საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო გადაეცა გელა მთივლიშვილს ფილმისთვის „დანაშაული შოვში“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:03 - 31 ოქტომბერი 2024 hits 7133

ევროპის ფონდის 2024 წლის ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის გადაეცა გელა მთივლიშვილს, ფილმისთვის „დანაშაული შოვში“.

„მთის ამბების ამ უმნიშვნელოვანესმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ წარმოაჩინა სამსახურებრივი გულგრილობის დამღუპველი შედეგები და დაადგინა, რომ ბუნებრივი კატასტროფა შოვში, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროგნოზირებადი იყო.

ამის შესახებ ინფორმაცია კი ათწლეულების განმავლობაში არსებობდა. დოკუმენტების, გეოლოგიური რუკების და საექსპერტო კვლევების ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ, „მთის ამბებმა“ გამოავლინა, რომ ხელისუფლების უმოქმედობისა და დანაშაულებრივი გულგრილობის გამო, საკურორტო ზონას ევაკუაციის გეგმა, უსაფრთხოების ზომები და ადეკვატური ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა. სრულად არ იყო მდინარე ბუბაზე დამცავი ჯებირი აგებული. სტიქიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი საათების განმავლობაში, სამაშველო ოპერაციები დაყოვნებით და არაკოორდინირებულად მიმდინარეობდა, მაშველებს არ ჰქონდათ სათანადო აღჭურვილობა, რათა სტიქიის შედეგებს გამკლავებოდნენ.  

ეს გაბედული ჟურნალისტური გამოძიება აკისრებს პასუხისმგებლობას ხელისუფლებაში მყოფებს და ამავდროულად, გვიამბობს იმ ტრაგედიის მსხვერპლთა სათქმელს, რომლის  თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო“, - აღნიშნულია ევროპის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჟიურის წევრები იყვნენ საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ბრანტ ჰიუსტონი; მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესორი მარკ ჰორვიტი; ფონდ ინტერნიუსის წარმომადგენელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი მაია მიქაშავიძე; ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე.

ევროპის ფონდმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო დააწესა ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის, ვისაც მნიშვნელოვანი საკითხების გასაშუქებლად ხშირად სახიფათო და მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა. ჯილდო მიზნად ისახავს გამოავლინოს და წაახალისოს ის ჟურნალისტები და მედიასაშუალებები, რომლებმაც არაერთი საჭირბოროტო საკითხი გამოააშკარავეს და ამავდროულად, ბიძგი მისცეს ფართო საზოგადოებრივ მობილიზაციას პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების მოთხოვნით, ან მიაღწიეს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.

მეორე ჯილდო გადაეცა აიდან იუსუფსა და ნათია მიქელაძეს ჟურნალისტური გამოძიებისათვის - „სანქციებისგან თავის არიდება: როგორ მონაწილეობს საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვში“ (აი ფაქტი).

მესამე ჯილდო გადაეცათ TV პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ასევე, სტუდია მონიტორის ჟურნალისტებს, ზურაბ მოდებაძესა და ნინო ზურიაშვილს.

მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა სახელმწიფო სახსრების  ბოროტად გამოყენების შემთხვევები და წარმოაჩინა, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი არარსებულ სამუშაოებზე დასაქმებული ფიზიკური პირების ანაზღაურებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოძიებამ აჩვენა, რომ მუნიციპალური არაკომერციული იურიდიული და საჯარო სამართლის სუბიექტების დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამ პიროვნებებს, რომლებიც ხშირად სამსახურშიც კი არ ჩნდებიან, სავარაუდოდ, მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, კერძოდ, საპროტესტო აქციებისას და ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის პოტენციურ სტრატეგიას წარმოადგენს.

ზურაბ მოდებაძისა და ნინო ზურიაშვილის გამოძიებამ „სისტემა ხალხის წინააღმდეგ“ გამოავლინა თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება უკანონო დაკავებებს,  ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჟურნალისტურმა გამოძიებამ წარმოაჩინა პოლიციის მიერ ცრუ ჩვენებების საფუძველზე აქტიური მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაკავების შემთხვევები. გამოძიებამ აჩვენა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება დაკავებებს საზოგადოების დაშინებისა და გაჩუმებისათვის, რაც ერთგვარი მსუსხავი ეფექტია  საპროტესტო მოძრაობებზე. ამის პარალელურად კი, მოსამართლეები, რომლებიც ამ საქმეებს უძღვებოდნენ, უვადოდ დაინიშნენ.

ჟიურის განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა „სამხრეთის კარიბჭემ“ და მისმა ჟურნალისტებმა - ნუკა სტეფნაძემ,  თაკო ფეიქრიშვილმა და თემო ინასარიძემ, მცირე ადგილობრივი მედიასაშუალების მიერ გაწეული გამორჩეული ძალისხმევისა და მონდომებისთვის. შეზღუდული რესურსებისა და რთული გარემოს მიუხედავად, ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიებების შესანიშნავი სერია, რომლებმაც გამოააშკარავეს არაერთი დარღვევა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კორუფციის და საბიუჯეტო რესურსების არასათანადო ხარჯვის შემთხვევები. მათ მიერ გაწეულმა შრომამ გაახმოვანა ადგილობრივი თემების წინაშე მდგარი პრობლემები, რომლებიც სხვა შემთხვევაში საზოგადოებისათვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.

„წლევანდელი გამარჯვებული ნამუშევრები წარმოაჩენს საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის სიღრმესა და მასშტაბებს. გაწეულია მნიშვნელოვანი სიღრმისეული ძიება ხელისუფლებისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად შოვის წყალდიდობისას.

დოკუმენტებისა და მონაცემების საფუძველზე შესანიშნავი საგამოძიებო ძალისხმევაა გაწეული, რომელიც ააშკარავებს რუსეთთან ვაჭრობაზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის „კრეატიულ“ მიდგომებს, რომლებსაც იყენებენ ქართული ბიზნესკომპანიები. მომზადებულია მწვავე სიუჟეტი, რომელიც ადასტურებს „უხილავი მუშაკების“ არსებობას, რომლებიც ანაზღაურებას იღებენ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს  ხელისუფლების ერთგულებისათვის. ასევე, წარმოდგენილია ადგილობრივი მედიასაშუალების გაბედული ჟურნალისტური ნამუშევრები რომელიც ნათელს ჰფენს სიმართლეს. ეს და კონკურსში წარმოდგენილი სხვა ნამუშევრები გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში. ქართველი ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ძალაუფლების მქონე პირთა პასუხისმგებლობის დაკისრებაში და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა კონკურსის ჟიურის წევრმა, მარკ ჰორვიტმა.

„კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრები ცხადყოფს საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოში. საგამოძიებო რეპორტაჟები მოიცავს როგორც მასშტაბურ საგამოძიებო პროექტებს, ასევე, მყისიერ მაკონტროლებელ საქმიანობას, რაც მნიშვნელოვანია კორუფციის, თაღლითობისა და მოწყვლადი ჯგუფების ჩაგვრის თავიდან ასაცილებლად, დემოკრატიისა და სამართლიანი საზოგადოებისთვის ბრძოლაში“, განაცხადა კონკურსის ჟურის წევრმა, ბრანტ ჰიუსტონმა.

ევროპის ფონდის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის გასულ წელსაც „მთის ამბებმა“ მიიღო ფილმისთვის - „რაჭის ტყეების ოკუპაცია“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში