საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ - ადვოკატი ბალდაში მომხდარ თავდასხმაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:39 - 21 ივნისი 2024 hits 2650
ბრალდებულები გელა და გიგა ხურცილავები
ახალი ამბები
ბრალდებულები გელა და გიგა ხურცილავები

„ბალდის კანიონის მცველებზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული ძმების ადვოკატების განცხადებით, გელა და გიგა ხურცილავები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ და მათ მიმართ წარდგენილი ბრალი არასწორია. ადვოკატმა სადავოდ გახადა ბრალის კვალიფიკაცია განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში და თქვა, რომ დაზარალებულ მინდია ბჟალავას არ აქვს იმ ხარისხის დაზიანებები, რაც ამ მძიმე მუხლით ბრალის წარსადგენად არის აუცილებელი.

„ექიმი გამოკითხვის დროს აღნიშნავს, რომ დაზარალებულს, რომელსაც რიგი კვლევები ჩაუტარდა და უკვე გაწერილია საავადმყოფოდან, არ აქვს მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. დაზარალებული მცირე დაზიანებებით გადაადგილდება, არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ჯანმრთელობა მოშლილი ჰქონდეს, გადაადგილება არ შეეძლოს. გელა ხურცილავას რომ მკვლელობის განზრახვა ჰქონოდა, იარაღს წინასწარ მოამზადებდა, თოფში კი ტყვიის მასრა არ ყოფილა. რაც შეეხება სხვა დანარჩენ დაზარალებულებს, რომ თითქოს თოფი ყველას მიუშვირა, ხედავთ ამ ადამიანების (ხურცილავების) ჯერ მარტო სახეებზე არსებულ დაზიანებებს. თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ეს ჯგუფი ყველა ჯერზე როგორ ცდილობს არა მხოლოდ ხურცილავების, არამედ სხვა პირთა სამართლებრივი მდგომარეობა დაამძიმოს“,- მიმართა ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძე მოსამართლეს.

თავდასხმაში ბრალდებული ძმების მეორე ადვოკატმა ლევან მარტიაშვილმა რეაგირება მოითხოვა „კარავში მყოფი პირების მიერ ძმები ხურცილავების უკანონო დაკავებაზე“.

„პიროვნებები იძახიან, შეგვეშინდა, დანიანები რომ დავინახეთ, მიდიან და განაიარაღეს 2 ადამიანი 8 კაცმა. ხელკეტებით რომ იყვნენ შეიარაღებული და ხელკეტებით სცემეს ეს ძმები, ამას არავინ ამბობს. ბრალდების მხარეს ინტერესი არ აქვს ეს გაარკვიოს. არცერთი პოლიციელი არ წერს თავის ჩვენებაში, რომ შეტყობინების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ როცა ადგილზე მივიდნენ, ხელებშეკრული დახვდათ ორივე ძმა. ეს უკვე უკანონოდ დაკავებაა და არა შეჩერება“, - თქვა ადვოკატმა.

„ვიდრე პოლიციელები მოვიდოდნენ, მე და ჩემი ძმა გაკოჭილები ვიყავით“, - აღნიშნა პროცესზე ბრალდებულმა გელა ხურცილავამ.

„მე მომწონს ის, რაც კეთდება ბალდის კანიონზე და აღმშენებლობის მომხრე ვარ, შენ არ ხარ აღმშენებლობის მომხრე, მხარე ხარ, რომელიც მიკერძოებულია და ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებ ამას. შეიძლება ამ პროექტში დასაქმებული ვიყო, რაც მისასალმებელია, მაგრამ შენ იმიტომ, რომ მუშაობაც არ გინდა და ვიღაც, მერე, მოდი გააპროტესტე და ამ პროექტს რომ დავითრევ, გადაგიხდი შენს წილს, მორალურადაც კი არ არიან მართლები.

მან მეუღლის დასაცავად გადადგა ეს ნაბიჯი, რომ მისულიყო ადამიანებთან, რომლებიც ამ ყველაფერს, უკანონობას ახორციელებენ. აქ არანაირ მკვლელობის მცდელობას არ ჰქონია ადგილი.

საკითხის დამძიმება მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ პირი რომელიც ხურცილავების ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით არის დაკავებული და მათ შორის სხვებიც არიან კიდევ, ვინც განახორციელეს ამგვარი ქმედება, ახლა, სამაგიეროს უხდიან ძმებ ხურცილავებს“, - ასე სცადა მომხდარის ახსნა ადვოკატმა ბარდაველიძემ და „ბალდის კანიონის მცველების“ მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა.

 ორივე ადვოკატი, რომლებიც თავდასხმაში ბრალდებულ ძმებ ხურცილავებს იცავს, „ბალდის ინვესტორის“ მიერ არის დაქირავებული. გიორგი ბარდაველიძე იცავს შპს „კანიონი 350“-ის დირექტორს გიორგი მერკვილაძეს „ბალდის კანიონის მცველის“ ცოტნე თვარაძის ცემის ბრალდების საქმეზეც.

თავდასხმა ბალდაში 11 ივნისს, გვიან საღამოს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ გელა ხურცილავამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით, თანასოფლელი, 33 წლის მინდია ბჟალავა დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 32 წლის არჩილ ბჟალავამაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული ძმები დანითა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობის მცდელობა სასჯელის სახით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულია „ბალდის კანიონის მცველი“ ინდიკო ბჟალავაც, რომელსაც გამოძიება თავდასხმამდე გელა ხურცილავას ცოლის, სოფიო შაყულაშვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობას ედავება. ბჟალავა გამომძიებლის მიერ გაყალბებული ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. ამ საქმეზე „მთის ამბები“ საგამოძიებო რეპორტაჟს ამზადებს და მალე გამოაქვეყნებს.

„მთის ამბებთან“ თავდასხმის დეტალები გაიხსენა დაჭრილმა მინდია ბჟალავამ:

„სახლში ახალი მოსული ვიყავი სამსახურიდან. გავიგე, ქვემოთ ბიჭები იგინებიან და ზემოთ კარავში მიდიან დასახოცადო. ამ დროს გამოვიდა ჩემი ორი-სამი მეზობელი, მეც ჩავჯექი მანქანაში და კარვისკენ წამოვედით. გზაში შეგვხვდა გელა ხურცილავა, რომელმაც აღმართამდე გააჩერა, ანუ შეანელა, ჩვენ დავუსიგნალეთ და გადმოხტა - თქვენ ვის უსიგნალებთო. არაფერი, გაგვატარე, კარავში მივდივართო, ვუთხარი და შეგვაგინა. მერე ჩაჯდა ჩვეულებრივად, წავიდა. მალევე ძმა შეხვდა ცხენით და შესძახა - სად უშვებო ამათ, უცენზურო სიტყვებით მოგვიხსენია. გადმოვიდა თავისი ძმა იარაღით და დაუმიზნა მძღოლს - გარეთ გადმოდიო. მძღოლიც დაიბნა და ყველა, მეც დავიბენი, ადამიანს იარაღს რომ მიუშვერენ. ჩვენი მანქანიდან მაია შავდია გადავიდა და მის დამშვიდებას ცდილობდა. მეც გადავედი. ტელეფონი ავიღე, მინდოდა, კარავში ბიჭებთან დამერეკა, რომ ამეხსნა რა სიტუაცია იყო. გელა ხურცილავამ იყვირა, ვიდეოს იღებო და

წამოვიდა ჩემთან პირდაპირ ლულით და მომიშვირა. ამ დროს ვეტაკე თოფს, წართმევა მინდოდა. მომხვდა დანა, უკან ჰქონია, არ შემინიშნავს. ყელზე და ყურზე გამომისვა. წავიდა ჩხუბი, მაგინებდა და მეუბნებოდა, იარაღი მომეციო. არ ვაძლევდი იარაღს, მეორედაც დამარტყა დანა გულმკერდის არეში და ხელში.

ქალები ყვიროდნენ ჩემზე, დაჭრილიაო. ამ დროს დანა კიდევ ჩამარტყა უკან, სამ ადგილას. წავართვი თოფი და ღობის იქით გადავაგდე. რომ მოვტრიალდი, ისიც მოტრიალდა, უკან, ზურგში კიდევ ერთხელ დამარტყა დანა და ყვიროდა, იარაღი სად წაიღეო. იარაღი რომ ვერ ნახა, გამომეკიდა, დამეწია, მოკვლა უნდოდა. ბიჭებმა მოგვისწრეს. მერე მე საავადმყოფოში წამიყვანეს“. მინდია ბჟალავას 7 ჭრილობა აქვს.

ბალდის კანიონს, ისევე როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ბუნების არაერთ უნიკალურ ძეგლს, ათობით წლით, ერთი და იგივე ჯგუფი დაეპატრონა. „მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ ამხილა, რომ ამ ჯგუფის სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელად დანიშნული მამუკა მერკვილაძე. „მთის ამბებმა“ გამოიძია, რომ გადაწყვეტილებები, რომლითაც საბოლოოდ, 20, 35 და 40 წლით დაცულ ტერიტორიებს ეს ჯგუფი დაეპატრონა, სწორედ ვალერიან მჭედლიძის მიერ, მისი თავმჯდომარეობისას არის მიღებული. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მჭედლიძეს და მისი ოჯახის წევრებს მსხვილი წილები უმეტესად აჩუქეს, ნაწილი კი სიმბოლურ და შეღავათიან ფასებში გამოისყიდა. თანხა, რომელიც ზოგიერთ კომპანიაში გადაიხადა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას არ უნდა ჰქონოდა. მთელი ამ კორუფციული სქემის შემდეგ, ვალერიან მჭედლიძე, გერმანიის სახელმწიფოს მიერ, საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის დაფინანსებულ ყველაზე მსხვილ პროექტს ხელმძღვანელობს, რომლის ბიუჯეტიც 16 მილიონ ევროზე მეტია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში