საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჯერ დაბრუნდნენ, მერე იქორწინეს - 21-ე საუკუნეში შექმნილი პირველი ოჯახი შატილში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:09 - 02 სექტემბერი 2021 hits 86513

ბოლოს აქ ქორწილი როდის იყო, აღარ ახსოვთ. ზოგი 25 წელს ამბობს, ზოგიც 50-ს. დანამდვილებით იმის თქმა შეიძლება, რომ 24 წლის მარგარეტ დაიაური და 29 წლის გიორგი ჭინჭარაული პირველი წყვილია, რომელმაც 21-ე საუკუნეში შატილში ოჯახი შექმნა და აქ დაფუძნდა.

ორი თვეა, რაც ოფიციალურად ცოლ-ქმარი არიან. საგვარეულო კოშკში საცხოვრებლად გიორგი ქალაქიდან 5 წლის წინ დაბრუნდა, მარგარეტმა კი მთაში გადასვლა ორი წლის წინ გადაწყვიტა, როცა შატილის სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსია გაჩნდა.

მარგარეტი პროფესიით სამკაულის დიზაინერია. უყვარს ხატვა, მზე და ვან გოგი. როგორც ამბობს, ეს გენეტიკურია, მამა და ბიძაც მხატვრები ყოფილან. დიპლომის დასაცავად, ხევსურული მოტივებით სამკაულები შექმნა, რომლითაც სამოსი გააფორმა და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა. მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად ხევსურეთში დაბრუნდა და დაოჯახდა, ამ საქმის გაგრძელება სურდა. კუთხის კულტურული პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის სახელოსნო უნდა მოეწყო და ხევსურული სამკაულები შეექმნა. პროექტიც დაწერა, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გააგზავნა, მაგრამ არ დააფინანსეს:

როდესაც ტურისტი ამოდის, ყველას აინტერესებს, ბუნების და კოშკების გარდა რა დაათვალიერონ, რა არის საინტერესო კულტურული თვალსაზრისით და არაფერი არ არის. არ არის მუზეუმი, მხატვრული ან საგამოფენო სივრცე, სადაც შეძლებენ გააზრებას და იმის ნახვას, თუ რას ქმნიდნენ ხევსურები ძველ დროში - უნიკალურ სამოსს, მართლა უნიკალურ სამკაულს. ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს ხელს შევუწყობდი, სახელოსნოს გავაკეთებდი, ადგილს, რომელიც საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნებოდა, თან სუვენირსაც გააყოლებდნენ შატილიდან.

„აწარმოე საქართველოს“ კონკურსში მონაწილეობა გიორგიმაც მიიღო. მხარდაჭერა შატილის კოშკებში კაფეს მოსაწყობად სჭირდებოდა. არც ის დააფინანსეს. უკვე მეხუთე წელია მთაში დაბრუნებული გიორგი ჭინჭარაული დაფინანსების მოპოვებას ცდილობს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით უარს ეუბნებიან.  საკუთარი სახსრებით და შრომით მაინც მოახერხა და ორი თვის წინ კაფე „მზესუმზირა“ გახსნა. დღეს წყვილი მთელ ენერგიას ამ კაფის მუშაობასა და განვითარებაში დებს.

„ვინმე თუ დაბრუნდა მთაში, დაბრუნდა საკუთარი სურვილით და ტყუილია, თითქოს სახელმწიფო რამეს აკეთებს იმისთვის, რომ მთაში ხალხი დაბრუნდეს. თუნდაც შატილის მაგალითი ავიღოთ, აბსოლუტურად არაფერია აქ იმისთვის, რომ ახალგაზრდა წინ წავიდეს. ერთადერთი საშუალება კერძო ბიზნესია, როგორც ჩვენს შემთხვევაში, მაგრამ ამაშიც სახელმწიფოს არანაირი წვლილი არ აქვს.

თავიდან აქ მასწავლებლად რომ წამოვედი, ვერასდროს ვიფიქრებდი, ოჯახს თუ შევქმნიდი. მითუმეტეს, ასეთ პატარა ასაკში. მუდმივად ვფიქრობდი იმაზე, პროფესიულ განვითარებაზე, კარიერაზე მეზრუნა, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავოჯახდი და ახლა ვეღარ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. აქამდე სულ ვამბობდი, ხევსურეთში რაღაც პერიოდი ვიცხოვრებ და მერე აუცილებლად თბილისში გავაგრძელებ მეთქი. დარწმუნებული ვარ, შატილის გარდა არასდროს არსად ვიცხოვრებ, შატილი ჩემია“.

მასალა მომზადებულია ინტერნიუსი - საქართველოს პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი“ ფარგლებში, ინტერნიუს ევროპასთან თანამშრომლობით და შვედეთის დაფინანსებით.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში