საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ცხოვრება რისკის ფასად და რუსული ფულის იმედად მიტოვებული ჯავახეთი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:47 - 16 ოქტომბერი 2020 hits 18461

„ის სოფელი ასფარაა. მახსოვს, 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ჩვენს თვალწინ დაიცალა, ბოლო 20 წელში. ერთი კაციღა ცხოვრობს. პრობლემემი თუ არ გადაწყვიტეს, მალე ახალი ხულგუმოც ნასოფლარი იქნება.

სახლებს ხომ ხედავთ? ნახევარზე მეტი უკვე ცარიელია. ყველა წავიდა. არ შეეძლოთ აქ ცხოვრება, ძნელია. ნინოწმინდა აქედან 40 კილომეტრშია. სოფელში არაფერი გვაქვს, არც საბავშვო ბაღი, არც ექიმია, არც მაღაზია. ამბულატორია დადგეს და რისთვის? ექიმი არასდროს ყოფილა. სულ დაკეტილია. გაზი არ გვაქვს, წივას (საწვავად გამოყენებადი გამხმარი ფუნა) ვამზადებთ და იმით ვთბებით.

ზამთარში რაიონში რომ წავიდეთ, 500 ლარი გვჭირდება. გარანტია არ გაქვს, რომ წასული უკან დაბრუნდები. რატომ? როდესაც ჩემი მეუღლე მშობიარობდა, ჩემი „ვილისით“ წავედით. არ ვიცოდი, მივაღწევდით საავადმყოფომდე თუ ორივე დავიღუპებოდით. გზაზე ძლიერი ქარი იყო, ქარბუქი. ხანდახან თუ ჩავრჩით, ტრაქტორის გამოძახება გვიწევს, რომ არ გავიყინოთ ან არ დავიმარხოთ.

ხშირად სოფელში საწვავიც კი არ არის. ეს საკითხი, შარშან, დეპუტატები რომ იყვნენ, მაშინაც დავაყენეთ“, - გენადი გიგილოვს ახალ ხულგუმოში არსებულ პრობლემებზე ბევრი შეუძლია გელაპარაკოს, მაგრამ მისთვის და თანასოფლელებისთვის მთავარი პრობლემა მაინც უგზოობაა.

სოფელი ახალი ხულგუმო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირას მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 2150 მეტრზე. წალკა-ნინოწმინდის გზიდან სოფლამდე 3 კილომეტრია. ადგილობრივები ზამთარში სამანქანო გზით ვერ სარგებლობენ.

სიკვდილის გზა

სამსარისა და ჯავახეთის ქედებიდან ძლიერი ქარის დროს წამოსული ნამქერი გზას მთლიანად ფარავს და გაუვალს ხდის. ტრაქტორიც იშვიათად წმენდს. ახალი ხულგუმოს მოსახლეობისთვის გამოსავალი გაყინულ ტბაზე მოძრაობაა რაც სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

20 წლის ბორის თოფალიანი და სამი ძმა - 24 წლის ოგანეს გიგილოვი, 25 წლის ვიტალი გიგილოვი, 26 წლის ესაი გიგილოვი 2004 წლის 7 დეკემბერს ტბაზე გადიოდნენ, როცა ყინული ჩატყდა და მანქანით შიგ ჩავარდნენ. ოთხივე ახალგაზრდა დაიღუპა. 2009 წლის 28 ნოემბერს გაყინულ ტბაზე გადასვლისას, ყინული 15 წლის პოღოს ჩივჩიანსაც ჩაუტყდა. ბავშვმა დაყვირება მოასწრო. დასახმარებლად მისი 16 წლის ძმა, რომანი გაიქცა. ყინული ისევ ჩატყდა და ორივე ძმის სიცოცხლე შეიწირა.

„ახალ ხულგუმოსთან სამანქანო გზა არასდროს არ იკეტება. როცა ქარბუქია, მხოლოდ მაშინ ვერ ვწმენდთ სოფლამდე მისასვლელ გზას. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ახალ ხულგუმოში ცოტა ბავშვია, ალბათ, 15. უფრო მეტი ბავშვი გვყავს როდიონოვკაში და 2021 წელს, იქ ვაპირებთ საბავშვო ბაღის აშენებას“, - უთხრა „მთის ამბებს“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

ვრისკავთ, როცა არჩევანი არ გვაქვს

სახიფათოა, მაგრამ ზამთარში, როცა ფარავნის ტბის ზედაპირი მთლიანად იყინება, ეგორი და ანდრეი მაინც თევზაობენ. გაყინულ ტბაში ყინულის ორმოებს ჭრიან და თევზს ისე იჭერენ. ფარავანში რამდენიმე სახეობის თევზი ბინადრობს. მეთევზეობა ფარავნის ტბის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ყოველდღიური და სტაბილური შემოსავლის წყაროა.

ანდრეი 30 წლის არის. ერთი შვილი ჰყავს. სათევზაოდ ტბაში ნავით ყოველ დილით, 7 საათზე შედის და 12-ზე გამოდის. საღამოს კვლავ გადიან. ტბაში 4 საათზე შესულები, უკან, გვიან საღამოს ბრუნდებიან, ზამთარში, როცა დღე მოკლეა, სახლში დაბრუნება დაღამებულზე უწევთ. მთელი დღის ნადავლი 10 კილოგრამი ჭაფალაა. კილოგრამ ჭაფალას გადამყიდველებს 4-5 ლარად აბარებენ. „მყიდველი ამ ფასით მოხარულია. მისთვის კარგია, მაგრამ  ჩვენთვის, იმისთვის რომ სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო... ახლა ძლიერი ქარია. ასეთ ამინდში თევზაობა სახიფათოა, მაგრამ მაინც შევდივართ. ვრისკავთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს“, - ანდრეი და მისი თანასოფლელი მეთევზეები შიშობენ, რომ შესაძლოა, ფარავნის ტბა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში მოექცეს და თევზაობა აუკრძალონ.

ფარავნის და საღამოს ტბები ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 2021 წლის 01 იანვრიდან უერთდება. „მთის ამბებს“ გარემოს დაცვის სამინისტროში განუმარტეს, რომ დაგეგმილია ორივე ტბის გაწმენდა ნარჩენი ბადეებისგან, შემდგომ ეტაპზე კი ტბების დათევზიანება, რათა ამ ტბებში დამახასიათებელი სახეობების დაცვა-აღდგენა ხელი შეუწყონ. თევზაობა რეგულაციებს დაექვემდებარება. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ადგილობრივ მეთევზეებს ტრადიციული თევზაობის საშუალება ექნებათ.

ანდრეის საქონელიც ჰყავს, თუმცა საძოვრებით მდიდარ სოფელში, მესაქონლეობის განვითარებას ვეღარ ახერხებენ: „540 ჰექტარი მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს აღებული იჯარით. წელს მისი იჯარის ვადა ამოიწურა, მაგრამ მაინც სარგებლობს. თვითონ თუ რაიონს 3 000 ლარს უხდის გადასახადს, სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ მეცხვარეებს ქირით აძლევს 20 000 ლარად. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, სოფლის საძოვრებია და ვერ ვსარგებლობთ. ნინოწმინდაში ვიყავით და რაიონის ხელმძღვანელობას შევხვდით. ვთხოვეთ, თუ მიწას გაყიდდნენ ან იჯარით გასცემენ, ჩვენ მოგვცენ, სოფლის მოსახლეობას და არა ვიღაც მილიონერს“.

ახალი ხულგუმო გამონაკლისი არაა, სადაც ადგილობრივებს საძოვრებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ნინოწმინდის სოფლებში ორლოვკაში, გორელოვკაში, ჟდანოვაკანში, საღამოში, ოროჯალარსა და ეშტიაში, წელს არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და თანამდებობის პირების ან მათთან დაახლოებული ადამიანების მიერ, ათასობით ჰექტარი სათიბისა და საძოვრის „ხელში ჩაგდება“ გააპროტესტეს. საძოვრების პრობლემის შესწავლისა და რეაგირებისთვის ნინოწმინდის საკრებულოში სამუშაო ჯგუფიც შექმნეს, თუმცა ადგილობრივები მას არ ენდობიან. ამას იმით ხსნიან, რომ ერთ-ერთი მთავარი პირი, ვინც სოფლის საძოვრებს დაეპატრონა, თვითონ საკრებულოს თავმჯდომარეა.

გორელოვკაში 170 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე სუმბატ კიურეღიანია, რომელიც 2013 წლიდან დღემდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. კიურეღიანს 159 ჰექტარი 2015 წელს აქვს ნაყიდი 50 ათას ლარად. ერთ ჰექტარში მას 314 ლარი აქვს გადახდილი.

სუმბატ კიურეღიანის დედის, მარგარიტ კიურეღიანის საკუთრებაშია სოფელ გორელოვკაში მდებარე 137 ჰექტარი; ამავე სოფელში 131 ჰექტარის მესაკუთრეა საკრებულოს თავმჯდომარის მამა სეირან კიურეღიანი, რომელიც ნინოწმინდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. მხოლოდ კიურეღიანების ოჯახი გორელოვკაში 438 ჰექტარს ფლობს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, 2019 წელს სამცხე-ჯავახეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 11 ათასითაა შემცირებული და ჯამში 105 ათასს შეადგენს.

სამცხე-ჯავახეთში შემოსავლის კიდევ ერთი წყარო კარტოფილის წარმოებაა, რაც ბოლო ოთხ წელში მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2016 წელს რეგიონში კარტოფილის მოსავალი 160 ათასი ტონა იყო, 2019 წელს 115 ათასს აღარ აღემატება. ადგილობრივების თქმით, კარტოფილის წარმოების შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია რუსეთში, მძიმე შრომა და პროდუქტის დაბალი ფასი.

„ჩვენი სამუშაო კარტოფილია. მეტი არაფერია, სად უნდა იმუშაო? აქ მხოლოდ მასწავლებლები მუშაობენ. ახალგაზრდები რუსეთში მიდიან, ვისაც შეუძლია. დანარჩენები კარტოფილზე ვწვალობთ. 50-60 თეთრად ვყიდით. წინასაარჩევნოდ გვპირდებიან, რომ საწარმოს ააშენებენ და კარტოფილს აქ ჩავაბარებთ. არჩევნები გადის და ყველაფერი ისევ ისე რჩება როგორც იყო, ყველა გვატყუებს. არჩევნების შემდეგ არ გიცნობენ, არ იცნობ“, - 68 წლის რუბიკ მგდიჩიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანიდანაა. მისი სოფლიდან ახალგაზრდები რუსეთში სამუშაოდ ყოველი მეორე ოჯახიდან არიან წასული.

ქართული პროგრამები რუსული გავლენების პირისპირ

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკურად სომეხი მოქალაქიდან ქართულ ენას თავისუფლად მხოლოდ 16 676 ფლობს - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები. უფრო ახალი ინფორმაცია არ არსებობს.

2010 წლიდან საქართველოში 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, რომელიც სრულად ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ პროგრამით უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ, უმაღლესი განათლება საქართველოში გამარტივებული წესით მიიღონ. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2010 წელს 1+4-ით 247-მა აბიტურიენტმა ისარგებლა, 2019 წელს კი 1335-მა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ეროვნულ უმცირესობებს ქართულ ენას 3 რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში მდებარე რეგიონულ სასწავლო ცენტრებსა და მობილურ ჯგუფებში ასწავლის.

კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ისახავს მიზნად, არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამაა. ნინოწმინდისა და ახალქალაქის სკოლებში კონსულტანტ და დამხმარე მასწავლებლები არიან მივლინებული. ორივე რაიონში 86 საჯარო სკოლაა, პროგრამა ნახევარსაც ვერ ფარავს.

ხატია მეკოკიშვილი კახეთიდან ჯავახეთში სამუშაოდ 8 წლის წინ ჩავიდა. პირველი თვეები ძალიან გაუჭირდა. მან სომხური არ იცოდა, მის გარშემო ქართულად ვერ საუბრობდნენ. „ენის ბარიერის გამო სოფლიდან ქალაქში ჩასვლაც კი ჭირდა. არანაირი წყარო არ არსებობს, რომ ქართულ ენაზე ისაუბრონ და კომუნიკაცია ჰქონდეთ. ერთადერთი ასეთი ადამიანი ამ ბავშვებისთვის მე ვარ. თავდაპირველად ჩვენი მიმღებლობაც ნაკლები იყო, უცხოები ვიყავით, შიშის მომენტიც ჰქონდათ. მერე იმდენად შეიცვალა მდგომარეობა, რომ ერთი წლით ჩამოსული, აგერ, უკვე მე-9 წელია დავრჩი და აქ ცხოვრებას ვაგრძელებ“, - ხატია ქართულ ენას ახლა გომანის საჯარო სკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ ქართული ენის სწავლების პარალელურად, ჯავახეთში პრორუსული განწყობების შემცირებაც შეინიშნება იმის მიუხედავად, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება დღემდე მაღალია.

ჯავახეთში მზარდია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც სასწავლებლად რუსულ-სომხურ უნივერსიტეტს ირჩევს. ერევანში მდებარე უნივერსიტეტში ჯავახეთიდან პირველი სტუდენტი 2015 წელს ჩაირიცხა. მაშინ სასწავლებელმა მხოლოდ სამი ადგილი გამოყო საქართველოს მოქალაქეებისთვის, 2019 წელს კი კვოტა 80-მდე გაზარდა. სწავლის ხარჯებს მთლიანად უნივერსიტეტი აფინანსებს.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევით, საქართველოს სომხურ დასახლებებში გამოკითხულთა 65 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. 53 %-ს კი მიაჩნია, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. ეს მაჩვენებლები საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალია.

ჯავახეთში მოსახლეობის ინფორმაციის ძირითადი წყარო რუსული და სომხური ტელეარხებია.

ბოლო წლებში ჯავახეთის მოსახლეობისთვის ინფორმაციის სომხურ ენაზე მიწოდება დაიწყეს დამოუკიდებელმა ქართულმა მედია საშუალებებმა - სააგენტომ jnews.ge, რეგიონულმა გამოცემამ sknews.ge, ნინოწმინდის სათემო რადიომ „ნორი“, ტელეკომპანია „მე-9 არხმა“. მესამე წელია სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობს საქართველოში ერთადერთი რუსულენოვანი ტელეარხი „ტოკ ტვ“, რომლის მიზანიც არის, კონკურენცია გაუწიოს რუსეთის არხებს და ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მიღებისა და გართობის ალტერნატიულ საშუალებად იქცეს. სომხურ ენაზე ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი. პირველი არხის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მოამბე 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომლის მიღებაც მომხმარებლებს სათანადო დეკოდერის (ე.წ სეტ-ტოპ ბოქსების) მეშვეობით შეუძლიათ.

სააგენტო jnews-ის ჟურნალისტი ქრისტინა მარაბიან ამბობს, რომ ადგილობრივი მედიის მომხმარებლების რიცხვის ზრდის მიუხედავად, ჯავახეთში ინფორმაციის ძირითად წყაროდ, ჯერ-ჯერობით მაინც რუსული არხები რჩება:

„როცა მოსახლეობის 80% ფულს რუსეთში გამოიმუშავებს, იქიდან იღებს ეკონომიკურ სარგებელს, როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია რუსეთზე დამოკიდებულება?

ხალხს უნდა, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, რომ მშვიდად წავიდნენ, დაბრუნდნენ და ოჯახები შეინახონ. რადგან ხალხი რუსეთში მიდის სამუშაოდ, ამიტომ არის პრორუსული განწყობაც და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებაც. თუ შეამჩნიეთ, აქ არ არის ფაბრიკები. რისთვის არის საჭირო სახელმწიფო ენა, რომ ვიმუშაოთ სახელმწიფო დაწესებულებებში, აქ ასეთი არ არის. ამიტომ ქართული ენის შესწავლის აუცილებლობაც ნაკლებია. არის სკოლები, იუსტიციის სახლი, მაგრამ იქ უფრო ისეთი ადამიანები მუშაობენ, ვინც განათლება თბილისში მიიღეს. მაგრამ, თუ ჰკითხავთ ისეთ ადამიანს, რომელიც კარტოფილს თესავს ან საქონელს უვლის, მას ქართული ენა ფაქტობრივად არ სჭირდება. ჩვენთან მოსახლეობის 95% სომეხია და ერთმანეთს სომხურად ვესაუბრებით. ამიტომ ქართულად საუბრისთვის გარემო არ გვაქვს. ქართულის ცოდნა საჭიროა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც მუშაობა უნდათ. მაგრამ სამუშაოც არ არის, სად იმუშაონ. ქართული ენის შესწავლისთვის მოტივაციაც ნაკლებია. ყველას ესმის, რომ ეს სახელმწიფო ენაა და უნდა იცოდნენ, მაგრამ რთულია იმ ენის შესწავლა, რომელზეც არ გაქვს კომუნიკაცია“.

Jnews.ge სამენოვანი (სომხური, ქართული და რუსული) ინტერნეტგამოცემაა და საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით, 2014 წლიდან მუშაობს. „ჩვენი მედიის შექმნის მიზანი იყო ის, რომ საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა არამხოლოდ ჯავახეთის მოსახლეობისთვის, არამედ დანარჩენ საქართველოსაც სცოდნოდა, რა ხდება ჩვენთან. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს სტერეოტიპები, რომლებიც ჯავახეთის მოსახლეობას აჩვენებს, როგორც არაპატრიოტს, უცხოს, სეპარატიზმისკენ განწყობილს. რეალურად ეს ასე არაა“, - გვიყვება ქრისტინა და ყურადღებას ამახვილებს, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით ჯავახეთსა და ქვემო ქართლს სახელმწიფო ნაკლებ ყურადღებას აქცევს:

„ახალგაზრდები აქედან მიდიან. ახლა ნაკლებად, რადგან საზღვრები ჩაკეტილია, მაგრამ აქტუალური საკითხია. საზღვრები რომ გაიხსნება, მიგრაციაც განახლდება. საარჩევნოდაც, ჩვენთან ისეთივე „მრავალფეროვნებაა“, როგორიც იყო 30 წლის წინ. იგივე კანდიდატები არიან და რამდენიმე ახალი სახე. დიდი არჩევანი არ გვაქვს“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ჯავახეთში არჩევანი მაჟორიტარობის 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ენზელ მკოიანი, რომელიც 1999 წლიდან, 21 წელია ჯავახეთიდან უცვლელი მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში, არჩევნებში კენჭს მეხუთედ იყრის, ამჯერად საინიციატივო ჯგუფიდან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად სამველ მანუკიანი დაასახელა. მანუკიანიც პარლამენტის მოქმედი წევრია, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. ჯავახეთში კენჭს იყრიან ნინოწმინდის პოლიციის ყოფილი უფროსი არსენ კარაპეტიანი „ევროპული საქართველოდან“. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მელიქ რაისიანია, რომელიც სამი მოწვევის პარლამენტის წევრია, 1995 წლიდან 2008 წლის ჩათვლით.

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, ნინო აბდალაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში