საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ევროპის ფონდის ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის „მთის ამბების“ ფილმმა მიიღო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:49 - 18 დეკემბერი 2023 hits 2860

ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდაჭერისა და წახალისებისათვის ევროპის ფონდის მიერ დაწესებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის მიიღო გელა მთივლიშვილმა ფილმისთვის „რაჭის ტყეების ოკუპაცია“. 

ფილმი მოგვითხრობს როგორ გადასცა საქართველოს მთავრობამ 104 712 ჰექტარი ტყე რაჭასა და ქვემო სვანეთში დავით ხიდაშელს, სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორს. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მრავალი კანონის დარღვევით, ადგილობრივი თემების, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და მედიისგან ფარულად. გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით დაირღვა საქართველოს და საერთაშორისო კანონები, საფრთხე შეექმნა ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროს და შეფერხდა რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხი, გადაწყვეტილებამ რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება. ამ ტყეების დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენის კომპანიას 49 წლით გადაეცა, რუსეთის ფედერაციას და რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. მასალის გამოქვეყნებას საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში გააქტიურება და არაერთი პროტესტი მოჰყვა, რამაც ბიძგი მისცა მთავრობის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა ხიდაშელისთვის მიცემული ლიცენზია.

მეორე ჯილდო გადაეცათ ნინო წვერავას და ნინო ზურიაშვილს ჟურნალისტური გამოძიებისთვის „მიტოვებული ჩემპიონები“ (თავისუფლების მონიტორი). სიუჟეტი მოგვითხრობს პარამკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების შესახებ, რომლებიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გულგრილობის გამო დაფინანსებისა და შესაბამისი ყურადღების გარეშე დარჩნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენები იძულებულნი იყვნენ წლების განმავლობაში საკუთარი ხარჯებით ევარჯიშათ და მიეღოთ მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში. არასაკმარისი სახსრების გამო, ხშირად თვითმფრინავის ნაცვლად, ავტობუსით, შშმ პირთათვის შეუფერებელ პირობებშიც უწევდათ მგზავრობა. შეჯიბრებებზე შშმ სპორტსმენებს არ ახლდათ ექიმი, რომელიც შეძლებდა მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. სიუჟეტი ასევე ამხელს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში არსებულ შესაძლო კორუფციულ სქემას, რომლის მიხედვითაც ფედერაციის მიერ დანიშნული ფიქტიური მწვრთნელი სახელმწიფოსგან პრემიის სახით მიღებულ ასი ათასობით ლარს ფედერაციის ხელმძღვანელობას უნაწილებდა, მაშინ, როდესაც რეალური მწვრთნელები სპორტსმენებს უსასყიდლოდ ავარჯიშებდნენ. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ, სამინისტრომ საჭირო თანხები გამოყო და სპორტსმენების ძირითადი პრობლემები მოაგვარა. მალევე, პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 101 მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა დაიმსახურა.

მესამე ჯილდო გადაეცა ქეთი თუთბერიძეს და ზაზა წულაძეს ჟურნალისტური გამოძიებისთვის „ოკუპაცია უიარაღოდ“ (თავისუფლების მონიტორი). სიუჟეტი მოგვითხრობს რუსი ბიზნესმენების, ძმები ტერეშჩენკოვების ბიზნესინტერესებზე საქართველოში. ძმები ტერეშჩენკოვები, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო ელიტასთან და თავდაცვის სამინისტროსთან, კომპანია Laserwar-ის მფლობელები არიან და ლაზერთაგის იარაღით ვაჭრობენ. მას შემდეგ, რაც მათი ბიზნესი ევროპაში სანქციების ქვეშ მოხვდა, ძმები საქართველოთი დაინტერესდნენ და 2022 წლის აპრილში ბათუმში დაარეგისტრირეს კომპანია „ლაზერთაგი“. კომპანიას დღესაც აქტიური სტატუსი აქვს და მისი საქმიანობა კვლავ უცნობია. გამოძიებამ გამოააშკარავა თუ რამდენად მყიფეა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოება იმ საგარეო კურსის ფონზე, რომელსაც მთავრობა აწარმოებს. 

განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა მაკა ანდრონიკაშვილის, გიორგი შეწირულის და ირაკლი ქანდარიას სიუჟეტმა „სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის“ (ტვ პირველი). სიუჟეტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო რესურსის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ეხება, საკითხის გარშემო ფართო დისკუსია გამოიწვია. ჟურნალისტური გამოძიება მტრულ და სტრესულ გარემოში მიმდინარეობდა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გუნდმა აღიარა, რომ სამთავრობო  ბორტი პირადი მიზნებისთვის ნამდვილად გამოიყენეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხარჯები პრემიერ-მინისტრის ოჯახმა დაფარა და გადახდის დამადასტურებელი გადარიცხვები მოგვიანებით გამოქვეყნდება. საკითხი შესაბამის სტრუქტურებს არ შეუსწავლიათ. 

განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა თამარ გელაშვილის და ზაზა წულაძის ჟურნალისტურმა გამოძიებამ „გასაიდუმლოებული ფიასკო გელათზე“ (თავისუფლების მონიტორი). გამოძიებამ გამოააშკარავა ის გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელშიც საერთაშორისო ავტორიტეტული ექსპერტები კულტურის სამინისტროს ამხელენ გელათზე არასწორად ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებში, რამაც მე-12 საუკუნის ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროცესი გაცილებით გამჭვირვალე გახდა, ადგილზე დაუშვეს ადგილობრივი სპეციალისტები, რომელთაც მანამდე სარესტავრაციო პროცესზე ყველანაირი წვდომა შეზღუდული ჰქონდათ.

ევროპის ფონდის განცხადებით, გამომძიებელ ჟურნალისტებს მნიშვნელოვანი საკითხების გასაშუქებლად ხშირად სახიფათო და მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო მიზნად ისახავს გამოავლინოს და წაახალისოს ის ჟურნალისტები და მედიასაშუალებები, რომლებმაც არაერთი საჭირბოროტო საკითხი გამოააშკარავეს და ამავდროულად, ბიძგი მისცეს ფართო საზოგადოებრივ მობილიზაციას პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების მოთხოვნით, ან მიაღწიეს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.

„კონკურსში შემოსული მასალები სიღრმისეულად იძიებენ და ნათელს ჰფენენ მნიშვნელოვან თემებს და სააშკარაოზე გამოაქვთ კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თუ ადამიანის უფლებათა უგულებელყოფის ფაქტები გავლენიანი ოფიციალური პირების მიერ. წლევანდელ მასალებში გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი თემა - რუსეთის მზარდი გავლენა სხვადასხვა სფეროებში და კორუფციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები მაღალჩინოსნების მიერ“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

2023 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდოს ჟიურის წევრები იყვნენ: ბრანტ ჰიუსტონი - საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი; მარკ ჰორვიტი - მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესორი; მაია მიქაშავიძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; ქეთევან ვაშაკიძე - ევროპის ფონდის პრეზიდენტი.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან წლის საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების ჯილდო მიიღო „მთის ამბების“ კიდევ ერთმა საგამოძიებო ფილმმა - დანაშაული შოვში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში