საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რას სთხოვენ დურაშიდან მთავრობას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:35 - 15 იანვარი 2020 hits 15251

„ექვსი თვეა ლენტეხში არ ვყოფილვარ. აქ, დურაშში, სადაც ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ათიოდე ოჯახი, ტრანსპორტი არ ამოდის, ცუდი გზაა. ორი კილომეტრი გზის მოწესრიგება რა გახდა სახელმწიფოსთვის, ასე დამრჩენი სოფელი ვართ და უკაცრიელი გზა უნდა ამოვიაროთ. მგელი თუ შეგვჭამს და ცუდი საქმე მოხდება, მერე გააკეთებენ ალბათ გზას. არავინ ითვალისწინებს ჩვენს თხოვნას“ - გულო ლიპარტელიანი ლენტეხის სოფელ დურაშში ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფელში ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ მთავარი მაინც უგზოობა და საბავშვო ბაღის არქონაა.

„ვეხვეწებით ხოლმე მძღოლებს, ფულს დაგიმატებთ, ოღონდ სოფლამდე ამოგვიყვანონ, მაგრამ უარს ამბობენ, მანქანა ინგრევაო. ცენტრალურ გზამდე რომ ჩავიდეთ, 2 კილომეტრია, გარშემო სულ ტყეა. თან მარშუტკა 7 საათზე გამოივლის და 5-ზე უნდა დავადგეთ მაშინ ამ გზას. ნადირია ბევრი. აგერ, ამას შარშან 2 მგელი დახვდა“.

ბაბუცა ლიპარტელიანი ახლაც შიშით იხსენებს მგლების წინ პირისპირ რომ აღმოჩნდა: „ჯერ ძაღლები მეგონა. ერთი დიდი მოდიოდა, მერე მეორე მოყვებოდა. რა ძაღლების გამოფენაა მეთქი ვიფიქრე. მერე ვიცანი მგელი რომ იყო. დავიწყე კივილი, დიდი მგელი გაიქცა, პატარა მაინც მოდიოდა ჩემსკენ. ვკიოდი, ვკიოდი, ჯოხი მეკავა და ძირს ვურტყამდი. ბოლოს ისიც წავიდა. იმის მერე არც წავსულვარ“.

დურაში ლენტეხიდან 14 კილომეტრშია, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. სოფელში სკოლამდელი ასაკის 7 ბავშვია. 2 წელია საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ, ახალგაზრდა ოჯახები სოფლიდან აყრას რომ გადარჩნენ. რამდენიმე ოჯახმა ბაღისა და სკოლის არქონის გამო სოფელი მანამდე მიატოვა.

„7 ბავშვია ახლა სოფელში ბაღის ასაკის. ვთხოვდით, რომ პატარა ბაღი გაეკეთებინათ, მაგრამ ცენტრალურ სოფელში გახსნეს, აქედან 7 კილომეტრია. პატარა ბავშვს როგორ ვატარებთ აქედან იქ. წელსაა ასეთი ზამთარი, შარშან ვინ გავიდოდა გარეთ, იმხელა თოვლი იყო. მოხედონ ჩვენნაირ, აქ დამრჩენ ხალხს, სოფელს მიხედონ და მთას“, - გვაბარებს გულო ლიპარტელიანი ცენტრალურ მთავრობასთან.

ადგილობრივი ხელისუფლება ან მაჟორიტარი დეპუტატი? „საერთოდ არ ვიცნობთ და საერთოდ არ მოსულან ჩვენთან. არც ვიცით ვინაა ჩვენი მაჟორიტარი. ტელევიზორი გამორთული გვაქვს, ნერვები აღარ გვაქვს უკვე. ჩხუბობენ, ჩხუბობენ პატარა ბავშვებივით, საქმეს ესენი არ აკეთებენ. რას ვერ იყოფენ. ქვეყნისთვის და ხალხისთვის არავის არაფერს აკეთებს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში