საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ენგურჰესის მსხვერპლი - იდლიანი ტრაგედიებს ითვლის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:08 - 31 ივლისი 2020 hits 19236
გარდაცვლილი გიორგი კვანჭიანის დედა
საზოგადოება
გარდაცვლილი გიორგი კვანჭიანის დედა

გიორგი 24 წლის იყო. შეშას ჭრიდა და ხე დაეცა. მისთვის სამედიცინო დახმარება დროულად რომ აღმოეჩინათ, გადარჩებოდა. სასწრაფომ დაიგვიანა, უახლოეს საავადმყოფომდე გადასაყვანად 3 საათზე მეტი დასჭირდათ და ვერ გადაარჩინეს. ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ, სვანეთში, იდლიანის თემის ოთხივე სოფელთან დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი წყალმა დაფარა და უკვე 35 წელია, მოსახლეობა შემოვლითი, გრძელი, სახიფათო გზით სარგებლობს. გიორგი ერთადერთი მსხვერპლი არ არის.  

„შეშაზე იყო წასული სახლისთვის და ტოტი მოხვდა. აქამდე მოვიდა და მერე ვეღარ მოუსწრო სასწრაფომ. ხიდი რომ ყოფილიყო, ექიმი დროულად რომ მოსულიყო, წავიყვანდით და გადავარჩენდით, მაგრამ... სამხედრო სამსახურში მუშაობდა, ავღანეთშიც იყო. იქიდან ცოცხალი დამიბრუნდა და აქ ხიდი რომ არ გვაქვს, დროულად ვერ დავეხმარეთ. 11 თებერვალს გარდაცვალებიდან 4 წელი უსრულდება“, - გიორგის დედა მერი ჭკადუა იხსენებს, რომ იდლიანში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო დაიღუპა 26 წლის ჯამბულ დავითიანიც: „ისიც შეშის მოსაჭრელად იყო ტყეში წასული. მაშინაც, ექიმმა, დროზე რომ ჩამოგეყვანათ, შეიძლება ფეხიც შენარჩუნებოდა და თვითონაც გადარჩენილიყოო. სასწრაფო ვერ მოვიდა მალე, ვერ მოხერხდა წაყვანა და დაიღუპა“.

იდლიანის თემი მესტიის მუნიციპალიტეტშია, ზუგდიდიდან მანქანით დაახლოებით ორი საათის სავალზე, სოფელ ხაიშამდე. თემი ოთხ სოფელს მოიცავს: იდლიანს, ლებურცხილას, ნაშიხვს და ჭალეს. ოთხივე სოფელში 350-მდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან 280-ზე მეტი იდლიანში, დანარჩენი კი სამ სოფელში.

ზუგდიდი-მესტიის გზასთან, იდლიანს, 1968 წელს აშენებული სამანქანო ხიდი აკავშირებდა. გზიდან იდლიანის ცენტრამდე 700 მეტრი იყო. 1984 წელს, ეს ხიდი, მდინარეში, ენგურჰესისთვის დაგროვილმა წყალმა დაფარა. შემოვლითი გზით, ძველი ხიდის ადგილიდან იდლიანამდე, სულ მცირე 15 კილომეტრია, სოფელ ლებურცხილამდე კი 20-ზე მეტი.

„ხიდის არქონა ძალიან გვაზიანებს. რამდენიმე გარდაცვლილი გვყავს. ახალგაზრდა ბიჭები სისხლისგან დაიცალნენ, ვიდრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვრის საავადმყოფომდე ჩავიყვანეთ. რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს?

აქ არც ექიმია, არც ამბულატორია, საუბედუროდ, ხაიშსაც არ ჰყავს სასწრაფო. იდლიანში ხანძარი რომ გაჩნდეს, ვიდრე სახანძრო მოვა, მანამდე მოთავებულია ყველაფერი“, - ფრიდონ კვანჭიანი 60 წლის არის, იდლიანში დაიბადა და გაიზარდა. საგულდაგულოდ ინახავს 1992 წლის წერილს, რომლითაც ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი მესტიის რაიონის გამგებელს მიმართავს: „დასავლეთ საქართველოს რეგიონში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, წლის დასაწყისიდან დღემდე ვერ მოვახერხეთ, მდინარე ენგურზე, სოფელ იდლიანთან მისასვლელი ხიდის მშენებლობის განახლება. როგორც კი რეგიონში ვითარება დაწყნარდება, პირველ რიგში შევუდგებით ხიდის მშენებლობას. გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ხიდის მშენებლობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით“.

„სინამდვილეში, მდინარის მარცხენა მხარეს ორივე ბურჯი გააკეთეს, მეორე მხარესაც დაიწყეს და მერე მიატოვეს.

მას შემდეგ, 28 წელი გავიდა. 4 პრეზიდენტი გამოვიცვალეთ, ზოგი ორჯერაც კი, გუბერნატორებსა და გამგებლებს ვეღარ ვითვლით. ყველას მივწერეთ, მაგრამ შედეგი არაფერია.

ასე თუ იქნება, ახალგაზრდები წავლენ სოფლიდან. ტურისტი აქ არ შემოდის, ჩიხია, იზოლირებულები ვართ. არავისზე ნაკლები მთები ჩვენ არ გვაქვს, არავისზე ნაკლები ხედები. მაგრამ როგორ მოვლენ აქამდე? ვინ იწვალებს ამდენს?

კარტოფილი ან ხილი თუ გვაქვს, რაც გზაში უნდა დავხარჯოთ, აღარაფერი გვრჩება. ადრე, როცა ხიდი გვქონდა, აქვე გავდიოდით, ცენტრალურ გზაზე და იქვე იყიდებოდა, პატარა აგრობაზარი იყო. დავუშვათ, მუშაობა შეიძლება დაიწყო ხაიშში, ჯვარში ან მესტიაში. ვერსად მიდიხარ. მანქანა თუ არ გყავს, ამხელა მანძილს ფეხით ვერ ივლი ყოველდღე. მანქანაც რომ გყავდეს, ხელფასიდან აღარაფერი დაგრჩება ამ გზაზე ყოველდღიურად იმდენი საწვავია საჭირო. მუნიციპალური ტრანსპორტიც არ არის. რომ იყოს, გზა სახიფათოა, ზამთარში ქვები ცვივა, გაწმენდა ჭირს.

ახალს ხომ არ ვითხოვთ რამეს, რაც გვქონდა, ვიდრე ენგურჰესის გამო აქაურობას დატბორავდნენ, დაკიდულ ხიდს, მსუბუქმა მანქანამ და სასწრაფომ რომ შეძლოს გავლა. მხოლოდ იდლიანის ხიდი კი არ მოსპეს, მეორე, დაკიდული საფეხმავლო ხიდი ლებურცხილასთან იყო. ისიც ჩაძირეს. ხალხს ცხენით, ვირით ტვირთი გადაჰქონდა, ყურის ძირში ჰქონდათ ხიდი. ახლა 20 კილომეტრის მოვლა უწევთ, ხაიშამდე უნდა ავიდნენ, რომ ენგური გადალახონ“.

გრძელი და საშიში გზა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც იდლიანის თემში მცხოვრები ბევრი ბავშვი საშუალო განათლებას ვერ იღებს. იდლიანში ცხრაკლასიანი სკოლაა. მისი დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო ბავშვებს სწავლის გაგრძელებას ხაიშის სკოლაში სთავაზობს.

„ვინც მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში სწავლას აგრძელებს, ამ ბავშვებს ყოველდღე 27-30 კილომეტრის გავლა უწევთ სახიფათო გზაზე. არის ქვათაცვენა, წყალი მოდის და ზამთარში იყინება, ტრანსპორტის მოძრაობა უსაფრთხო არ არის. ბავშვი მთელი დღე რომ გზაზეა, სწავლის ხარისხიც დაბალია“, - თეა ლიკლიკაძე ვასიკო ჭკადუას ამბავს გვიყვება. ვასიკო სოფელ ჭალედანაა. ერთადერთი ბავშვია, ვინც ამ სოფლიდან ხაიშის სკოლაში დადის.

„იდლიანის ცენტრამდე დილის 9 საათზე უნდა მოვიდეს. დაახლოებით 4 კილომეტრი ფეხით უნდა იაროს, რომ სკოლის მანქანას მოასწროს. მერე კიდევ 10 კილომეტრი მანქანით, ცუდ და სახიფათო გზაზე. გაკვეთილების შემდეგ ისევ იდლიანში უნდა დაბრუნდეს და ჭალემდე ისევ ფეხით უნდა გადავიდეს. წარმოიდგინეთ ახლა ბავშვი რა მდგომარეობაშია. გაზაფხულსა და შემოდგომაზე შედარებით ადვილია, მაგრამ ზამთარში? თან გაუვალი ტყეა. ამ ბავშვს ოთხი და-ძმა ჰყავს, მათაც იგივე გზის გავლა მოუწევთ. ასევეა ლებურცხილაც. ჩემი ერთ-ერთი შვილიც დადის ხაიშის სკოლაში და ვიდრე სახლში დაბრუნდება, მეშინია. იმიტომ კი არა, რომ მძღოლს არ ვენდობი, ძალიან საშიში გზაა. უძრაობაა იდლიანის თემში, ჩაკეტილები ვართ. 21-ე საუკუნეა, ჩვენს შვილებსაც უნდათ სრული სასკოლო განათლების მიღება“, - თეა თქმით, 2017 წელს იდლიანის სკოლის 9 კლასი ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა, ხაიშის სკოლის მე-10 კლასში სწავლა მხოლოდ ერთმა ბავშვმა გააგრძელა. 2018 წელს იდლიანის სკოლას სამი ცხრაკლასდამთავრებული ჰყავდა. ამ შემთხვევაშიც მომდევნო საფეხურზე სწავლა მხოლოდ ერთმა ბავშვმა განაგრძო. 2019 წელს, 9 კლასი 9 ბავშვმა დაასრულა, ხაიშის სკოლაში სწავლა ერთმა გააგრძელა.

„ყველაზე რთული რა არის იცით? ზამთრის პერიოდი, როცა დიდი თოვლი მოდის. წარმოიდგინეთ, სად 700-800 მეტრი გზის გაწმენდა სოფლამდე და სად 15-20 კილომეტრი. ფეხითაც გაივლი 700-800 მეტრს. ჩვენი ძალებითაც შევძლებთ, რომ ის გზა გავწმინდოთ. მაგრამ ზამთარში, ასეთ რთულ პირობებში, ნახეთ ალბათ ის ჩამოშლილი კლდეებიც, გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ მძიმე ტექნიკა არ გვაქვს სოფელში და რაიონთან შეთანხმება უნდა, მერე რაიონმა უნდა მოიძიოს და ამასობაში გადის კვირა და გზის გარეშე ვრჩებით. ჩვენ არ ვითხოვთ რამე სიახლეს. ეს ხიდი იყო, არსებობდა, ძველი დროიდან. 30 წელზე მეტია აღარ გვაქვს და უკან წავიდა სოფელი. დიდს არაფერს ვითხოვთ,

მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო რომ გავიდეს, ისეთ ხიდს ვითხოვთ. სატვირთო ავტომობილები ისევ იმ შემოვლითი გზით ივლიან. დღეის მდგომარებით საცალფეხო ხიდიც არ გაგვაჩნია, არც ქვემოთ, არც ზევით, რომ სადმე გადავიდეთ. თითქმის ერთი საუკუნის წინ ჩვენ საცალფეხო ხიდი გვქონდა, ერთი საუკუნე გავიდა და დღეს, საცალფეხო ხიდიც აღარ გვაქვს“, - ამბობს ბეჟან ჭკადუა, იდლიანის თემში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.

ხიდის მშენებლობას არა, მაგრამ იდლიანამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამწლიანი სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებში. 2016 წლის წერილში, მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ ხიდის მშენენებლობა დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ხარჯებთან, რისი დაფინანსებაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით შეუძლებელია: „აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრიორიტეტს არ წარმოედგენს აღნიშნული პროექტის დაფინანსება“.

იდლიანის მოსახლეობამ მესტიის მერიას გასულ წელსაც მიმართა. მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა შუამდგომლობა გაუგზავნა მთავრობას, რომ „ენგურჰესის“ ადმინისტრაციამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს და სოფელ იდლიანის საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაასრულოს.

შპს „ენგურჰესის“ 100 % წილის მესაკუთრე სახელმწიფოა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

„მთის ამბებმა“ ამ დრომდე ვერ მიიღო კომენტარი შპს „ენგურჰესიდან“ და ეკონომიკის სამინისტროდან. ამ თემაზე მუშაობას გავაგრძელებთ.

„მთის ამბები“ ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციასთან ერთად ადვოკატირების კამპანიას დაიწყებს იმ მიზნით, რომ დასრულდეს სოფელ იდლიანთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა და იდლიანის სკოლა საშუალო გახდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში