საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვა სასამართლოში გაასაჩივრეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:16 - 22 ივლისი 2021 hits 4608

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილი EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსარჩელე ითხოვს, სამინისტრომ ნამოხვანისკენ მიმავალ გზებზე ჩაყენებული საპოლიციო ძალები რიონის ხეობიდან გაიყვანოს და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მისცეს.

პოლიციას გუმათში და მექვენასთან ბლოკპოსტები 3 აპრილიდან აქვს მოწყობილი, მას შემდეგ, რაც კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტიური საპროტესტო გამოსვლების დროს, პოლიცია არც ხანდაზმულებს ინდობდა და არც მცირეწლოვან ბავშვებს. ბლოკპოსტებთან მანქანებიდან ისინიც უნდა ჩამოსულიყვნენ. სახლებში დასაბრუნებლად გზის ფეხით გაგრძელებაზე ნებართვას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ ისინი ან მათი ოჯახის წევრები ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სიაში არ იყვნენ. პოლიცია ხეობაში არც „რიონის ხეობის მცველების“ ადვოკატებს უშვებდა. დაუმორჩილებლობის საბაბით ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და აჯარიმებდნენ. 14 აპრილს პოლიციამ გუმათჰესთან რკინის კედელი აღმართა. ჩაკეტილი იყო რიონის ხეობის 7 სოფელი - გუმათი, რიონი, ზარათი, ოფურჩხეთი, ჟონეთი, ნამოხვანი და მექვენა. ამ სოფლებში 3000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

სოფელ გუმათთან განთავსებული რკინის ჯებირები მხოლოდ 17 ივნისს აიღეს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის საბჭოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ნამახვანჰესის საკითხზე, მხარეებს შორის მედიაცია დაიწყო.

შსს-ს მიერ უსაფრთხოებაზე მითითებით, მოქალაქეებს სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილებისას კვლავ უწევთ საპოლიციო კონტროლის გავლა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა რიონის ხეობაში გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებები ადმინისტრაციული წესით ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა, თუმცა, საჩივარს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

როცა რიონის ხეობაში საპოლიციო ძალები განათავსეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით მოხდა და ადგილზე გამოყენებული ღონისძიებები „პოლიციის შესახებ“ კანონს ეფუძნებოდა. აღნიშნული კანონის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აგრეთვე, პოლიცია უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს პირის გადაადგილება, თუ პირი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეზღუდვები იქამდე იმოქმედებს, „ვიდრე ტემპერატურა არ დაიწევს“. სამინისტროს არ განუმარტავს, რა კონკრეტული საფრთხის პრევენცია იყო საპოლიციო ღონისძიებების მიზანი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრს მიაჩნია, რომ აბსტრაქტული საფრთხის მოტივით, უფლების შემზღუდავი საპოლიციო ღონისძიების გამოყენება ბლანკეტურად, ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, რომლის შედეგადაც შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება, უკანონო და არაპროპორციული ჩარევაა ადამიანის უფლებებში.

ნამოხვანჰესის პროტესტი 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს და მთელი ეს პერიოდი, სახელმწიფო უარს ამბობს აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საგნობრივ დიალოგზე. იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ რჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების და პროტესტზე რეაგირების პოლიტიკური მექანიზმი, რეპრესიულ და სადამსჯელო კანონმდებლობას იყენებს, რასაც მსუსხავი ეფექტი აქვს შეკრების უფლებით სარგებლობაზე.

 

ამ თემაზე:

ნამოხვანის ბლოკადა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში