საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს - ბალდის კონფლიქტის ერთი წელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

02:16 - 19 ნოემბერი 2024 hits 5150

1 წელი გავიდა ბალდაში კარვის უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან. ადგილობრივი მცხოვრებლების მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლითაც ბალდის კანიონი მოსახლეობისგან ფარულად, 40 წლით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ჯგუფს გადაეცა. ეს ჯგუფი, რომლის სათავეშიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძე დგანან, კორუფციაშია მხილებული. აუქციონის პირობები ბუნების უნიკალურ ძეგლს პირვანდელ სახეს უკარგავს და ადგილობრივებს სოფლის შუაგულში მდებარე კანიონზე შესვლას უკრძალავს.

დიდი, ლურჯი ტენტით მოწყობილი კარავი ბალდის კანიონისკენ მიმავალი ერთადერთი სამანქანო გზის პირას დგას. ბალდელები აქ მორიგეობით, დღედაღამ დარაჯობენ, რომ „ინვესტორმა“ ბუნების ძეგლი ვეღარ დაასახიჩროს. მდინარე აბაშის წყლის ხეობის ის ნაწილი, თითქმის 2 კილომეტრ სიგრძეზე, სადაც ბალდის კანიონის ყველაზე მიმზიდველი ადგილია, „ინვესტორს“ რკინის ბადით აქვს შეღობილი, დაცვის პოლიცია დგას და უცხო პირებს შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევს. „ინვესტორისთვის“, ბალდამდე, ასევე ათობით წლით ხელში რომ ჩაიგდო პრომეთეს მღვიმე, მარტვილის და ოკაცეს კანიონები, სათაფლიის ნაკრძალი, უცხო პირები არიან ცოტნეც, ბაჩოც, თაზოც, სალომეც, მარიამიც, მიხოც, ინდიკოც, ნინოც, მინდიაც, მაიაც და ბალდის სხვა მკვიდრებიც, ვისთვისაც კანიონი იდენტობის ნაწილია.

„აქ გავიზარდეთ, აქ ვისწავლეთ ცურვა, აქ დავმეგობრდით, აქ ვისვენებდით და ვერთობოდით, აქ აღვნიშნავდით ნათლისღებას. აქ ვმასპინძლობდით სტუმარს, მეგობარს, ტურისტს. ბალდის კანიონით ვიწონებდით თავს და ვიამაყებთ ისევ. ჩვენი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც და დღევანდელობაც აქაურობასთანაა დაკავშირებული. ეს კანიონი ჩვენი იდენტობის ნაწილია. ფულზე დახარბებულებს ეს არ ესმით“, - 33 წლის ცოტნე თვარაძე, ბალდის პროტესტის მოთავეთაგან ერთ-ერთია, ვინც ამ ბრძოლის გამო დასაჯეს. ცოტნე ქუთაისის მერიაში, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში დიზაინერ-გრაფიკოსად, ხელშეკრულებით, დისტანციურად მუშაობდა. ის 1-ელ ნოემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

შევიწროება ბალდის პროტესტის შესაწყვეტად

ერთი წელია სახელმწიფო სამსახურები ბალდის მცველებს ორგანიზებულად ავიწროებენ. „მთის ამბებმა“ სიღრმისეულად არაერთი საქმე შეისწავლა. დევნის მიზანი ყველგან ერთია - შეაწყვეტინონ წინააღმდეგობა, რომ „ინვესტორმა“ ბუნების ხელუხლებელ ძეგლზე ბეტონის ბილიკების, ხიდების, თითქმის ნახევარკილომეტრიანი „როლერის“ ატრაქციის მოწყობა შეძლოს და იქ ფული იშოვოს. „ინვესტორს“ მთელი ძალისხმევით იცავდა პოლიცია, რომ ეს სამუშაოები ჩაეტარებინა. პროტესტის მონაწილეები ვერ დაჯაბნეს.

  • ბალდელებმა კარვის უწყვეტი პროტესტი გასული წლის 23 ოქტომბრიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც „ინვესტორმა“ გიორგი მერკვილაძემ (კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი, მამუკა მერკვილაძის ბიძაშვილი) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პროტესტის მონაწილეს, თაზო რუხაიას.
  • მანამდე, იგივე გიორგი მერკვილაძემ მარტვილის ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის შენობაში დაარტყა ცოტნე თვარაძეს, სახელმწიფო ორგანოს შენობიდან კი აქტივისტები ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ გააძევა.
  • ზაზა გაგუამ ბალდის კანიონის მცველებს პოლიციაშიც უჩივლა და შვლის მოკვლაში დაადანაშაულა. სინამდვილეში, იქ, სადაც „ინვესტორი“ კანიონს აბეტონებდა, თხრილში ჩავარდნილი და მკვდარი შვლის ამსახველი ფოტო აქტივისტებმა გაავრცელეს.
  • „ინვესტორის“ ნდობით აღჭურვილმა პირებმა პროტესტის მონაწილეებს დაუსაბუთებელი ბრალდებებით არაერთხელ უჩივლეს პოლიციაში. ბალდის მცველებს მუდმივად იბარებდნენ გამოკითხვაზე.
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2023 წლის 7 დეკემბერს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ბალდის პროტესტის აქტიურ მონაწილეს, ნინო სილაგავას. დეპარტამენტი ითხოვდა სილაგავას დაჯარიმებას ორმაგი ოდენობით და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ, მდინარე აბაშის წყალში 2 წლის წინ ჩადებული ბეტონის ფილების დემონტაჟს, რომელიც ხალხს წყალზე უსაფრთხოდ გავლის საშუალებას აძლევს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ ადვოკატის დახმარებით, მარტვილის სასამართლოს მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ ორივე სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა, მაგრამ გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
  • „ინვესტორი“ ხელისუფლების ხელშეწყობით, სოციალურ ქსელებსა და სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიაში აქტიურად ახორციელებდა ბალდის პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიას.
  • 11 ივნისს, ბალდის კანიონის მცველებს თავს დაესხნენ ამავე სოფლის მცხოვრებლები, ძმები, გელა და გიგა ხურცილავები. 33 წლის მინდია ბჟალავას დანით 7 ჭრილობა მიაყენეს. დაზიანება მიიღო მისმა ძმამ, არჩილ ბჟალავაც. ძმები დანითა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს მოკვლით დაემუქრნენ. თანასოფლელებმა მათ იარაღი წაართვეს, შებოჭეს და პოლიციას გადასცეს. გელა ხურცილავა ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობაში, გაგა ხურცილავა სიცოცხლის მოსპობის მუქარაში. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, გელა ხურცილავა მონაწილეობდა „ინვესტორის“ მიერ, ბალდის კანიონში პროექტის განხორციელების მხარდასაჭერად ორგანიზებულ შეხვედრაში. ხურცილავა გარკვეული პერიოდი „ინვესტორის“ მიერ იყო დასაქმებული. ბრალდებულ ძმებს მერკვილაძის მიერ დაქირავებული ადვოკატი იცავს.
  • 12 ივნისს, მარტვილის პოლიციამ, გელა ხურცილავას მეუღლის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა და ამით პროტესტს ჩამოაცილა ბალდის მცველი ინდიკო ბჟალავა. „მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ინდიკო ბჟალავა პოლიტიკური ნიშნით იყო დაპატიმრებული. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი მოწმის ჩვენებაა, რომელიც მარტვილის პოლიციის გამომძიებელმა გააყალბა. ინდიკო ბჟალავა 98 დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიება 10 ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა. მისი საქმის განხილვა გრძელდება.

ბალდის კანიონის მცველებს, ბუნების ძეგლის გაიჯარების გადაწყვეტილება ერთ წელზე მეტია სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი, განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა და ჯერ არსებითი განხილვაც არ დაწყებულა.

 

ბალდის კონფლიქტის გავლენა

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბალდის კონფლიქტმა საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებაზე?

„ძალიან ნეგატიური. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ცუდ მაგალითს ვხედავთ, ბევრ ადამიანს უჩნდება პროტესტი, რომ არ უნდა მასთან იყოს დაცული ტერიტორია, რადგან ის ადგილობრივ მოსახლეზე ორიენტირებული არ არის, მხოლოდ ზღუდავს და ართმევს“, - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრის, ამჟამად „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის მოსაზრება სრულად ემთხვევა „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ (საბუკო) დირექტორის, ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებას: „ბუნების ძეგლი იცავს ბიომრავალფეროვნებას და მასთან დაკავშირებულ სულიერ და კულტურულ ფასეულობებს. სწორედ ეს ფასეულობები იქნა უგულებელყოფილი და აქცენტი არის გადატანილი ფინანსურ სარგებელზე, რაც თავისთავად არასწორია.

ამგვარი განვითარება დაცული ტერიტორიების სისტემას აუცილებლად ჩიხში შეიყვანს და ნაცვლად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების იდეას ჰყავდეს მეტი გულშემატკივარი, მტრებს გაუჩენს“.

„ბუნების დაცვის მთავარი პოსტულატია ადგილობრივი მოსახლეობა გყავდეს ბედნიერი. თუ ადგილობრივი მოსახლეობა არ არის შენს მხარეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კონსერვაციას ვერ მიაღწევ.

თავისთავად ცხადია, ასეთი მასშტაბური და მძიმე ინფრასტრუქტურა, რაც იქ არის დაგეგმილი, სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ამ ხეობაზე.

როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, სხვა რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან როდესაც მივალთ და დავიწყებთ საუბარს, რომ ძალიან კარგი იქნება დაცული ტერიტორიის განვითარება, მათი პირველი რეაქცია რა იქნება?! ხომ შეუძლიათ თქვან, რომ აი, ბალდის კანიონის მაგალითი გვაქვს. ეს კონფლიქტი უნდა ამოიწუროს“, - ამბობს ირაკლი შავგულიძე, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ნაკრესის“ დირექტორი.

„როგორც კი ჩვენ დავიწყებთ ასეთი ტიპის ტერიტორიებზე ცვლილებების შეტანას, ისინი ღირებულებას დაკარგავენ. მაგალითად ე.წ. წალკის კანიონი ძალიან შორს არის ეკოტურიზმისგან“, - უთხრა „მთის ამბებს“ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნატალია ბახტაძემ.

ნინო ჩხობაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, ნატალია ბახტაძე და ირაკლი შავგულიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან. წესით, მათი ჩართულობით უნდა მომხდარიყო დაცულ ტერიტორიებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხილვა, გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ სააგენტომ კანიონები მრავალი წლით ისე გააიჯარა, საბჭოს წევრებმა არაფერი იცოდნენ.

„პრაქტიკას რომ გადავხედოთ, ადრე თუ გვიან, ნებისმიერ გრძელვადიან იჯარას, რაღაც მომენტში ხელისუფლება ხსნის და მოიჯარეს კერძო საკუთრებაში უკანონებს.

შეიძლება დაცული ტერიტორია კერძო საკუთრებაში გადავცეთ? არ შეიძლება. თუ ვიღაც არგუმენტად მეტყვის, რომ ხომ არის კერძო დაცული ტერიტოერიები, კი, არის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ მას შექმნის სხვა ისტორია აქვს“, - ნინო ჩხობაძე დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემას, თუნდაც ე.წ. ინვესტიციების მოსაზიდად, დაუშვებლად მიიჩნევს.

ოთხივე გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ერთი და იგივე პოზიცია აქვს - გადაწყვეტილება, რომლითაც ბალდის კანიონის ნაწილი იჯარით გაიცა, უნდა გაუქმდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში