საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

არჭილოც გაცოცხლდა, საზღვრისპირა ხევსურეთის ბოლო სოფელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:25 - 03 სექტემბერი 2021 hits 87855
ფოტოზე - ამირან ზვიადაური
საზოგადოება
ფოტოზე - ამირან ზვიადაური

32 წლის ბადრი ზვიადაური პირიქითა ხევსურეთის ბოლო სოფლის, არჭილოს ბოლო მუდმივი მცხოვრები იყო. ბადრის ცხედარი ვერ იპოვეს. მდინარე ანდაქისწყალში ოთხთვიანი ძებნის შემდეგ მხოლოდ ქამარს, მაისურის ნაგლეჯსა და თავის ქალის ნაწილს მიაგნეს. 2010 წელს ბადრი არჭილოდან შატილში პროდუქტის შესაძენად იყო ჩასული. უკან ბრუნდებოდა, რა დროსაც კლდეზე გაჭრილი ვიწრო ბილიკიდან ცხენი მდინარეში გადავარდა. მასთან ერთად არჭილოც მოკვდა და ნასოფლარად იქცა.

შატილს, ანატორს, მუცოსჭალას და მუცოს რომ გასცდებით, მდინარეების ხონისწყლისა და ანდაქისწყლის შესართავთან, იქ, სადაც სასაზღვრო პოლიციის პოსტია, ვიწრო სამანქანო გზა ორად იყოფა: მარცხნივ შეთეკაურების საზაფხულო და საზამთრო სოფლებისკენ - ხონისჭალა, ხონესკენ მიდის, მარჯვნივ არდოტისკენ.

მაღალი გამავლობის მანქანით დაახლოებით 20 წუთის სავალზე, მთაზე არდოტის ნასახლარებია შეფენილი. სოფლის ამ ისტორიულ ნაწილში ერთი სახლია მთელი - იქ ნიკო არდოტელი ცხოვრობს. უფრო ზემოთ ახალი სახლებიცაა, საოჯახო სასტუმროც.

სამანქანო გზა არდოტთან წყდება. გასულ წელს, სოფლის დახმარების პროგრამით 30 ათასი ლარი შეკრიბეს, გზა ანდაქამდე რომ გაეჭრათ. არდოტიდან ანდაქამდე 4 კილომეტრია. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაგზავნილმა ტრაქტორმა 2 დღე იმუშავა და სამუშაოები დასრულებულად გამოაცხადეს. გაჭირვებით ერთხელ მოხერხდა ანდაქამდე მანქანით მისვლა. გზა მდინარემ პირველივე ადიდებისთანავე წაიღო და ქვა-ღორღით დაფარა. ძირგამოჭრილი მთაც დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა. ახლა, არდოტსა და ანდაქს შუა, ბახაოსთან, რომელიც არდოტელების საზამთრო სოფელია, აქტიური მეწყრის გამო, ფეხით გავლაც საშიშია.

ძველ საფეხმავლო ბილიკს არდოტიდან ანდაქამდე მდინარე 5 ადგილას კვეთს. რამდენიმე წლის წინ, ხელისუფლების მიერ გაგზავნილი რკინის უხარისხო მასალები, ადგილობრივებმა ზედ ხის ტოტები რომ დააკრეს და ხიდად აქციეს, ისე დაგრეხილა, სადაცაა ანდაქისწყალი წაიღებს. ანდაქისკენ მიმავლები, ამ ხიდებზე სათითაოდ, ფრთხილად გავდივართ, რომ არ ჩავარდეს. ახლაც კი, როცა მთებზე თოვლი აღარაა და წყალი ცოტა მოდის, მდინარე მაინც ისე ღრიალებს, გეგონება, მგზავრის ჩასაყლაპად ემზადება. ზოგი ამჯობინებს, პირდაპირ ფეხით გაიაროს მდინარეში, წყალი წელამდე რომ სწვდება. ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ვიდრე ხიდზე, რომელიც ფეხაკრეფით გავლისასაც ქანაობს.

ანდაქში ერთი მუდმივი მოსახლეა. სოსო ზვიადაური ის კაცია, ვის სანახავადაც ასვლა, გამხნევება და წაშველება ამ სირთულეებზე ნაკლებს რომ გაფიქრებს. ცოლ-შვილიც ისეთი ჰყავს, ციხე-სახლიც ისეთი აქვს და მასპინძლობაც ისეთი იციან, ხიდიც რომ არ იყოს, ცხრა მთას გადაივლი და მაინც მიხვალ.

ანდაქიდან არჭილომდე ასეთი ხიდებიც სანატრელია... ბადრი ზვიადაურის დაღუპვის შემდეგ არჭილოში აღარავის უცხოვრია. 2012 წლიდან, გაზაფხულიდან დაზამთრებამდე ანდაქშია ბადრის ძმა, ამირანი, მეუღლესთან და შვილთან ერთად. საქონელი ჰყავთ. ამირანი ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერიცაა. აქამდე ნათესავის სახლში აფარებს თავს, რადგან არჭილოში არცერთ სახლში აღარ იცხოვრებოდა. ყველა სახლის სახურავი ჩანგრეული იყო, კედლები ჩამოშლილი.

ამირანი 9 წელია დაპირებებს ისმენს, რომ ხელისუფლება არჭილომდე გზას გაჭრის. 2019 წელს, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, ახლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რომ არის, პირობა დადო, არჭილომდე სამანქანო გზა 2020 წლის ბოლომდე იქნებოდა: „გაიჭრება გრუნტის გზა. იწვიმებს თუ ქარი იქნება, ამ გზით უსაფრთხოდ გადაადგილება გახდება შესაძლებელი. დღეს რომ პრობლემებია, ასეთი აღარ იქნება. ვსაუბრობთ გერმანული სტანდარტის, 5.5 მეტრი სიგანის გზაზე. ეს არის ის მინიმუმი, ორმა მანქანამ ერთმანეთს გვერდი აუაროს და დაუბრკოლებელი იყოს მოძრაობა“.

დაპირება დაპირებად დარჩა. არდოტიდან, იქ სადაც სამანქანო გზა მთავრდება, არჭილოში რისი მიტანაც ცხენებით შეიძლებოდა, ცხენებს აჰკიდეს, დანარჩენი ტვირთი მხრებითა და ზურგით მიზიდეს. 45 წლის ამირან და 47 წლის მამუკა ზვიადაურებმა მამაპაპისეული სახლების აღდგენა გადაწყვიტეს. გაზაფხულზე დაიწყეს და აღადგინეს კიდეც. მამუკამ დროებითი სახურავითაც გადახურა. ამირანი მომავალ წელს გეგმავს დასრულებას, თანხა აღარ ეყო. „გაზაფხულზე უკვე აქ ამოვალ და თუ მესტუმრებით, დაგხვდებით. ნელ-ნელა შევმატებ. ამას ბანი მინდა რომ ჰქონდეს, ყველაფერს ტრადიციული წესით ვაკეთებ. უხალხობა გამიჭირდა. უგზოობით ხომ იცით, რა წვალებაც გვიწევს. აქ ინტერნეტიც არ არის, არც სატელეფონო კავშირი და ვერც ვერსად ვრეკავთ, ვერც ვერავინ დაგვირეკავს თუ ანდაქში არ ჩავალთ. უგზოობას და კომუნიკაციის არქონას უნდა ეშველოს.

მე მთავრობას არც ფულს ვთხოვ, არც რაიმე სოციალურ დახმარებას. ჩვენ იმდენს ვშრომობთ და ვწვალობთ, რომ თვითონ მივხედავთ თავს. გზა გაგვიკეთონ. ანდაქიდან აქამდე სულ ვაკეა, ხეობაც განიერია და მონდომება უნდა მხოლოდ. მუცოს ზემოთ სოფლებში შუქიც არ გვაქვს. მზის პანელები შერჩევით დაარიგეს. მე 9 თვე ფაქტობრივად აქ ვცხოვრობ და არ მომცეს.

არ უნდა განასხვავო. ვინც ზაფხულობით ცხოვრობს აქ, იმასაც უნდა შეუწყო ხელი, რომ ზამთარშიც დარჩეს, დამაგრდეს. ვიღაცის მიცემულითა და მიტანილით ვერ იცხოვრებ აქ ადამიანი, უნდა იშრომო. ეს არც მიკვირს. იმიტომ არ დავბრუნებულვარ, რომ ვიღაც რაღაცით დამეხმაროს, ფული მომცეს, მასალა მომცეს, მაგრამ კარგი სიტყვა, ყურადღება მაინც“...

შატილს იქითაც რომ საქართველოა, ბევრმა არ იცის! არადა, რუსი ოკუპანტები ანატორის მისადგომებთან დგანან. შატილიდან 2 კილომეტრში, საქართველოს კუთვნილი, ე.წ. ფიჭვების ტერიტორია, სადაც შატილიონები ზამთარში აღარ რჩებოდნენ, რამდენიმე წლის წინ, რუსმა მესაზღვრეებმა დაიკავეს და საზღვარი გადმოწიეს.

მიღმახევის სოფლები ხელისუფლებას და ოპოზიციას წინასაარჩევნოდაც არ ახსოვთ. მუცოში მუდმივად 4 ოჯახი ცხოვრობს - 11 ადამიანი; არდოტში 3 ოჯახი - 3 ადამიანი; ანდაქში 1 კაცი; ხონეში 4 ოჯახი - 8 ადამიანი.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

ამ თემაზე: არჭილოში დაბრუნებულ ხევსურებს „მთის ამბები“ სახლების გადახურვას დაუფინანსებს

მარტოკაცების მხარდასაჭერად, „მთის ამბებმა“ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციასთან ერთად, ხევსურეთის უცნობი ციხე-სახლების მარშრუტი შექმნა, რომელიც დათვიჯვრის უღელტეხილიდან იწყება, გაივლის ციხე-სოფელ ხახაბოს, ხახაბოსჭალას, ანდაქს და არჭილოში მთავრდება. არჭილოდან ბორბალოს მთის გავლით თუშეთში, პანკისის ხეობასა და უკანაფშავში გადასვლაა შესაძლებელი. „მთის ამბები“ ხევსურეთის უცნობი ციხე-სახლების მარშრუტზე ექსკლუზიურ ტურებს მალე შემოგთავაზებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც „მთის ამბებს“ ამ მიმართულებით აქვს, ხახაბოს, ანდაქისა და არჭილოს ეკოსოფლებად, ეკომუზეუმად ქცევა, შესაბამისი სტატუსის მიღება და ეკოსოფლების საერთაშორისო ქსელში გაწევრიანებაა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში