საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ონლაინგაკვეთილები უინტერნეტოდ - როგორ (ვერ) სწავლობენ ბავშვები საქართველოს მთიანეთში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:32 - 19 დეკემბერი 2020 hits 14931

დილის 09:55 საათია. 16 წლის ნინო ხაჭვანს საქართველოს ეთნოგრაფიის გაკვეთილი აქვს. Covid 19-ის გამო, სკოლის ზარის ნაცვლად ახლა მას ინდირა მასწავლებელი უხმობს, ტელეფონზე ურეკავს და აფრთხილებს, რომ ადგილი შეარჩიოს და დისტანციური სწავლების პროგრამა თიმსში ჩაერთოს. ნინო ქურთუკს იცვამს, ქოლგას იღებს და გარეთ გადის.

ჯერ ეზოში, ჭიშკართან ჩერდება. აქ ყველაზე კარგად უნდა იჭერდეს მობილური ინტერნეტი. ინდირა მასწავლებელი რეკავს. მისალმებისთანავე კავშირი წყდება. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ნინო მეზობლის ბოსტნის გავლით მთისკენ მიიწევს, უფრო შემაღლებულ და შიშველ ადგილას. ნაკვეთის შუაგულში ინტერნეტი კი მიიღო, მაგრამ სცივა. სახლის კედელზე მიმაგრებული ტემპერატურის საზომი 2 გრადუსს აჩვენებდა. ძალიან რომ არ შესცივდეს, მოძრაობას იწყებს, რამდენიმე ნაბიჯზე ინტერნეტკავშირი კვლავ წყდება. 20 წუთიან გაკვეთილს ნინო 8-ჯერ გამოეთიშა.

„ვეღარაფერს ვიგებ. მერე თანაკლასელს ან მასწავლებელს ვურეკავ ტელეფონით და დავალებას ისე ვინიშნავ, მაგრამ ხშირად დავალებასაც ვერ ვასრულებ. ამისთვისაც ინტერნეტი მჭირდება, რომელიც არ გვაქვს“,- ნინოს კიდევ ოთხი პატარა და-ძმა ჰყავს, ოჯახში კი ერთი ტელეფონი აქვთ. ბავშვები გაკვეთილებს მონაცვლეობით ესწრებიან.

ნაბოლარა ლუსი 7 წლის არის და მე-2 კლასშია. დისტანციური სწავლებისას გაკვეთილს რომ დაესწროს, ისიც გარეთ, ღია ცის ქვეშ უნდა დადგეს. უფროსი და-ძმები მასზე განსაკუთრებით ზრუნავენ, რომ არ გაცივდეს, მაგრამ ქვემო სვანეთში მკაცრი კლიმატური პირობებია. ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში რომ მოთოვს, ზამთარი აპრილამდე გრძელდება. თოვლის სიმაღლე ზოგჯერ ერთ მეტრსაც აღემატება.

სოფელი ლეუშერი, სადაც ნინოს ოჯახი ცხოვრობს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1040 მეტრზეა. სოფელს მწვერვალი თეკალი დაჰყურებს, რომლის სიმაღლეც 3043 მეტრია.

მთებით გარშემორტყმულ ლეუშერში ახლა მხოლოდ 40 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის ბოლოსწინა, 2002 წლის აღწერის მიხედვით, ლეუშერი 110-ზე მეტ ადამიანს ითვლიდა.

„ცოტა ხალხი ვართ. ჩვენი სოფლიდან სულ 7 მოსწავლეა სკოლაში. ოთხნი ჩვენ ვართ, მე და და-ძმები, სამი სხვა ბავშვია. ინტერნეტიც იმიტომ არ გვაქვს ალბათ, რომ ასე ცოტა ხალხი არავის ვედარდებით. ინტერნეტის გარეშე კი სწავლა ძალიან გვიჭირს.

სოფელში არცერთი წრე არ არის, რამე დამატებით რომ ისწავლო. არც კულტურის სახლია, აღარც ბიბლიოთეკა. ინტერნეტი ამ დანაკლისის შევსების ერთადერთი საშუალებაა, მაგრამ ჩვენ ეგეც არ გვაქვს. ამიტომაც მიჰყავთ მშობლებს ბავშვები აქედან, ვისაც საშულება აქვს. ახალგაზრდებიც უმეტესად მიდიან, განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ და სოფლები ცარიელდება. მხოლოდ ის, რომ აქ დაიბადე, გაიზარდე და აქაურობა გიყვარს, ვერ დაგამაგრებს, ხელშემწყობი პირობებიც უნდა გვქონდეს. შეიძლება სვანეთი ქალაქად ვერ ვაქციოთ, მაგრამ ნორმალური ინტერნეტი მაინც ხომ უნდა იყოს“? – გვეუბნება ნინო და წუხს, რომ მისი სოფლის გარდა ინტერნეტი არც მეზობელ სოფლებში აქვთ.

ნინო 13 საგანს სწავლობს, რომელთა შორისაა ისტორია და ეთნოგრაფია. ამ საგნის ახალგაზრდა მასწავლებელი ინდირა ბენდელიანი პანდემიის გამო 4 სხვადასხვა კლასს გაკვეთილებს ონლაინ უტარებს.

„ჩვენთან, მთაში, ინტერნეტი ან ცუდი ხარისხისაა ან საერთოდ არ არის, WiFi-ზე საუბარიც ზედმეტია. ონლაინგაკვეთილების ჩატარების დროს, მეც და მოსწავლეებსაც ხშირად გვიწყდება კავშირი.

ამიტომ, შემდეგ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად, მობილურზე ვურეკავ და ისე ვუხსნი დეტალებს. ბავშვები მაღალმთიან სოფლებში ვერ ახერხებენ ისეთივე განათლების მიღებას, როგორც ქალაქში. პანდემიის პირობებში, განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა ტელე-სკოლების საშუალებით ცოდნის მიღება, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა ვიდეო გაკვეთილებს აწვდიან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთიანეთში, ყველგან ციფრული კავშირიც არ არსებობს და ამიტომ ამ რესურსსაც ბავშვები ვერ იყენებენ“ - ამბობს ინდირა ბენდელიანი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში, სულ 39 მოსწავლე და 19 მასწავლებელია. ონლაინგაკვეთილების დროს მეცადინეობისას, ხშირად მასწავლებლები ხვდებიან, რომ მოსწავლეებმა კარგად ვერ აითვისეს წინა პერიოდში მიღებული ცოდნა და ამიტომ თავიდან უწევთ ძველი გაკვეთილების გამეორება.

საქართველოს განათლების სამინისტროს, ჯერ არ გამოუქვეყნებია კვლევა, თუ რა ზეგავლენა მოახდინა კოვიდ პანდემიამ სწავლების ხარისხზე.

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია საქართველოში, 400-ზე მეტი სოფლიდან ფართოზოლოვანი ინტერნეტი საერთოდ არ არის 289 სოფელში, მობილური ინტერნეტი ხელმიუწვდომელია 60-მდე სოფელში, 250-ზე მეტ სოფელში კი მხოლოდ დაბალი სიჩქარის მობილური ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბავშვებს მასობრივად ტოვებს განათლების გარეშე. ამ რეგიონში 93 სკოლაა, სადაც 4420 ბავშვი სწავლობს.

რაიონულ ცენტრებთან შედარებით, სოფლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი უარესია და ეს მაშინ, როცა 2017 წლიდან ამ უფლებაზე ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაშიც კი ჩნდება - „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება“ (მე-17 მუხლი).

„ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში მმართველი პარტიაა, მოსახლეობას ქვეყნის სრულ ინტერნეტიზაციას პირველად 2014 წელს დაპირდა.

„ქართული ოცნების“ 2015 წლის ბანერის მიხედვით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს 2000 სოფელში უნდა შესულიყო მაღალხარისხიანი და იაფი ინტერნეტი.

2016 წლის თებერვალში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციას დაახლოებით 150 მილიონი დოლარით, „ქართული ოცნების“ ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამაში წერდა, რომ ააშენებდა 8000 კილომეტრ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ზე მეტს ინტერნეტი ექნებოდა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტისთვის სამშენებლო სამუშაოები არც 2016 წელს და არც მომდევნო 3 წლის განმავლობაში არ დაწყებულა.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მთავრობამ გაიმეორა იგივე, რაც 2016 წელს, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს დაპირდა - ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს და ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტთან წვდომა.

2020 საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, დაპირებების ახალი ეტაპი დაიწყო. იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების სტრატეგია დაამტკიცა და საყოველთაო ინტერნეტიზაციაც ხელახლა დაანონსდა. პროექტს ამჯერად Log In Georgia ჰქვია, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულდეს. აგვისტოში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ „მსოფლიო ბანკი“ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს 40 მილიონი დოლარით დააფინანსებდა და ათასამდე დასახლებული პუნქტი მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებდა.

ასე პომპეზურად, რამდენჯერმე დაანონსებული ინტერნეტიზაცია, სინამდვილეში სულაც არ არის „საყოველთაო“. ეს პროგრამა მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებს მოიცავს, სადაც ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში კერძო კომპანია არ გეგმავს ინტერნეტის გაყვანას და სადაც მოსახლეობა მეტია ან ტოლია 200-ის.

საქართველოში 1586 ისეთი სოფელია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია.

ავტორი: ლევან ონიანი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში