საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მიწისძვრის გამო უსახლკაროდ დარჩენილი 85 წლის მარტოხელა ქალი რაჭიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:43 - 03 ივლისი 2021 hits 19673
ფოტოზე - კაზდო გლოველი
საზოგადოება
ფოტოზე - კაზდო გლოველი

ზამთარში, როცა აცივდება, ღამეებს სხვაგან ათევს. მუდმივად მცხოვრები ორი მეზობელიღა შერჩენია და მათ აკითხავს. თუ ვინმემ არ შეიკედლა, თოვლისა და ქარბუქისგან გაყინულ მის ქოხს ღუმელი ვერ ათბობს - 85 წლის კაზდო გლოველი 30 წელია უსახლკაროა. ხარისთვალში მდებარე სახლი 1991 წელს, რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ დაუნგრია. მალე ქმარ-შვილი დაეღუპა და მარტო დარჩა. მას შემდეგ, თავი მეზობელ სოფელში, შუა შქმერში, ქოხს შეაფარა და დღემდე ერთ თბილ ოთახზე ოცნებობს.

ყინვას რომ არ მოეკლა, ვიდრე ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ბოლო რამდენიმე წელი, „გამოსაზამთრებლად“ 500 ლარს აძლევდნენ. იანვარ-თებერვალში მაინც უნდა გაქცეოდა ალპური ზონის დაუნდობელ სუსხს და ერთ ოთახს ხან სად ქირაობდა, ზოგჯერ ვის მიეკედლებოდა. პენსიითა და საარსებო შემწეობით ცოტა თანხა დააგროვა. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ადგილობრივი ხელისუფლებაც დაეხმარა და თუნუქის ძველი ფურცლებით შეფუთულ ქოხს, ბლოკით ერთი პატარა ოთახი მიაშენა. თანხა სამი კედლის ასაშენებლად ეყო, გადახურვა და კარ-ფანჯრის ჩასმა ვეღარ მოახერხა. 2013 წლიდან არავინ დახმარებია. ამასობაში, უსახურავოდ დარჩენილი ახალაშენებული კედლების ზედა ნაწილი ყინვამ დააზიანა.

„ეს ერთი ოთახი რომ მქონოდა, საშველი იქნებოდა ჩემს თავზე, არავისთან აღარ გავიქცეოდი ღამის გასათევად“

ფიქრობს, ხმამაღლა ოცნებობს და რამდენიმე წამში, იქვე ამბობს, რომ „ზღაპრებია ჩემს თავში“ - რაიონულ ცენტრს მოწყვეტილ სოფელში, ქოხში შეყუჟული მოხუცი აღარავის ახსოვს.

ონის მერს, დავით ჩიკვაიძეს ვკითხეთ, მუნიციპალიტეტის მერიას 2014 წლიდან დღემდე რამდენი ადამიანი ჰყავს რეგისტრირებული, როგორც უსახლკარო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან რით ეხმარებიან. მერმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 ათასს, „საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, მათზე გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირა, თვეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით“.

ბინის ქირის თხოვნით, 2018 წელს ონის მერიისთვის ორ მოქალაქეს მიუმართავს, 2019 წელს ოთხს, 2020-ში რვას და 2021 წელს სამს. მათ შორის კაზდო გლოველი არ არის.

ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებით 5 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც თითქმის ნახევარი, 2 366 900 ლარი ადგილობრივი ხელისუფლების შენახვას ხმარდება.

კანონი უსახლკარო პირად მიიჩნევს, მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირს, რომელიც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო. რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა განახორციელოს, ონის მერიას კი არცერთი უსახლკარო პირი არ ჰყავს ოფიციალურად რეგისტრირებული. არადა, „მთის ამბებმა“ ბოლო ერთ კვირაში, ონის რაიონში უსახლკაროდ დარჩენილი რამდენიმე ოჯახი გადაიღო. მათ შორის, ორს 30 წელია სახლი არ აქვს, რაჭის 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ. ერთი, კაზდო გლოველი ქოხში ცხოვრობს, მეორე ვაგონში.

„ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე (საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია თავად მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად“, - ეს ჩანაწერი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდანაა.

საქართველოს 1994 წლიდან აქვს აღიარებული საერთაშორისო პაქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“.

ორივე საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი სახელმწიფოს ავალდებულებს, არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით განახორციელოს ღონისძიებები სათანადო საცხოვრებლის უფლების თანდათანობითი, სრული რეალიზაციის მისაღწევად.

2014 წელს, საქართველოს პარლამენტმა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა 2014-2020 წლებისთვის. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი უსახლკარობის პრობლემის დაძლევის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაც იყო.

2017 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში დაემატა ჩანაწერი, რომ: „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე...“

2018 წელს, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს რიგით მეოთხე, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მთავრობამ პირობა დადო, რომ სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის გზით, 2020 წლის დეკემბრამდე შეიმუშავებდა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტს და სამოქმედო გეგმას. ამ დოკუმენტს ეტაპობრივად უნდა ეპასუხა საქართველოში უსახლკარობის გამოწვევებისთვის. ვალდებულება ისევ შეუსრულებელია. ყველაფერი ქაღალდზე დარჩა.

კანონმდებლობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს უსახლკარო პირთა ერთიანი რეესტრი შექმნას, მონაცემები კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა მიაწოდონ.  

საკანონმდებლო მაცნეს მიხედვით, საქართველოში 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 13-ს აქვს დამტკიცებული დადგენილება პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ. სხვა მუნიციპალიტეტებში აღნიშნული წესი დადგენილიც კი არ არის.

უსახლკარო პირთა ერთიანი რეესტრი არ არსებობს, რადგან სოციალური მომსახურების სააგენტოს მხოლოდ თბილისში, სამტრედიასა და სიღნაღში რეგისტრირებული უსახლკარო პირების მონაცემები აქვს.

 

„მთის ამბები“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მაღალმთიან დასახლებებში უსახლკარო პირთა უფლებების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს და მთაში უსახლკარო პირთა მდგომარეობის შესახებ ვრცელ ანგარიშს მალე გაგაცნობთ.

 

ვიდრე მთავრობა ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, 85 წლის კაზდო ბებოს შქმერში ერთი თბილი ოთახი რომ ჰქონდეს, ვიწყებთ კამპანიას მის მხარდასაჭერად.

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #კაზდობებოსთვის
Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში