საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნიკო კავშირზეა!

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:53 - 24 ნოემბერი 2019 hits 28379

ინტერნეტი ბახაოშიც ჩაირთო. ბახაო არდოტელების საზამთრო სოფელია. სამნიღა იყვნენ, ნიკო, ზურა და ჯამრული პაპა. წელს ორნი დარჩნენ. ჯამრული ნათესავებმა ბარში წაიყვანეს. ბახაო საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართანაა. ნიკოც და ზურაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები არიან, მაგრამ საზღვრისპირა კუთხეს იქ ცხოვრებითაც ამაგრებენ.

ნიკოს მთელ საქართველოსთან ერთი სათხოვარი ჰქონდა – სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი ფშავ-ხევსურეთის სოფლებს. მისი ვიდეო "ქვებთან მოლაპარაკე" ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ამ ვიდეომიმართვის შემდეგ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაციის პროექტს მთავრობა დააფინანსებდა. ხელისუფლებამ 246 ათასი ლარი გამოყო, დაახლოებით 100 ათასი ლარით კი ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციას - მთის სათემო ქსელს, პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარნენ. უკაბელო ინტერნეტით ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის 60-ზე მეტი სოფელი დაიფარა. 20-მდე სოფელში პირველად გახდა ხელმისაწვდომი სატელეფონო კავშირი.

პირაქეთა ხევსურეთის, არხოტისა და უკანაფშავის სოფლების შემდეგ ბახაოც კავშირზეა. ნიკო არდოტელს რამდენიმე დღის წინ შევხვდით.

„ძალიან ძნელია, არც კავშირი იყო, ყველასგან მოწყვეტილი ვიყავით. როცა დაზამთრდება, მთები ჩაიკეტება, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ჩემი ლაპარაკი, მაგრამ 9 თვე ოჯახისას რომ არაფერს იგებ და მოწყვეტილი ხარ ყველაფერს, დიდი ტკივილია.

ახლა ხან სიზმარში მგონია თავი, რომ ოჯახს შეგიძლია ყოველთვის დაელაპარაკო. გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარები, ვინმეს გააგებინებ რა გვიჭირს. ამაზე დიდი სიკეთე არვიცი რა შეიძლება ყოფილიყო. თუ ასე მოვუფრთხილდებით ერთმანეთს, მაშინ ძლიერები ვიქნებით. ზღაპარია რა... არავინ მოიფიქრებდა ასეთ რამეს, რომ აქ, ამ ხევწყალში, მთას აქეთ, ასეთი კარგი საქმე გაკეთდებოდა.

შატილს ადრე ჰქონდა გზაც, ტელეფონიც, ამ ხეობაში ეს ექვსი სოფელი მთლიანად მიტოვებული ვიყავით. ამან გამოიწვია მოსახლეობის წასვლა, აქაურობის დაცლა, თორემ დიდი სოფლები იყო არჭილო, ხახაბო, ხონისჭალა. თითო-ოროლა ადამიანიღა ვართ შემორჩენილი.

ახლა გაჩნდა იმის წყურვილი, საფუძველი დაიდო იმისა, რომ ვიცოცხლოთ აქ, აღარ დავტოვოთ ეს ხეობა. სხვა რა უნდა ითხოვო, სხვა რა უნდა ინატრო ამ ქვეყანაზე, როცა შეგიძლია ხმა გააგონო, ოჯახისა იცოდე, მეგობრებისა, ქვეყნისა.

ღმერთმა დალოცოს, ვინც იფიქრა, ვინც გადაწყვიტეთ, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი გაჭირვება. ეს ძვრა გადამდები უნდა იყოს. სულიდან გამოვიდა ეს ტკივილი - სიმარტოვის შეგრძნება, დღეს ჩემ სახლიდან პირველად გავიგონე ხმა ბარიდან.

ვიდეოს ავტორი - ბექა ჯაყელი

ყველაზე მთავარი ახლა რაც არის, ანდაქი, არჭილო, ხახაბო და ხონე - ამათ სამანქანო გზა სჭირდება. სიცოცხლეზე რომ ვსაუბრობთ, სოფლებს პირველ რიგში გზა სჭირდება.

არდოტში ეკლესიაა, ამის აღდგენა თუ მოხერხდება, ძალიან დიდი საქმე იქნება სასაზღვრო მხარეს, რაც საზღვარზედ ყოველთვის გვჭირდება.

უმეტესობა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ვართ აქ. მაგრამ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი რომ აღარ ვიქნები, მაინც მესაზღვრედ დავრჩები, ყოველთვის ავიღებ იარაღს სამშობლოს დასაცავად.

მშიშარი და ბეჩავი კაცი არც სახლში ვარგა და საზღვარზე ხომ საცოდაობა იქნება. ამიტომ, მაგრად უნდა ვიდგეთ, მაგრად, არ გავტყდეთ. არც არავისი უნდა გვეშინოდეს. ერთადერთი უფლის რიდი უნდა გვქონდეს.

ზოგს რომ ჰგონია, არც მე ვარ ეგრე იოლად ლაგამი მომდონ. სწორი გზით ვივლი ჩემს მამულწყალში. ვერც ლაპარაკის უფლებას ვინმე წამართმევს, ვერც თქმისას იმიტომ, რომ ეს არის ჩემი არდოტი და ამის გულისთვის მოვკვდები აქ“.

რედაქციისაგან:

არასამუშაო პერიოდშიც კი, საკუთარ სახლში ნიკო არდოტელის ჩასაწერად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა დაგვჭირდა. ბოლო რამდენიმე თვეა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, მათ შორის მათ, ვინც მუდმივად მთაში ცხოვრობს და იქ არსებული პრობლემები ყველაზე მეტად აწუხებს, „მთის ამბებთან“ ურთიერთობას მაშინაც კი უკრძალავს, როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ. ჩვენ რამდენიმე ფაქტი ვიცით, როცა ადგილობრივი მცხოვრებლები ხელმძღვანელმა პირებმა დაიბარეს, პრობლემებზე საჯაროდ საუბრის გამო უსაყვედურეს და გააფრთხილეს, რომ „მთის ამბებისთვის“ ინტერვიუს მიცემის შემთხვევაში სამსახურში პრობლემები შეექმნებათ! ნიკოსთვის შესაძლო გართულებები თავიდან რომ აგვეცილებინა, ამიტომ ვთხოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს თანხმობა მის გადასაღებად, თორემ შსს-ს ამ შეზღუდვას არ ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ იგი მედიის წინააღმდეგ შერჩევით გამოიყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერ მივიღეთ დასაბუთებული განმარტება, რის საფუძველზე უკრძალავენ მთაში მუდმივად მცხოვრებლებს მოსაზრებების საჯაროდ გამოთქმას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში