საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ ცდილობენ თორნიკე და ამირან ქალდანები საზღვრისპირა სოფელ ზესხოს გადარჩენას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:53 - 14 ივნისი 2020 hits 20186

საქართველოს მთავრობამ ლენტეხი-მესტიის გზის რეაბილიტაციის პირობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დადო. „მომავალი 4 წლის განმავლობაში, ამის პირობას ვდებთ, ჩვენ თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, პირდაპირ ვამბობ, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით. ამ გზას ექნება ასევე საზაფხულო გზა უშგულის გავლით, რომელიც ამ გზაზე მდებარე ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია. საზაფხულო გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ეს ყველაფერი უჩქარეს ტემპებში გაკეთდება“.

ეს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ციტატაა, 25 აგვისტოს, ლენტეხში გამართული შეხვედრიდან, სადაც მთავრობის წევრებმა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინეს.

კვირიკაშვილთან ერთად, მაშინ, ლენტეხში, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარიც იმყოფებოდნენ.

ლენტეხი-უშგული-მესტიის გზის რეაბილიტაციის პირობის დადებიდან თითქმის 4 წელი გავიდა. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე სამუშაოები დაგვიანებით, 2018-2019 წლებში დაიწყო. გზების დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით, რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 100 მილიონ ლარამდეა.

დღეისათვის, ლენტეხიდან ზაგარის უღელტეხილის გავლით, უშგულში გადასვლა მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი. (ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი გზების თემაზე „მთის ამბები“ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს და ცალკე შემოგთავაზებთ).

სწორედ უგზოობაა მთავარი პრობლემა, რის გამოც ქვემო სვანეთში, ლენტეხი-უშგულის გზაზე მდებარე, საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა სოფლები დაიცალა.

ლენტეხიდან 56 კილომეტრშია სოფელი ცანა, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ცანაში 57 ადამიანს უცხოვრია. 2014 წლის აღწერით, მუდმივად აღარავინ ცხოვრობს. ცანას თემში კიდევ ორი სოფელია - ყორულდაში და ზესხო. ყორულდაში ბოლო დასახლება ყოფილა უშგულისკენ მიმავალ გზაზე, ზაგარის უღელტეხილამდე, ზღვის დონიდან 1940 მეტრზე. ლენტეხიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული. 2002 წლის აღწერით, ყორულდაშში 2 ადამიანი ფიქსირდებოდა, მაგრამ 15 წელზე მეტია ნასოფლარად იქცა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1938 წლიდან 1991 წლამდე, სოფელ ცანაში სამთო ქიმიური ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც დარიშხანის გადამუშავებას ახდენდა. საწარმოს ძირითადი პროდუქცია ე.წ. თეთრი დარიშხანი იყო, რომელიც უაღრესად ტოქსიკურია. ქარხანა მთლიანად დანგრეული და დაშლილია. მიმდებარე ტერიტორია დარიშხანითა და მისი წარმოების ნარჩენებით იყო დაბინძურებული.

ცანამდე დაახლოებით 3 კილომეტრშია ზესხოს გადასახვევი. ლენტეხიდან ზესხომდე 62 კილომეტრია. სოფელი მწვერვალ აილამას ძირშია, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე. 2018 წლის შემოდგომამდე ზესხოს მუდმივი მცხოვრებლები ჰყავდა, ბევრი არა, სამნიღა შემორჩნენ. სახელმწიფოსა და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე დიდხანს გაძლეს. უგზოობა, უშუქობა, უტელეფონობა - გადაუდებელ შემთხვევებში გარესამყაროსთან კავშირის ერთადერთი საშუალება მესაზღვრეების რაცია იყო. სოფელთან ახლოს სასაზღვრო პოლიციის საზაფხულო საგუშაგოა. რთული კლიმატური პირობების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზესხოდან, მესაზღვრეები გვიან შემოდგომაზე გაჰყავს და გაზაფხულზე აბრუნებს. ორი წლის წინ, ზესხოში ჯერ კიდევ შემორჩენილი ორი ახალგაზრდიდან არცერთისთვის არ აღმოჩნდა ადგილი სასაზღვრო პოლიციაში.

თორნიკე ქალდანი 38 წლისაა. სოფლის შუაგულში მდგარ ხის ბოძზე, ოდესღაც ელექტროენერგიის მავთულები რომ ეჭირა, ორ ნიშნულს გვაჩვენებს. ერთი მიწიდან დაახლოებით 4 მეტრზეა, მეორე 7-ზე ზემოთ.

„აქამდე მოდიოდა თოვლი, ჩვენს მშობლებს დაუნიშნავთ. ახლა ამდენი აღარ მოდის, მაგრამ... ბოლოს მე და მამაჩემი ვიყავით. იქით, გაღმა ცხოვრობდა მეორე ოჯახი, სოზარ ქალდანი თავის შვილთან ერთად. ადრე, კომუნისტების დროს ბევრი ხალხი იყო. ალპინისტური ბანაკი მუშაობდა, ფერმები იყო. ხალხს სამსახურიც ჰქონდა, მაღაზიებიც იყო. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ყველაფერი მოიშალა. გზასაც აღარავინ აკეთებდა, სკოლაც დაიხურა. ექთანი გვყავდა, სამედიცინო პუნქტიც იყო. ყველაფერი გაუქმდა. არაფერი რომ აღარ დარჩა, ხალხიც იძულებული გახდა, წასულიყო. ბავშვები იზრდებოდნენ. ზამთარში 6 თვე გზა ჩაკეტილი იყო და ღვთის ანაბარა ვიყავით. რამე რომ აგტკიებოდა, გადარჩენის არანაირი შანსი არ გქონდა. ექიმი აქ ვერ ამოვიდოდა და ავადმყოფს კიდევ იმხელა თოვლში... ვერაფერს გახდებოდი კაცი“.

პრობლემებს გაუძლეს! იმედს არ კარგავდნენ, რომ რაღაც შეიცვლებოდა. „ვიცდიდით, მაგრამ არაფერი რომ არ გაკეთდა, მერე იძულებული გავხდით, ჩვენც წავსულიყავით. ვეღარ გავძელით. უფროსები დაბერდნენ, აღარ შეეძლოთ მუშაობა. მეტი ყურადღება სჭირდებოდათ. ამის გამო წავედით, მაგრამ ვერ ველევით აქაურობას. არ გვინდა, რომ მივატოვოთ. სახლებს ისევ ვუვლით. არ გვინდა, რომ ჭინჭარმა გადაუაროს აქაურობას. პატარა იმედი კიდევ გვაქვს, იქნებ, მოხედონ აქაურობას.

კომუნიკაცია გვჭირდება - გზა; ტელეფონით დარეკვა რომ შევძლოთ და ინტერნეტი რომ იყოს. ერთი ტრაქტორი მოგვცა ევროკავშირის პროგრამამ და ნაკვეთები დავამუშავეთ, კარტოფილი მოგვყავს. ცოტა მხარდაჭერა რომ იყოს, ტურიზმსაც განვავითარებდით. აქ გვირჩევნია. აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ, აქ ვიქნებით, არ გვემეტება მისატოვებლად!“

6 წლამდე ზესხოში იზრდებოდა ამირან ქალდანი. სკოლაში წასვლა რომ მოუწია, ოჯახი იძულებული გახდა, სხვა საცხოვრებელი ადგილი მოეძებნა. სახლი ხონის რაიონის სოფელ გუბში იყიდეს და იქ გადაცხოვრდნენ. ახლა ამირანი 26 წლის არის.

„ზაფხულობით ამოვდიოდით მთელი ოჯახი, მიწას ვამუშავებდით. სკოლიდან როცა გვითხოვდნენ, მამაჩემს ამოვყავდი. აქაურობას არ მოვწყვეტილვარ და სიყვარული არ გამნელებია. როცა წამოვიზარდე და ჩემით შევძელი სიარული, ყოველთვის ამოვდივართ და სახლს ყურადღებას ვაქცევთ მე და ჩემი ძმა, ტარიელ ქალდანი. ერთი წლითაა ჩემზე უმცროსი. ასევე, ჩემი ბიძაშვილი - ბექა ქალდანი. სამნი ამოვდიოდით ხოლმე უმეტესად. ზამთარში ვერ ვრჩებით, მაგრამ საქმეს მოვუბრუნდით. მიწა ძალიან მოსავლიანია. გასულ წელს, კარტოფილი ამოვიღე, ერთი ცალი 1.8 კილოგრამს იწონიდა. არც სასუქი მიგვიცია, არაფერი საერთოდ“.

სოფლის მეურნეობასთან ერთად, ტურიზმის განვითარებაზე ამირანიც ფიქრობს.

„მაგრამ, არცერთი მობილური ქსელი არ იჭერს. მწვერვალებზე რომ ავდივართ, მხოლოდ იქ არის სიგნალი. ან, ასე 20 კილომეტრით ქვემოთ უნდა ჩავიდეთ, გზაზე და იქიდან დავრეკოთ. ინტერნეტი რომ იყოს, ტურისტებს მოვიზიდავდით, ტურებს დავგეგმავდით, გიდებიც შეგვიძლია ვიყოთ. აქაურ მთებს ჩვენზე კარგად არავინ იცნობს. აქედან უშგულსა და ღებში შეგვიძლია ტურისტების გადაყვანა. მაგარი სანახავი ადგილებია. ტურისტი რომ შემოვიდეს, უფრო მეტი ახალგაზრდა დაუბრუნდებოდა სოფელს. ახლა მე და თორნიკეს ფუტკრის მოშენება გვინდა, მაგრამ მოვლა არ ვიცით. ინტერნეტი რომ იყოს, ვისწავლიდით“.

სოფლის პროგრამით, წელს, ზესხოს 10 ათასი ლარი შეხვდა. ამ თანხით თორნიკემ და ამირანმა, მდინარეზე, მცირე ზომის, კუსტარული ჰესი გააკეთეს, რომელიც მათი სახლებიდან დაახლოებით 500 მეტრშია. ახლა სადენის შესაძენად აგროვებენ ფულს, რომ ჰესი ჩართონ და ელექტროენერგია სახლებამდე მიიყვანონ. დაახლოებით 2000 ლარი სჭირდებათ.

ქვემო სვანეთის, ზემო სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის სათემო ორგანიზაციებმა დაიწყეს ადვოკატირების კამპანია რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ინტერნეტიზაციისთვის #ინტერნეტიმთისსოფლებს. კამპანიის მიზანია მაღალი სიჩქარის ხარისხიანი ინტერნეტი ჰქონდეს მთის ყველა დასახლებას, ისე, როგორც ეს თუშეთში, ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობაში მოხერხდა სათემო ორგანიზაციების აქტიურობით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის დახმარებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. ადვოკატირების კამპანია USAID/Georgia-ს პროგრამა EWMI Access-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში