საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კისტანი - უჩინარი სოფელი გზის პირას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:07 - 24 ივლისი 2020 hits 18855

დათვიჯვრიდან შატილამდე გზის პირას ერთადერთი სოფელია, სადაც გაზაფხულიდან დაზამთრებამდე, ხევსურეთში მიმავალს რამე თუ გაგიჭირდა, შეგიძლია დახმარება ითხოვო. ორი პატარა სახლი და ორიც დაჟანგული ვაგონი შერჩენია კისტანს, საიდანაც ნათურა იშვიათად ბჟუტავს. სოფელი უმეტესად ჩაბნელებულია.  

გიორგი ჭინჭარაული 28 წლისაა. კისტანში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა, მამაპაპისეულ სახლს ხელი შეავლო, საქონელს უვლის და კარტოფილი მოჰყავს. დუშეთიდან კისტანში აპრილში გადმოდის, უკან ნოემბერში ბრუნდება, ვიდრე ხევსურეთის გზას თოვლი ჩაკეტავს. გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე და ზამთარში დიდთოვლობის გამო, პირიქითა ხევსურეთი გარესამყაროს სწყდება.

მთაბარობა ძალიან უჭირთ - უღელტეხილზე საქონლის გადარეკვა, ტვირთის გადატანა, გვიან შემოდგომაზე ყველაფრის ისევ უკან წაღება. კისტანშივე ურჩევნიათ გამოზამთრება, მაგრამ აქ დარჩენას ოთხი ოჯახიდან ვერავინ ბედავს.

ხეობის მთავარი სოფელი შატილია. მთელი პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი მიხა ექიმიც იქ ჰყავთ. კისტანიდან შატილამდე 15 კილომეტრია, თუმცა გუროს ხეობასთან ზვავების გამო, ზამთარში კისტანი შატილსაც მოწყვეტილია. რამე რომ გაგიჭირდეს, გამოსავალი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია, მაგრამ დარეკვა ხომ გინდა? კისტანში ტელეფონი არ იჭერს. დასარეკად ადგილობრივები ათ კილომეტრში - დათვიჯვრის უღელტეხილზე ან გიორგიწმინდაში მიდიან.

„თოვლში იქ ჩასვლა და ამოსვლა თუ შემეძლება, რაღა ავადმყოფი ვყოფილვარ მაშინ?“ - გვეკითხება გიორგის ბიძა შოთა ჭინჭარაული და ძმის ამბავს იხსენებს, - „კვირია ერთ ზამთარს მარტოკა დარჩა, გაცივდა, მიმხედავი არავინ იყო, ვერც ვერაფრით შეგვატყობინა და გაზაფხულზე დაიღუპა კაცი“.

კომუნიკაციის ერთადერთი წყარო ინტერნეტია. რამდენიმე თვეა, რაც ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ Wi-Fi სოფელში შეიყვანა. „ახლა შეგიძლია ადამიანს მისწერო, მოიკითხო, გააგებინო, როგორ ხარ ან იმან გითხრას, რა უჭირს, რა ულხინს. მანამდე ესეც არ იყო“, - გიორგი ამბობს, რომ კისტანში ინტერნეტიც ხშირად ითიშება. სოფელში, რამდენიმე წლის წინ, სოფლის დახმარების პროგრამის ფულით შეძენილი მზის პატარა პანელები აქვთ. 12 ვოლტს მხოლოდ კარგი ამინდის დროს გამოიმუშავებს, ერთ ან ორ ნათურას ანთებს, საღამოს ხშირად ქრება, ღრუბლიან და წვიმიან ამინდში კი შუქი დღისითაც არ აქვთ.

უფრო მძლავრი მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებას კისტანში გასული წლიდან ელოდნენ. დაპირებული სიმძლავრე ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის მუშაობასაც ეყოფოდა. უშუქოდ დარჩენილი სოფლების ელექტროფიცირებისთვის მთავრობამ ბიუჯეტიდან 2.5 მილიონი ლარი გამოყო. გიორგის კარგად ახსოვს, რომ ოჯახების აღწერაზე კისტანშიც იყვნენ, სოფელი პირველ სიაშიც იყო, მაგრამ „ბოლო სიიდან კისტანი გაქრა“.

„როცა რაიონის მერიაში მიზეზი ვიკითხეთ, გვითხრეს, სეზონურად მცხოვრებლები ხართ და თქვენ მეორე ეტაპზე გადმოგეცემათო. არადა, თითქმის 8-9 თვე აქ ვართ, აქ ვცხოვრობთ. დავიჯერეთ და ველოდით. სხვა სოფლებში როცა მორჩნენ დამონტაჟებას, კიდევ ვიკითხეთ და მერე გვითხრეს, რომ მეორე ეტაპი აღარ იქნება. დავრჩით ისევ უშუქოდ. არც მაცივარი გვაქვს, არც ტელევიზორი, არც აბანო.

დღევანდელ ცხოვრებაში სინათლე გენატრებოდეს ადამიანს, ტელეფონზე დარეკვის გამო 10 კილომეტრზე მიდიოდე, არ უნდა გვქონდეს ეს პრობლემა. ის მთის კანონი რომ მიიღეს და ასობით მილიონი იხარჯება, ჩვენ რა ხეირი? აქ მაინც არაფერი იცვლება“, - ამბობს გიორგი.

უშუქობა ბევრ რამეში უშლით ხელს. შოთა ჭინჭარაული, ზაფხულობით, ძველი ხევსურული წესით ლუდს ხარშავს და ყიდის. იქვე, გზის პირას სასადილოს მოწყობაც სურდა, მაგრამ მაცივარს ვერ ამუშავებს. არადა, ბარისახოდან შატილამდე გზად არცერთი კვების ობიექტი არ არის, რაც მხოლოდ უშუქობის ბრალი არაა. კისტანში, ისევე როგორც ხევსურეთის სხვა სოფლებში, ვერც მამაპაპისეულ მიწებს იფორმებენ. გაუფორმებელ მიწაზე კი კაპიტალური სახლის ან საოჯახო სასტუმროს აშენებას არ რისკავენ. „რა იცი რომ შენიაო? არ გაგებრაზება კაცო? ჩემი წინაპარი აქედანაა, აქედანა ვართ ჩვენ. სულ ვიცით, ვისი სად რა არის და შენ იცი ქალაქიდან მოსულმა და ჩვენ არ ვიცით?“ - წუხს შოთა ჭინჭარაული.

გიორგის მეზობლად, მწვანე ვაგონში ხათუნა ჭინჭარაული ცხოვრობს. ვაგონი ნახევრადდაჟანგულია. ფანჯრებს წვიმისა და ქარისგან პოლიეთილენის პარკი, სახურავს კი ლურჯი ბრეზენტი იცავს. ოთხივე ოჯახს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის მხარდაჭერით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფინანსა, სახურავების შეცვლას დაპირდნენ. ხათუნა ამბობს, რომ სახლებიც აზომეს, მაგრამ მოგვიანებით უთქვამთ, რომ სახურავები მათთვის სამყოფი აღარ იყო: „ჩასცდნენ ჩვენს სოფელს და ქვემოთ სოფლებში დაარიგეს.

ხომ არ ვითხოვთ, რომ სპეციალურად ჩვენთვის გააკეთონ რამე. კანონი ხომ არსებობს? შატილს და მუცოს ყველაფერი აქვს, ჩვენ - არაფერი. დანარჩენი ხევსურეთი მათთვის არ არსებობს“.

შატილამდე მისასვლელი ერთადერთი სამანქანო გზა სწორედ კისტანის პირას გადის. მხოლოდ ერთი შემთხვევა ახსოვთ, როცა ახალდანიშნული გუბერნატორი შალვა კერესელიძე მივიდა. „მერე აღარც ის მოსულა. მოსვლამაც რა უყოს, დაგპირდებიან, წავლენ. ყოფილა აქ ვინმე, გახსოვთ აქ ვინმე?“ - კითხულობს შოთა, - „ჩოხელი რომ იყო გამგებელი, ეგრე ჩაიარა. შატილში ვნახე მაშინ და ცოტა წავუხმამაღლე: კაცო, კლდეებზე ამოდი მეთქი, ხომ არ გეუბნები. ლაპარაკი რომ გესმის ცენტრალურ გზაზე, ხომ შეიძლება, ხელმძღვანელი რომ ხარ, შემობრუნდე და დაგველაპარაკო. ეწყინა. ვერც სიმართლეს ეტყვი, სწყინთ“.

პირიქითა ხევსურეთში ბევრი სოფელი დაიცალა. ძველი კისტანი უკვე ნასოფლარია, ჭეჭყეთშიც მხოლოდ კოშკების ნანგრევები და ნასახლარებია შემორჩენილი. ლებაისკარშიც აღარავინ ცხოვრობს და ერთადერთი სახლიღა დგას ფეხზე. გიორგიწმინდაშიც, მხოლოდ ზაფხულობით სამი-ოთხი ოჯახია, თუმცა კისტნელებისგან განსხვავებით, მათ მზის ახალი, მძლავრი ელექტროსადგურები დაუდგეს.

გიორგი ჭინჭარაული ძველ ნასოფლარს გადაჰყურებს. ნახევრადჩამოშლილ ციხე-სახლებზე ქვებს აქაც ხავსი ამაგრებს. გიორგი ხელს მთის ფერდობებისკენ იშვერს და დამჩნეულ ზოლებს აყოლებს. ეს ნაყანევია, ადრე ხარებით ხნავდნენ და ხორბალი მოჰყავდათ. „აქეთ მომიწევს გული. ალბათ, მამაპაპისეული სოფელი რომ არის, იმიტომ“.

მათი ხმა მაინც არავის ესმის. გზის პირას მდებარე პატარა სოფელს ჯერჯერობით ვერავინ ამჩნევს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში