საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლუსინე ცვლილებებისთვის - 25 წლის რეინჯერი გოგო თეთრიწყაროდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:08 - 21 იანვარი 2020 hits 14468

დილის 9 საათზე მეწყილესთან ერთად დაგვხვდა ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობასთან. მოკლე თმით, სათვალით, ჩექმებსა და რეინჯერის ფორმაში. „მთის ამბებიდან“ ხართ? - შორიდანვე დააზუსტა და წავედითო მოგვაძახა. სამშვილდისკენ დავიძარით, იმ ადგილების სანახავად, რომელსაც თვითონ იცავს - 25 წლის რეინჯერი, ლუსინე დოსტიბეგიანი.

თეთრიწყაროში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც აქ დაამთავრა. „ყოველთვის მახსოვს, რომ ჩემი ცხოვრება ჩარჩოებში იყო მოქცეული, სახლი-სკოლა, სკოლა-სახლი და არაფერი სხვა, გარდა იმისა რომ ფორტეპიანოზე დავდიოდი, ისიც ძალით,“ - გაიცინა და თავისი ისტორიის მოყოლა სკოლიდან დაიწყო.

ჩოგბურთზე თვითონ შესულა, მაგრამ თავი მალევე დაანება. სამშვილდისკენ გზაში მოგვიყვა, რა რთული იყო, როდესაც რაიმეს მიმართ ინტერესი უჩნდებოდა, თუმცა მას და მის თანატოლებს ერთფეროვან გარემოში ახლის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

მეათე კლასში სკოლის თვითმმართველობაში ჩაერთო, სწავლის დამთავრების შემდეგ კი ახალგაზრდულ პროგრამაში - თეთრიწყაროს კულტურულ ძეგლებს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდნენ, რუკებს ადგენდნენ და გამოფენებს აწყობდნენ. ასე მოახერხეს, რეგიონი ოდნავ გამოეცოცხლებინათ. სწორედ მაშინ გაიგო, რომ არსებობდა არასამთავრობო სექტორი, შეეძლო მეგობრებთან ერთად პროექტები დაეწერა და შეეცვალა გარემო, რომელშიც ცხოვრობდნენ.

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი რამდენიმე წლის წინ დააფუძნეს. ორგანიზაციისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას რომელიმე დაცარიელებულ დარჩენილ შენობაში ფართის გამოყოფა სთხოვეს.

კარგად ახსოვს კედლები, რომლებსაც შეეჯახა, მაგრამ ჯიუტად ცდილობდა მათ განგრევას და წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. ახალგაზრდული ცენტრისთვის სივრცის გადაცემას ორი წელი ელოდა. პარალელურად, აგრძელებდნენ გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო აქციებს. სურდათ, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს „ბირჟაზე“ დგომის ნაცვლად, პრობლემების გადაჭრაზე ეზრუნათ.

შენობა, რომელიც 8 წელი უფუნქციოდ, დაკეტილი იყო გასულ წელს გადაეცათ. სხვადასხვა პროგრამის დახმარებით მოაწესრიგეს. ახლა თავშეყრის ადგილიც აქვთ და ბიბლიოთეკაც: „მახსოვს როგორ მოდიოდნენ ბიჭები და გოგოები. აინტერესებდათ რას ვაკეთებდით. ამ პერიოდშიც ბევრი შემოგვიერთდა“.

ტყისა და ბუნების მოყვარულს შენობაში რა გააჩერებდა. რეინჯერების საქმიანობას უკვე იცნობდა. ალგეთის ეროვნულ პარკში რამდენჯერმე გოგონების ბანაკი მოაწყო და როგორც კი რეინჯერის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა, განაცხადი მაშინვე შეიტანა.

ამდენი რამის მოყოლა გზაში მოასწრო. ამასობაში სამშვილდის ძველი ნასახლარებიც გამოჩნდა. ლაპარაკი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. მეწყვილე ურეკავდა. სოფელ რატევანთან ხანძრის ამბავი შეატყობინა. ლუსინემ შემაღლებული ადგილი მოძებნა და დურბინდით გაიხედა - ცეცხლს, რომელიც სათიბს მოსდებოდა, ორი კაცი ქურთუკებით ებრძოდა. ჩვენგან შორს იყვნენ, სახანძროს გამოძახების გარდა ლუსინე სხვა დახმარებას ვერ შეძლებდა. გამოიძახა, მივიდნენ და ჩააქრეს.

„არ ვიტყვი რომ გოგოსთვისაა რთული. ზოგადად სირთულეებითაა სავსე ეს პროფესია, მაგრამ საინტერესო. რთული ისაა, რომ ბრაკონიერებთან ურთიერთობა გიწევს და ყველაფერი სწორად უნდა გააკეთო, უნდა დააჯარიმო, რომ იგივე აღარ განმეორდეს. არის ადგილები, სადაც ტელეფონი არ იჭერს და მარტო გიწევს სიარული. გარემოს დაცვას ხალხი ეწირება“,

- გვეუბნება ლუსინე და დაღუპული რეინჯერის, მერაბ არევაძის ამბავს იხსენებს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი მერაბ არევაძე ბრაკონიერებს 2012 წლის 17 მაისს ემსხვერპლა.

საქართველოში ახალშექმნილი რეინჯერთა ასოციაციის სახელით, შარშან ლუსინე კონგრესზე ნეპალში მიავლინეს. სიტყვით გამოსვლას ახლაც ემოციით იხსენებს: „მოვყევი საქართველოს და ქალი რეინჯერების შესახებ, ოთხნი რომ ვართ. ჩემს გამო საქართველოს დროშა რომ იყო აღმართული, ეგ ცალკე აღფრთოვანებას იწვევდა“.

კონგრესის შემდეგ, ბრიტანელ რეინჯერებთან ერთად, ერთი კვირა ნეპალის ჯუნგლებს იცავდა, სადაც ბრაკონიერები ბევრად დიდ პრობლემას წარმოადგენენ. სწყინს, რომ საქართველოდან კონგრესზე წასვლა მარტო მოუწია და სხვამაც ვერ მიიღო მისნაირი გამოცდილება.

ლუსინეს რეინჯერად მუშაობის დაწყება მისივე ხასიათისა და მისწრაფებების გამო დიდად არავის გაუკვირდა, თუმცა რეინჯერობამდეც და მას შემდეგაც ნათქვამი რამდენიმე „ხუმრობა“ მაინც ახსოვს:

„დავამშვიდე, ადრე გათხოვებას არ ვაპირებ მეთქი. შეიძლება ეგონათ, რომ ვერ შევძლებდი. კარგად მახსოვს, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას ვხვდებოდი, ძალა მითუფრო მემატებოდა. ახლა შეიცვალა დამოკიდებულება, იმიტომ, რომ საქმით ვაჩვენე ყველას - კარგის კეთებაა ჩემი მიზანი და კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“.

როდესაც იღლება, ფიქრი მოერევა ხოლმე - „ღირს კი გაგრძელება?“ ცდილობს, ყოველთვის გაიხსენოს, როგორი სიამოვნება მოაქვს უკეთესობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით იმის გააზრებას, რომ ჩარჩოებიდან გამოსვლა მოახერხა; ის, რაზეც მას ბავშვობაში ხელი არ მიუწვდებოდა, სხვებს უკვე აქვთ და გარემოს ახლაც ცვლის.

ავტორები: გიორგი შარმაზანაშვილი, ლევან ონიანი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში