საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ენგურის გადალახვა სიცოცხლის ფასად - ოთხი მსხვერპლი გალიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:48 - 08 აპრილი 2021 hits 11894

რედაქციის განმარტება: ფოტო მძიმე სანახავია, თუმცა რედაქციამ მისი გამოქვეყნება გადაწყვიტა, რადგან ის ზუსტად ასახავს ამ ტრაგედიის სიმძაფრეს.

29 წლის თამუნა ცატავა, 39 წლის მაყვალა გამისონია, 47 წლის ელგუჯა გვალია და 61 წლის თამაზ ბასლანძე - მდინარე ენგურმა ოთხი ცხედარი გუშინ გამორიყა. ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში ცხოვრობდნენ. 6 აპრილს, გამთენიისას, ზუგდიდის რაიონში გადმოსვლას ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ, თუმცა მდინარეში შესვლის შემდეგ წყალი მოულოდნელად ადიდდა.

მაყვალა გამისონია და ელგუჯა გვალია ცოლ-ქმარი იყვნენ. გალში 8 წლის ბავშვი დარჩათ. თამუნა ცატავა ელგუჯა გვალიას ძმის ცოლი იყო. მას 4 და 8 წლის მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა. სამი ცხედარი ზუგდიდის სოფელ შამგონასთან იპოვეს, მეოთხე კი ორსანტიაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა ენგურის ხიდზე მოწყობილი ე.წ. გამშვები პუნქტი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელიც. მას შემდეგ ენგურის ხიდი რამდენჯერმე გაიხსნა, რომ აფხაზეთში მცხოვრებნი, რომლებიც პანდემიის დროს მდინარის მეორე მხარეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩარჩნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ.

2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს, ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცათ. ეს გადაწყვეტილება გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის შეღავათი იყო, თუმცა, ამან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა არსებითად ვერ შეცვალა.

მოსახლეობას სირთულეებს უქმნის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში, სამართალდამცავები ენგურის ხიდზევე იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელიც წყვეტს, პირი საკარანტინო სივრცეში მოათავსონ თუ საავადმყოფოში. სამი კვირის წინ, ზუგდიდის რაიონში სამკურნალოდ გადმოვიდა გალის რაიონული საავადმყოფოს ექთანი ნარგიზა აბუთიძე. ახლობლების თქმით, მას გულის უკმარისობა ჰქონდა. სასწრაფოს ბრიგადამ ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ მიიჩნია და ნარგიზა აბუთიძე ანაკლიაში, საკარანტინო სასტუმროში მოათავსეს. ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

„ასეთ ვითარებაში გალელი ექთნის გარდაცვალებამ ადამიანებს იმედი დაუკარგა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც მძიმე ვითარება იყო. პანდემიამ სოციალური ფონი უფრო მეტად დაამძიმა. წელიწადზე მეტია გადაადგილება შეზღუდულია. იქ უკვე გაუსაძლისია ცხოვრება. ადამიანებს ელემენტარული პირობები აღარ აქვთ და მზად არიან, ნებისმიერი რისკის ფასად გადმოვიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი.

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად ან ტყით გადმოდიან, ან მდინარის გადმოლახვას ცდილობენ.

6 აპრილს ენგურში დამხრჩვალი თამუნა ცატავას მეგობარმა, გალში მცხოვრებმა სოფო გაბელიამ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ თამუნას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ზუგდიდში ექიმთან მისვლას აპირებდა. მისივე თქმით, თამუნა უკან იმავე ან მომდევნო დღეს უნდა დაბრუნებულიყო:

„საქართველოს მთავრობამ ცხოვრება მოუსპო 29 წლის გოგოს. ეს მთავრობაა? კარანტინში 5 დღე ვერ დარჩებოდნენ, ბავშვებს ამდენ ხანს ვერ დატოვებდნენ“.

„ადგილობრივი მკვიდრისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხობის სამსახურის საზღვრის კონტროლის ჯგუფი იმ მომენტში გალის რაიონში არ იმყოფებოდა. მათ დაიწყეს ენგურის გაღმა გასვლა. ვერ შეაფასეს მდინარეში წყლის დონე, ვერ გაუმკლავდნენ დინებას, რამაც ფატალური შედეგები გამოიწვია“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა. დე ფაქტო უშიშროების მონაცემებით, დაახლოებით დილის 03:00 საათზე ენგურჰესიდან წყალი იყო გაშვებული, რამაც მდინარეში წყლის დონე გაზარდა.

ენგურჰესის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის გამო. ადმინისტრაცია ირწმუნება, უხვი ნალექი რომ არა, 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება.

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის აპრილის შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაიკეტა, მდინარე ენგურის გავლით „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს. როდესაც ენგურის ხიდის ე.წ. გამშვები პუნქტი სრულად იყო გახსნილი, დღიურად 1500-მდე ადამიანი სარგებლობდა, დღეისათვის კი ეს რიცხვი 20-მდე შემცირდა.

უჩა ნანუაშვილს კიდევ უფრო საგანგაშო მონაცემები აქვს ოკუპირებული აფხაზეთიდან. 2021 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო 3000 ადამიანი დააკავეს:

„გასულ წელთან შედარებით რიცხვი გასამმაგებულია. „ძალიან ბევრს აქვს კონკრეტული საჭიროება და გადმოდიან ზუგდიდის რაიონში იმისთვის, რომ საკვები, მედიკამენტები იყიდონ, ბანკში მივიდნენ, დახმარება ან პენსია აიღონ. ამისთვის მათ ერთი დღე სჭირდებათ, დილით რომ გადმოვიდნენ და საღამოს უკან დაბრუნდნენ, მაქსიმუმ მეორე დღეს, თუ აქეთ, ზუგდიდში ნათესავთან დარჩენას ახერხებენ. ისინი გალში, სახლში ტოვებენ ხანდაზმულებს, არასრულწლოვან ბავშვებს, შინაური ცხოველები ჰყავთ, რომელსაც მოვლა სჭირდება. ამიტომ ცდილობენ გამგზავრების პერიოდი ხანმოკლე იყოს. 5 საკარანტინო დღე მათ უჭირთ ასეთი საკითხების მოგვარება“.

[ვიდეოში გამოყენებულია "აფხაზური ამბების" მიერ გავრცელებული კადრები და ფრაგმენტები ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმიდან]

წლების განმავლობაში გელა ხასია გალიდან სამეგრელოში ტყის გავლით გადმოდიოდა. გალის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან, ზუგდიდის რაიონში მოხვედრას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. გელა ამბობს, რომ ტყით სიარული ძალიან საშიშია, რადგან რუსი სამხედროები ყველაზე მეტად სწორედ ტყეს აკონტროლებენ და ბევრს იჭერენ:

„ამ გზით არაერთხელ გადმოვსულვარ, რადგან ე.წ. პასპორტი არ მქონდა. ოჯახის წევრები მდინარით არ მიშვებდნენ, ეშინოდათ. ენგურზე 1 კილომეტრამდე მონაკვეთი ფეხით უნდა გაიარო. რუსების ე.წ. საგუშაგო მდინარიდან 500 მეტრში დგას. ადგილობრივები ამას ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ როგორც ვიცით, ენგურზე გადის არხი, საიდანაც წყალს რუსი მესაზღვრეები ზუსტად მაშინ უშვებენ, როდესაც მდინარეზე ფეხით მიმავალ ადამიანებს შენიშნავენ.

გალში პროდუქტი ძალიან ძვირი ღირს, თითქმის სამჯერ მეტი, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. ტანსაცმელი საერთოდ არ იშოვება. აფთიაქები არის, მაგრამ წამლების არჩევანი მწირია. არის პარაცეტამოლი და ციტრამონი. ბევრი დასახელების მედიკამენტს უბრალოდ ვერ იშოვი. გალის მცხოვრებლები ზუგდიდში მოსახვედრად ე.წ. გამცილებლებს ქირაობენ და დაახლოებით 500-1000 მანეთს უხდიან, რადგან მათ კარგად იციან გზები და რუსული საგუშაგოს დღის წესრიგი“, - გელა ხასიას თქმით, ენგურზე დაჭერილ საქართველოს მოქალაქეებს „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ ერთჯერადად 3 000 რუბლით აჯარიმებენ, რაც დაახლოებით 135 ლარია.

თამუნა ცატავას და ტამაზ ბასლანძის ცხედრები გალში დღეს გადაასვენეს. მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვალიას ხვალ გადაასვენებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა, როგორც აფხაზეთში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო ძალებზე ე.წ. გამშვები პუნქტი მთლიანი მოსახლეობისთვის გაიხსნას. ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს.

უფლებადამცველები მთავრობას რამდენიმე გამოსავალს სთავაზობენ: აფხაზეთიდან გადმომსვლელები კორონავირუსზე სწრაფი ტესტებით შემოწმდნენ ან პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის დროებითი დახმარების პროგრამა განხორციელდეს. „რამდენიმე წინადადება შევთავაზეთ ხელისუფლებას, მაგრამ პასუხი არ არის. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება არ იჩენს სათანადო ყურადღებას იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებობს. გალში მოსახლეობის შენარჩუნება ეროვნული ინტერესების საკითხია, ადამიანები სასიკვდილოდ არ უნდა გავიმეტოთ“, - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი

მდინარე ენგურის გადაცურვის დროს, 2020 წელსაც დაიღუპა 2 ადამიანი.

ავტორი: თამარ გეგენავა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში