საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბალდის კანიონის მცველების მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:34 - 12 ივნისი 2024 hits 2323

სამეგრელოში, ბალდის კანიონის მცველების განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით, მარტვილის პოლიციამ 1979 და 1983 წელს დაბადებული ძმები, გელა და გიგა ხურცილავები დააკავა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით, თანასოფლელი, 33 წლის მინდია ბჟალავა დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 32 წლის არჩილ ბჟალავამაც. პოლიციის განცხადებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები დანითა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. დანაშაულის ჩადენის იარაღები ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბალდის კანიონის მცველებს თავს დაესხნენ 11 ივნისს, გვიან საღამოს, დაახლოებით 23 საათზე. დაჭრილი მინდია ბჟალავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სახის, თავის, ყელის, ზურგისა და გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, გელა ხურცილავა, დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 მაისს, მონაწილეობდა შპს „კანიონი 350“-ის მიერ, ბალდის კანიონში პროექტის განხორციელების მხარდასაჭერად ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც თქვა:

„ყველას მოვუწოდებ, მე მაწყობს აგერ, ჩემს სახლთან რამე რომ გაკეთდება, ერთი ორი კაპიკი ჩემს კუთხეში რომ გავაკეთო და რომ მივიტანო, ჩემი ოჯახი რომ წინ წავიყვანო. მე არავის ვეხები, ნურავინ ნუ შემეხება აქ. ზოგიერთები რომ იფურთხებიან და ილანძღებიან, თავიან სახლს მიხედონ და თავის ოჯახს მიხედონ“.

კომპანია „კანიონი 350“, რომელმაც ბალდის ბუნების ძეგლი კორუფციული გადაწყვეტილებებით ხელში 40 წლით ჩაიგდო, პროტესტის მონაწილეების მიმართ თვეებია აგრესიულ კამპანიას მართავს და მათ დივერსანტებს უწოდებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს ერთმანეთს აპირისპირებენ, ძალადობენ აქტივისტებზე, უჩივიან და მათ შევიწროებას ცდილობენ.

დევნის ხანგრძლივ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები გარემოს დაცვის სამინისტროს უწყებები, მათ შორის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური. კომპანიას ბალდის კანიონზე 407 მ სიგრძის როლერის ატრაქციის, კიდული და საცალფეხო ბილიკების მშენებლობა და იქ ბიზნესის კეთება სურს. მოსახლეობამ ბალდის კანიონის 40 წლით გაიჯარების შესახებ არაფერი იცოდა, ვიდრე ბუნების ძეგლი არ შემოღობეს და ხალხს იქ შესვლა არ აუკრძალეს. ბალდელებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი კანიონის ლანდშაფტს ცვლის და ანადგურებს, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან.

ბალდის, ოკაცეს და მარტვილის კანიონები, პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის ნაკრძალი - ყველაზე პოპულარული ბუნების ძეგლები ათობით წლით ერთი ჯგუფის მართვის ქვეშ არის მოქცეული. ამ ჯგუფის სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელად დანიშნული მამუკა მერკვილაძე. „მთის ამბებმა“ გამოიძია, რომ გადაწყვეტილებები, რომლითაც საბოლოოდ, 20, 35 და 40 წლით დაცულ ტერიტორიებს ეს ჯგუფი დაეპატრონა, სწორედ ვალერიან მჭედლიძის მიერ, მისი თავმჯდომარეობისას არის მიღებული. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მჭედლიძეს და მისი ოჯახის წევრებს მსხვილი წილები უმეტესად აჩუქეს, ნაწილი კი სიმბოლურ და შეღავათიან ფასებში გამოისყიდა. თანხა, რომელიც ზოგიერთ კომპანიაში გადაიხადა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას არ უნდა ჰქონოდა. მთელი ამ კორუფციული სქემის შემდეგ, ვალერიან მჭედლიძე, გერმანიის სახელმწიფოს მიერ, საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის დაფინანსებულ ყველაზე მსხვილ პროექტს ხელმძღვანელობს, რომლის ბიუჯეტიც 16 მილიონ ევროზე მეტია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში