საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ დაარბიეს ადგილობრივებმა გუდაურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:54 - 25 ივნისი 2019 hits 48115
ფოტო ინციდენტის ადგილიდან
საზოგადოება
ფოტო ინციდენტის ადგილიდან

ზემო გუდაურში, გადმოსახედთან ახლოს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალის - Mountain Set: Kazbegi-ის ტერიტორია დაარბიეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშებს – „ზნედაცემულებმა წმინდა მიწაზე ფეხი არ დადგათო“.

„მიქსმაგის“ ორგანიზებით ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში 28, 29 და 30 ივნისს იყო დაგეგმილი. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის მარიამ შარაშიძის განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში ცნობილი არტისტები.

„ფესტივალის ორგანიზებისას ადგილობრივ მცხოვრებლებთან მოხდა უთანხმოება. მიაჩნიათ, რომ ეს ღონისძიება მათთვის შეურაცხმყოფელია. ამის გამო ადგილი შევცვალეთ და ბიდარაში გადმოვინაცვლეთ. იქაც მოდიოდნენ და გვემუქრებოდნენ, რომ არ მოგვცემდნენ ფესტივალის ჩატარების უფლებას. ამბობდნენ, რომ ფესტივალი ლგბტ თემის მხარდასაჭერად კეთდებოდა. გუშინ შემოიჭრნენ და დაარბიეს“- აღნიშნავს მარიამ შარაშიძე.

დარბევის დროს შემთხვევის ადგილას პოლიციელებიც იმყოფებოდნენ, რაც ინციდენტის ამსახველ ფოტოებშიც ჩანს, მაგრამ ორგანიზატორების თქმით, პოლიცია უძლური აღმოჩნდა დანაშაულის აღსაკვეთად.

რამდენიმე ადგილობრივი მთიულებსა და მოხევეებს „ფეისბუქში“ გუშინ საჯაროდ მოუწოდებდა, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის წინააღმდეგ, გუდაურის გადასახედთან შეკრებილიყვნენ:

„მთიულებო, დღეს ვიკრიბებით გადმოსახედთან მთიულ-მოხევეები, რათა არ ჩატარდეს უზნეოთა თავშეყრა ჩვენს მიწაზე, რომელიც იგეგმება 28, 29, 30 ივნისს, ე.წ. მათი ფესტივალი, რომლის სახელიც შეალამაზეს და კაზანტიპის მაგივრად ელექტრონული მუსიკის სახელით მონათლეს. კარგად მოგეხსენებათ ისიც, რაც ხდება ასეთ ღონისძიებებზე. მათი ადგილი ჩვენთან, აქ, სალოცავებით აღვსილ მიწაზე, ყველამ კარგად ვიცით, რომ არ არის“.

„პიდარასტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა,

არ გაბედოთ გუდაურში ამოსვლა და კაზანტიპის მოწყობა, თორემ ყაზბეგიდან მახევეების მთელი ლაშქარი მოდის, გადასახედზე მთიულებს აქვთ ტერიტორიები გამაგრებული, გელოდებიან და თქვენი დედების ძვლების რახარუხი და ლეწვა ასტყდება. ვერ მაგისწრებთ ვერცერთი სასწრაფო, მგლის დაგლეჯილებს დეემგვანებით“, - წერდა მთისა ყაველაშვილი.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთასთან მეტი სიფრთხილე და მორიდებაა საჭირო. ვიტყვი იმასაც, რომ მე აქ არ დავბადებულვარ და აქ არ გავზრდილვარ, თბილისელი ვარ, წლების წინ, ქალაქიდან წამოსული. არც ქალაქი მიკვირს და არც ევროპა აზია, საზღვარგარეთიც მოვლილი მაქვს და კარგად ვიცი, სად რა ხდება. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იქ ავირჩიე სამყოფელი, სადაც წესებია, სადაც ადათებია და სადაც ტრადიციებია. რასაც ზოგი თავისუფლებას ეძახით, ეგ თავისუფლება აქ, მთაში გარყვნილება და სიბილწეა... კაზანტიპი, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი თუ მსგავსი თავყრილობები ბოლოს როგორც ვითარდება, ყველამ კარგად ვიცით. აკი გვაქვს მთაში გამოცდილება მაგის.

ყველამ კარგად იცის როგორ განვითარდა მოვლენები შარშან ყაზბეგში, გველეთის ჩანჩქერზე მსგავს შეკრებაზე. იყო უზომო სმა, ორგიები, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ახალგაზრდები გაუგონარ საქციელებს სჩადიოდნენ, კლდეებიდან მაშველებს ჩამოჰყავდათ, ბილწავდნენ ხატისკარებს, ნიშებს, არბევდნენ სალოცავებს, სადაც მთიელები ხატობებს მართავენ ხოლმე. სექსით იყვნენ დაკავებულები ყველა ხის ძირში და ამას ყველაფერს ვუყურებდით ჩვენ, ადგილობრივებიც და ტურისტებიც“.

„წინა წელს რაც მოხდა ამ ფესტივალზე გველეთში და როგორც დასრულდა, ყველა მოხევემ კარგად დაინახა. დანარჩენ საქართველოს თუ აბრმავებთ, აქ ყველამ კარგად იცის ორგანიზატორებს ჯიბის გასქელების გარდა, სხვა ინტერესი არ აქვთ. ვხედავდით 2 დღის განმავლობაში გაძეძგილ საავადმყოფოს, ყაზბეგის ცენტრში კაიფში გაგლეჯილ ახალგაზრდებს და საოჯახო სასტუმროებში რაც ხდებოდა, მაგას საერთოდ აღარ დავწერ. ჩატარდა მშვიდობიანი შეხვედრა და გასაგებად თქვა მოსახლეობამ, რომ აქ არ სურდა მაგ ფესტივალის ჩატარება, ესენი კი გაძვრნენ ეკონომიკის სამინისტროსგან აიღეს ნებართვა. მთაში ჯერ თემი წყვეტს ყველაფერს და მერე მთავრობა“, - აღნიშნავს გოგი გიგაური.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი ამბობს, რომ ფესტივალის ორგანიზატორებს ღონისძიების გამართვის შესახებ მერიისთვის წერილობით არ მიუმართავთ. „სიტყვიერი კომუნიკაცია გვქონდა. მეც ვიცოდი, რომ ფესტივალის ჩატარებას გეგმავდნენ, ისევე როგორც, იცოდა მოსახლეობამ, რომლის 100 %-იც არის წინააღმდეგი. ამის გამო ადგილიც შეცვალეს და ფესტივალისთვის ის ტერიტორია შეარჩიეს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

- თქვენ თვითონ ყაზბეგში ამ ფესტივალის ჩატარების მომხრე ხართ თუ წინააღმდეგი?

ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ, მე ვეთანხმები მოსახლეობის თითქმის 100 %-ს. არ უნდათ ამ ფესტივალის ჩატარება. ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები. სოციალურ ქსელში ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც წინააღმდეგია, ფესტივალის მხარდამჭერები აყენებდნენ შეურაცხყოფას. ახლა მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, რაც სცდება ჩემს კომპეტენციას და პოლიცია იძიებს.

 - ბატონო ალექსანდრე, რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის, ასევე ტურების გაუქმების შემდეგ, საჯარო პირები მოუწოდებენ ქართველ და უცხოელ ტურისტებს, საქართველოში დაისვენონ. ეს ინციდენტი უარყოფითად არ აისახება ტურიზმის განვითარებაზე, მათ შორის ტურისტების უსაფრთხოების კუთხით?

- ვერ გეტყვით. მომხდარს პოლიცია იძიებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - ქურდობა (177-ე მუხლი) და სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება (187-ე მუხლი) დაიწყო. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები მიმდინარეობს.

რედაქციისგან: „მთის ამბები“ ემიჯნება სიძულვილის ენის და მუქარის შემცველ განცხადებებს, ისევე როგორც ძალადობისკენ მოწოდებას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში