საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ადამიანები კვდებიან, სახლები ბოლომდე იწვება - ხელმიუწვდომელი სერვისები სვანეთის სოფლებში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:09 - 14 ოქტომბერი 2024 hits 3749
მურმან ჩხვიმიანის დამწვარი სახლი ჭუბერში
ახალი ამბები
მურმან ჩხვიმიანის დამწვარი სახლი ჭუბერში

სვანეთის სოფლებში (უშგულის და ხაიშის ზონებში) ადამიანები კვდებიან და საცხოვრებელი სახლები ხანძრის შედეგად ბოლომდე ნადგურდება იმის გამო, რომ გადაუდებელი დახმარების ბრიგადებს გამოძახების ადგილზე მისაღწევად ერთი საათი მაინც სჭირდებათ. 2023-2024 წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში 34 სახლი დაიწვა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რეაგირების დრო 5-დან მაქსიმუმ 19 წუთამდე მერყეობს.

„ახლახან იყო ხანძარი ჩვენს მეზობლად. მასწავლებელი, მოსწავლე, ბავშვი, ახალგაზრდა - ადამიანებმა თავი გაწირეს, რომ ფარდულიდან სახლზე არ გადასულიყო. ცეცხლი რომ ჩავაქრეთ, მაგ დროს მოვიდა სახანძრო სასწრაფოსთან ერთად. იმას კი არ ვამბობ, რომ არ მოდიან, მოდიან, მაგრამ ზუგდიდიდან, ჯვარიდან ან მესტიიდან მოსვლას ხომ ბევრი დრო სჭირდება? ზუგდიდიდან რომ სასწრაფო დახმარების მანქანა ამოვიდეს, 70 კილომეტრია აქამდე, ჯვარიდან 45. მესტიიდან კიდევ უფრო აგვიანებს“, - ხაიშის მკვიდრი მიმოზა ჭკადუა გვიყვება, რომ სასწრაფოც და სახანძროც ერთ საათზე მეტხანს ანდომებენ ხაიშის თემის სხვა სოფლებში მიღწევას:

„ვედში თუ ვინმე ცუდად გახდა, კი ურეკავენ სასწრაფოს, მაგრამ მის ასვლას არავინ ელოდება. საკუთარი მანქანით ავადმყოფი მიჰყავთ, რომ გზაში შეახვედრონ.

შეიძლება ავადმყოფს რამე დაემართოს კიდეც გზაში, მაგრამ ლოდინიც ხომ რისკია“.

ხაიშის თემში 23 სოფელია. ქვედა ზონაში, კიდევ 14 სოფელია ჭუბერის და იდლიანის თემებში.

14 სექტემბერს მურმან ჩხვიმიანის სახლი დაიწვა ჭუბერში. ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა.

მანამდე, 24 წლის მამაკაცს იდლიანში შეშის ჭრის დროს ხე დაეცა. სასწრაფომ დაიგვიანა, უახლოეს საავადმყოფომდე გადასაყვანად 3 საათზე მეტი დასჭირდათ და ვერ გადაარჩინეს. გიორგი ერთადერთი მსხვერპლი არ არის. გიორგის დედა მერი ჭკადუა იხსენებს, რომ იდლიანში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო დაიღუპა 26 წლის ჯამბულ დავითიანიც: „ისიც შეშის მოსაჭრელად იყო ტყეში წასული. მაშინაც, ექიმმა, დროზე რომ ჩამოგეყვანათ, შეიძლება ფეხიც შენარჩუნებოდა და თვითონაც გადარჩენილიყოო. სასწრაფო ვერ მოვიდა მალე, ვერ მოხერხდა წაყვანა და დაიღუპა“.

„21-ე საუკუნეში ეს პრობლემა არ უნდა გვქონდეს.

სახანძროა თუ სასწრაფოა, პირველადი დახმარების აღმოჩენა რეალური უნდა იყოს და არა ბუტაფორიული, როგორიც ამჟამად არის. როცა სახანძრო აქამდე აღწევს, უკვე დამწვარია ყველაფერი და მხოლოდ ფაქტს აფიქსირებს, რომ ამა და ამ პირს სახლი ან დამხმარე სათავსო დაეწვა. ეს მანძილის გამო ხდება.

ახლოს უნდა იყოს ეს სერვისები. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ გულის შეტევით, ან გარკვეული პრობლემების გამო დამთავრებულა სიცოცხლე“, - ამბობს ხაიშის მკვიდრი ზურაბ ნიჟარაძე.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენჯერმე ხელმოწერები შეაგროვეს და შესაბამის სამსახურებს მიმართეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო - სამაშველო სამსახურის პუნქტი ხაიშის თემში გაიხსნას, რომელიც ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლებს მთლიანად დაფარავს. გამოხმაურება მხოლოდ სახანძროსთან მიმართებით ჰქონდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჯერ-ჯერობით მოხალისე-მეხანძრეების დატრენინგების მზაობა გამოთქვა.

„ჩვენ სრულყოფილ სერვისებზე ხელმისაწვდომობას ვითხოვთ. მოხალისეებად ისედაც ვეხმარებით ერთმანეთს, როცა გვიჭირს. ადრე, კომუნისტების პერიოდში ხაიშში 15 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო  იყო. ქირურგი, თერაპევტი, სტომატოლოგი, გინეკოლოგი, ვინც შეიძლება გადაუდებელ შემთხვევებში ყოფილიყო საჭირო, ყველა ექიმი გვყავდა. ახლა კლინიკის გახსნას ხომ არ ვითხოვთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი არსებობდეს. ფინანსები და თანხები ამ მხრივ გამოინახება. მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო“, - ამბობს ზურაბ ნიჟარაძე.

„მთის ამბებმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, 2023-2024 წლებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის რამდენი გამოძახებაა რეგისტრირებული მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან; რამდენ გამოძახებაზე გავიდა ბრიგადა ადგილზე, თითოეული გამოძახების შემთხვევაში საიდან; რა დრო მოანდომა ბრიგადამ გამოძახების ადგილზე მისვლას; რამდენი პაციენტი იქნა გადაყვანილი სტაციონარში; რამდენი გარდაიცვალა შეტყობინების მიღებიდან გამოძახების ადგილზე ბრიგადის მისვლამდე ან პაციენტის სტაციონარში გადაყვანამდე პერიოდში. სამინისტროდან მონაცემები ჯერ არ მიგვიღია.

იგივე პრობლემები აქვთ ზემო სვანეთის ზედა ზონის სოფლებშიც - უშგულის თემში. 18 სექტემბერს, გვიან ღამით, უშგულში კაფე-ბარი ენგური დაიწვა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ მესტიიდან უშგულში მაშიან მიაღწია, როცა ყველაფერი განადგურებული იყო და ცეცხლი ჩამქრალი. მეპატრონეებმა ვერაფერი გადაარჩინეს. გამოძიება აქაც ფორმალურად დაიწყო.

„მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც გამოითხოვა 2023-2024 წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის შემთხვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, რა იყო ხანძრის ობიექტი და ხანძრის წაკიდების სავარაუდო მიზეზი; შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი, შეტყობინების მიღებიდან რამდენ ხანში მივიდა და საიდან გავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრებთან დაკავშირებით, „112“-ში 2023 წელს დაფიქსირდა - 101 შეტყობინება, ხოლო, 2024 წელს (აგვისტოს ჩათვლით) - 71. სამინისტროს განმარტებით, „112“-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს რეალური შემთხვევების რიცხვს: „გასათვალისწინებელია, როგორც ცრუ შეტყობინებების არსებობა, ასევე, ერთ ინციდენტთან დაკავშირებული სხვადასხვა ინიციატორის მიერ დაფიქსირებული იდენტური შეტყობინებები“. უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაციის დიდი ნაწილი არ მოგვაწოდა. „მთის ამბები“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში