაში. 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამ სოფლის მუდმივი მცხოვრები, 32 წლის ბადრი ზვიადაური მდინარეში დაიხრჩო, არჭილო ნასოფლარი გახდა. ბადრი შატილში პროდუქტის შესაძენად იყო ჩასული. უკან ბრუნდებოდა, რა დროსაც კლდეზე გაჭრილი ვიწრო ბილიკიდან ცხენი მდინარეში გადავარდა. ანდაქისწყალში ოთხთვიანი ძებნის შემდეგ მხოლოდ ქამარს, მაისურის ნაგლეჯსა და თავის ქალის ნაწილს მიაგნეს.

სამანქანო გზა არჭილოს არასდროს ჰქონია. მაღალი გამავლობის მანქანით მისვლა არდოტამდეა შესაძლებელი. არდოტს იქით, 4 კილომეტრში სოფელი ანდაქია, რომელსაც მარტოკაცი სოსო ზვიადაური აცოცხლებს. ანდაქიდან 3 კილომეტრშია არჭილო. სოფლის დახმარების პროგრამით, გასულ წელს, ხევსურეთის რამდენიმე სოფლისთვის გამოყოფილი თანხით არდოტიდან ანდაქამდე გზა გაჭრეს. ტრაქტორმა მხოლოდ 2 დღე იმუშავა. უპროექტოდ და კვლევების გარეშე შესრულებული სამუშაოების გამო, არდოტელების საზამთრო სოფლის, ბახაოს ქვემოთ, ძირგამოთხრილი მთა დაიძრა და მეწყერი გააქტიურდა. ახალგაჭრილმა სამანქანო გზამ რამდენიმე დღე გაძლო, ბახაოსთან მეწყერმა დაფარა, ზოგიერთ ადგილას კი მდინარემ წაიღო. წელიწადზე მეტია არდოტს ზემოთ მუნიციპალიტეტის ტრაქტორი აღარ გამოჩენილა. ხევსურების მიერ მდინარეზე გადებული საფეხმავლო ხიდებიც ჩავარდნაზეა და გავლა სახიფათოა. ამ გზით ტურისტებიც სარგებლობენ. აწუნთის და ბორბალოს უღელტეხილების გავლით, ძირითადად თუშეთში გადადიან ან იქიდან გადმოდიან, მაგრამ ანდაქისწყლის ხეობამ ხელისუფლების ყურადღება მაინც ვერ მიიქცია.

2019 წელს, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ პირობა დადო, რომ არჭილომდე სამანქანო გზა 2020 წლის ბოლომდე იქნებოდა. პირობა არ შესრულდა. ქარსელაძე დააწინაურეს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნეს.

ამირან და მამუკა ზვიადაურებმა უგზოდ დარჩენილ არჭილოში, ნასახლარების აღსადგენად საჭირო მასალები ცხენებითა და ზურგით მიზიდეს. სახლები ტრადიციული წესით ააშენეს. მამუკამ დროებით თუნუქი დააფარა, რომ წყალი აღარ ჩასულიყო. ამირანს გადაუხურავი დარჩა, თანხა არ ეყო. დახმარება არავისთვის უთხოვიათ. რასაც ითხოვენ, მხოლოდ გზა, შუქი და ინტერნეტია. გასულ წელს მთავრობამ უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მუდმივად მცხოვრებლებისთვის მზის პანელების შეძენა დააფინანსა, ოღონდ, პანელები უსამართლოდ და შერჩევით გაანაწილეს.

მიღმახევში, ანატორს იქით - მუცოში, ხონისჭალაში, ხონეში, არდოტში, ხახაბოში, ანდაქსა და არჭილოში სატელეფონო კავშირი არ არის, არც არასდროს ყოფილა. 2019 წლიდან საზღვრისპირა ხევსურეთში კავშირის ერთადერთი საშუალება არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელის“ უსადენო ინტერნეტია. „მთის სათემო ქსელის“ გამგეობის წევრისა და ინტერნეტიზაციის პროექტის ხელმძღვანელის უჩა სეთურის თქმით, 2022 წლის გაზაფხულზე „მთის სათემო ქსელი“ ინტერნეტით არჭილოსაც დაფარავს, ოღონდ ამისთვის აუცილებელია სოფელში ელექტროენერგია იყოს. ამირან და მამუკა ზვიადაურებისთვის სულ მცირე, მზის ორი პანელის შესაძენად, ნათურა რომ აანთონ და ინტერნეტიც ჰქონდეთ, დაახლოებით 3-4 ათასი ლარია საჭირო.

„მთის ამბები“ საზღვრისპირა ხევსურეთს გამორჩეულ ყურადღებას უთმობს. რუსი ოკუპანტები ანატორის მისადგომებთან დგანან. შატილიდან 2 კილომეტრში, საქართველოს კუთვნილი, ე.წ. ფიჭვების ტერიტორია, სადაც შატილიონები ზამთარში აღარ რჩებოდნენ, რამდენიმე წლის წინ, რუსმა მესაზღვრეებმა დაიკავეს და საზღვარი გადმოწიეს.

მიღმახევის სოფლები ხელისუფლებასა და ოპოზიციას წინასაარჩევნოდაც არ ახსოვთ. მუცოში მუდმივად 4 ოჯახი ცხოვრობს - 11 ადამიანი; არდოტში 3 ოჯახი - 3 ადამიანი; ანდაქში 1 კაცი; ხონეში 4 ოჯახი - 8 ადამიანი. წელს პირველად ხახაბოც გაცოცხლდება ზამთარში - პაატა ხახიაურმა და ნინო ბარნაბიშვილმა მუდმივად იქ ცხოვრება გადაწყვიტეს.

მარტოკაცების მხარდასაჭერად, „მთის ამბებმა“ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციასთან ერთად, ხევსურეთის უცნობი ციხე-სახლების მარშრუტი შექმნა, რომელიც დათვიჯვრის უღელტეხილიდან იწყება, გაივლის ციხე-სოფელ ხახაბოს, ხახაბოსჭალას, ანდაქს და არჭილოში მთავრდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც „მთის ამბებს“ ამ მიმართულებით აქვს, ხახაბოს, ანდაქისა და არჭილოს ეკოსოფლებად, ეკომუზეუმად ქცევა, შესაბამისი სტატუსის მიღება და ეკოსოფლების საერთაშორისო ქსელში გაწევრიანებაა.

„მთის ამბები“ მადლობას უხდის ყველა შემომწირველს #არჭილოსგასაცოცხლებლად მხარდაჭერის გამო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში