საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საკუთარი ჭერიც კი არ აქვთ, მაგრამ მაინც დაბრუნდნენ არხოტში, საზღვართან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:07 - 22 ივნისი 2021 hits 19508

33 წლის გიორგი ნაროზაული, საქართველო-ინგუშეთის საზღვართან, არხოტის ხეობაში საცხოვრებლად მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადავიდა. გიორგის არხოტში საკუთარი ჭერიც აღარ აქვს, თუმცა გერმანიიდან ახალდაბრუნებულს, ამან ხელი ვერ შეუშალა, გადაწყვეტილება სისრულეში მოეყვანა და ახიელში, დროებით, ნათესავის სახლში დაბინავდა.

5 წლის იყო, როცა მშობლებმა პირველად კავკასიონის გადაღმა წელთგზით გადაიყვანეს. წელთგზა საფეხმავლო ბილიკია, რომელიც არხოტის ხეობას დანარჩენ საქართველოსთან, უღელტეხილის გავლით აკავშირებს. პირაქეთა ხევსურეთის სოფელ როშკიდან, სადაც სამანქანო გზა წყდებოდა, არხოტამდე 28 კილომეტრია. 2017 წლამდე, არხოტიონებს, რომელთა ოჯახის წევრები და ნათესავები ძირითადად გარდაბნის სოფელ გამარჯვებაში, დუშეთის სოფელ მლაშეში და დედოფლისწყაროს რაიონში ცხოვრობენ, ამ ბილიკით უნდა ესარგებლათ. არხოტს სამანქანო გზა მხოლოდ ინგუშეთის მხრიდან უდგებოდა. 1994 წლამდე, ვიდრე რუსეთი საქართველო-ინგუშეთის საზღვარს ჩაკეტავდა და სამხედროებს ჩააყენებდა, არხოტიონები ამ გზის გავლით ჯერ ვლადიკავკაზში ჩადიოდნენ, იქიდან კი თბილისში. უგზოობამ და სატელეფონო კავშირის არქონამ არხოტის ხეობა ისე დაცალა, რომ ჭიმღაში ერთადერთი კაცი გიგლა ოჩიაური შემორჩა, ამღაში სანდუა წიკლაური და მისი შვილები, ახიელშიც ოთხი ადამიანი - შიო ოჩიაური, ელისო და ომარ ნაროზაულები, ჯარჯი ცისკარაული.

„საუკუნის პროექტი“ უწოდა „ქართულმა ოცნებამ“ ხევსურეთში, როშკა-არხოტის გზის გაჭრას, რომელზეც 2015-2017 წლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2017 წლის ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ახალგაჭრილ გზაზე, თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის მაჟორიტარმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „ჩაიქროლა“ სატელევიზიო კამერების თანხლებით და ქვეყნის მოსახლეობას ამცნო, რომ ისტორიაში პირველად, ინგუშეთის საზღვართან მდებარე არხოტი დანარჩენ საქართველოს საავტომობილო გზით დაუკავშირდა. დეპუტატი თბილისში იმავე დღეს დაბრუნდა, არჩევნებმა ჩაიარა, არხოტი კი პირველივე თოვლის მოსვლისთანავე ისევ უგზოდ დარჩა.

ბოლო 4 წელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთრით“ ხსნის, რომ არხოტის გზა სექტემბრის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე ჩაკეტილია. სინამდვილეში, ხელისუფლებამ გზის გასაწმენდად, ერთი ნორმალური ტრაქტორის დროულად მობილიზებას ვერ მოაბა თავი. გამონაკლისი იყო 2019 წელი, როცა არხოტში, ადგილობრივი მოსახლეობის ენერგომომარაგებისთვის განკუთვნილი მცირე ჰესის მშენებლობის გამო, გზა 20 დეკემბრამდე შენარჩუნდა.

ამ გზას საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ გზის გაჭრამ და არხოტის ხეობის ინტერნეტიზაციამ შეუწყო ხელი ხეობაში რამდენიმე ახალგაზრდის დამკვიდრებას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში გიორგი სამუშაოდ გერმანიაში იმყოფებოდა. საქართველოში გასული წლის დეკემბერში დაბრუნდა. მალევე, თებერვალში შეიტყო, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლოთ, საათში 9.50 ევროს ანაზღაურებით. „გერმანიაში წასვლა აღარც მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ იქ მუშაობით, ხელფასითაც კმაყოფილი ვიყავი. საქართველოში ყოფნა ვამჯობინე. მირჩევნია, აქ ვიწვალო, ჩემს ქვეყანაში. მთავარია, ზარმაცი არ იყო. კი, დიდი ფიზიკური ჯაფა გვიწევს, მაგრამ აქ მირჩევნია, ოჯახთან ერთად“, - გერმანიაში ფიზიკური მუშაობით დაგროვილ მცირე თანხას საქართველოში სესხიც დაამატა და საქონელი იყიდა. არხოტის გზის გახსნას აპრილიდან ელოდებოდა. გზა წელსაც დაგვიანებით, 16 ივნისს გაიხსნა. გიორგი არხოტში მანამდე გადავიდა, წელთგზით, ცოლ-შვილი კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაიყვანა. დათა 7 წლის არის, თეკლა ორწლინახევრის. სასწავლო წლის დაწყებამდე მეუღლესთან და შვილებთან ერთად არხოტში დარჩება. სკოლებში სწავლა რომ დაიწყება, ოჯახი იძულებულია ორად გაიყოს, რადგან არხოტში სკოლა არ არის.

ბევრს კი არ ითხოვენ არხოტიონები - ერთ გამართულ ტრაქტორს, გზა პირველივე თოვლის მოსვლისთანავე რომ არ ჩაიკეტოს და დუშეთსა და თბილისში არ ეხვეწებოდნენ ტექნიკის გაგზავნასა და გზის გაწმენდას; სკოლას - ხეობაში მცხოვრებ არხოტიონებს სასკოლო ასაკის სულ მცირე 7 ბავშვი ჰყავთ ბარში გახიზნული, რომლებიც უმეტესად მშობლების გარეშე იზრდებიან; მედიკამენტებს და ზოგჯერ მაინც ექიმს ამბულატორიაში.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში