საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, ჭიმღა ნასოფლარად აქციეს“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:24 - 14 ოქტომბერი 2024 hits 9836

ვიდრე გიგლა ოჩიაური არხოტიდან აყრას გადაწყვეტდა, უწყება არ დავტოვეთ - დუშეთის მერიიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურის სამანისტროთი დამთავრებული, სასამართლოსაც კი მივმართეთ ორჯერ, რომ ხელისუფლებისთვის ჭიმღამდე სამანქანო გზისა და შუქის მიყვანა დაევალებინა. გიგლამ რუსეთის საზღვარს მიბჯენილ შიბუღელეს გადასასვლელს 44 წელი მარტო უდარაჯა და ჭიმღისწყლის ხეობაში ოკუპანტი არ გააჭაჭანა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება 8 წელია არხოტის გზას თხრის და ბიუჯეტიდან ათობით მილიონი „იხარჯება“. „საუკუნის პროექტი“ დაარქვეს, რომელსაც საზღვრისპირეთში ხევსურები უნდა დაებრუნებინა. პირიქით კი მოხდა.

დავიღალე გელა, უგზოდ და უშუქოდ ვეღარ შემიძლია! ამდენი ხანი ხო ვიყავი, ყველა ხელისუფლება რაღაცით გვერდში მედგა, რაციებით, ვერტმფრენით, ექთნით. ამ ხელისუფლებას ფეხებზე კიდია ხალხი და სოფლები! ისევ არ დაწყებულა გზა ჭიმღისკენ. როგორც ვითომ ჰესი ააშენეს 2020-ში და არჩევნებისთვის ფული მოხსნეს, წელსაც ზუსტად ისევ ისეა! აქეთ ხო არ აპირებ, ჩავწეროთ რამე. იქნებ, ვინმე გამოვახედოთ ჭიმღისკენ, - ეს წერილი გიგლამ აგვისტოს დასაწყისში მოგვწერა. 9 აგვისტოს, ცალ-ცალკე მივმართეთ დუშეთის მერიას და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. არხოტის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მთელი დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ და ორივე უწყებას ვკითხეთ - რატომ არ არის სამანქანო გზა გაჭრილი სოფელ ჭიმღამდე და რა სამუშაოებია ამ მიზნით დაგეგმილი. პასუხმა, რა თქმა უნდა, დააგვიანა.

დაანებე თავი გელა, წამოვალ, მოვშორდები, სჯობს ყოველ წელს ამათან ძაღლღორობას! ან ვინმე შემომაკვდება და გვარსაც ჭირს გავუხდი“.

სამინისტრომ 24 სექტემბერს, თვენახევრის დაგვიანებით მოგვწერა, რომ „ახიელი-ჭიმღის გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც დაგეგმილია ეტაპობრივად.“ ტყუილი! ჭიმღას გზას რომ ჰქონდეს, არათუ 24 სექტემბრისთვის, დღემდე არაფერი გაუკეთებიათ. სამინისტრომ დოკუმენტაცია არ გადმოგვცა.

მოგესალმები გელა! ვტოვებ უკვე ჭიმღას, სამუდამოდ! იძულებული გამხადა ამ ხელისუფლებამ, რომ წავიდე, დავტოვო სამუდამოდ ჭიმღა! „ოცნებამ“ გაიმარჯვა. როგორც იქნა, დაარქვეს ჭიმღასაც ნასოფლარი! კარგი იქნება თუ ჩამოხვალთ და საბოლოო წერილს დავუწერთ ჭიმღას!“, - გიგლა ოჩიაური, ოქტომბერი, 2024 წელი.

ასას და ჭიმღისწყლის შესართავთან დამხვდა. მოკლე დღის და დროის არქონის გამო, ამჯერად ჭიმღაში ვერ ავედით. მელაპარაკებოდა და სიმძიმისგან ყელში ბურთი რამდენჯერ გაეჩხირა. მთის კაცისგან იშვიათია ტკივილის ასე გამოხატვა და ვერ დაფარვა.

„აღარ გავთიბე. 44 წელი სულ ითიბებოდა, იხვნოდა, ითესებოდა. ხოდა, წელს აღარ გათიბულა. გათიბვა იმას ნიშნავს, რომ იქ რჩები, საქონელი უნდა შეინახო, ცხენი გაკვებო. წელს აღარ მოიხნა ყანა.

თითო-თითო ადამიანი ვცხოვრობთ. თითო ადამიანის სიკვდილი, მთელი სოფლის სიკვდილს ნიშნავს.

ექთანი იმიტომ იყო საჭირო, უბრალო სიცხემ მაინც რომ არ მოკლას მთელი სოფელი.

აქ აღარავინ მოვა, არასოდეს. აქ დამბრუნებელი არავინ არ არის, თუ ისეთი ხელისუფლება არ მოვიდა, ეროვნული, თუ არ მოგხედა რა, თუ არ შეგიქმნა პირობები.

შუქი რომ არა გაქვს კაცს. აგერ, ჰესია. რომ არ მოდიოდეს, ხო. ის ფული ხელისუფალს რომ არ მოეპარა... სულ რომ არ ყოფილიყო, არც არაფერი იქნებოდა. გავძლებდით, გავძლებდით და თუ ვერ გავძლებდით, სანერვიულოც არაფერი იქნებოდა. („მთის ამბებმა“ გამოიძია ხევსურეთში - შატილსა და ახიელში ჰესების მშენებლობის საქმე. სახელმწიფო უწყებების მიერ ინფორმაციის დამალვის მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვავლინეთ. ჟურნალისტურ გამოძიებას უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ).

ჩვენ კი გვინდა, რომ აქ, საზღვრის პირას იარსებოს სოფელმა, არ დაიშალოს, ჭიქებთან კი გვინდა, მაგრამ რას ვაკეთებთ ამ ხალხის გასაჩერებლად?

ერთი ექთანი ვერ მოგვიძებნია, შუქი ვერ მიგვიყვანია და 8 მილიონი მოვპარეთ ამ ხალხს, ამ კუთხეს. სამანქანო გზა ვერ მიგვიყვანია, რომ საზღვარმა იარსებობს.

წავლენ ამ თვის ბოლოს ეს მესაზღვრეები, ყოველთვის ასეა. მორჩა, აღარც მე ვიქნები. არავინ აღარ იქნება აქ საქართველო. არავინ იცის, ივნისში, როცა მოდიან, მერე საქართველოსი იქნება თუ ვისი.

ამაზე რომ არავინ ფიქრობს. ამ ხელისუფლების თაღლითობით, უყურადღებობით დავიღალეთ რა. ვერტმფრენის ერთი სამოქალაქო რეისი არ გვაქვს. ესენი კაბინეტებში სხედან, არც ლამფა უნთიათ. ჩვენ ამ ბრძოლაში კიდევ ლუკმას  ვეზიდებით ზურგჩანთით და ვეღარ შევძელი. დავიშალეთ. მოკვდა ჭიღმა უკვე, მორჩა.

იცი რა ქნეს? ახლა მტერი ვეგონები, შეძლეს, გაიმარჯვეს, გაიგე? ჭიღმას ნასოფლარი დაარქვეს. ჭინჭარი ამოვა, აღარ მოიხვნება, აღარ დაითესება, არც არაფერი. მორჩა, როგორც უამრავია, კვირიწმინდაა, კალოთანა, წყალშუა, ღორღუ... ბოლოს გაქრება და გადნება ჭინჭარში, შამბში.

გარეჯი საქართველოაო და ეს საწყალი წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი გამოყარეს. ის გარეჯი ახლა დაბრუნდა? სად წავიდა. მერე, ერეკლამ ეს ქნა. იმას კი ნუ გვაშინებ,

ლაჩარი, მამაძაღლი, მე ომით მაშინებ? ომით მაშინებ? ჩემს იქით გაჩერებულია ჩეჩნეთ-ინგუშეთი, ომით მაშინებ? რას მაშინებ. შენ იმით მიეხმარე ვინმეს, რომ აქ დასახლდეს.

მაგ აბსურდს და მაგ მაიმუნობას კი ნუ მაიმუნობ. წამოკრეფენ ორ იმას და დაარბენინებენ,

მამა მამააო და დედა დედააო. მაგას რომ მთის კაცს უყვები, გაგიგია კაცო? მაგით აქ ვერავინ ვერ მოტყუვდება. მაგან ამოწურა. გარეჯმა, ოჯახის სიწმინდემ ამოწურა თავისი რესურსი, მაგას ახლა აღარავინ ჭამს.

სხვა რამე უნდა მოიფიქრო. იმაში უნდა დაგვეხმარო, რაღაცამ იარსებოს. სოფლებს ნუ მოკლავ. მაგრამ, ვერ დაგვეხმარა და ამ ჩხუბსა და დავიდარაბაში დავიღალეთ.

რა ვქნათ, ჩემს ხელში მოკვდა, ვერაფერი ვერ გავუკეთე. ვერც ვერავინ დაბრუნდა, ვერც სამანქანო გზა მივუყვანე, ვერც შუქი და ახლა კიდევ ზურგჩანთით საკვების მიზიდვა ძალიან ძნელია, ვეღარ შევძელი.

აქ რომ კიდევ გამოიკეტო და კიდევ ლამფაზე, ეს საშინელება იქნება. წარმოგიდგენია, 8 თვე ლამფა გინთია ზამთრის თვეებში? ამ გრძელ თვეში, თვალები გტკივა. ვერც წიგნს კითხულობ, ვერაფერი. რა საზღვარი, რის საზღვარი. ამასობაში, ხელისუფლება, შენი კუთხიდან რაღაც 30-40 მილიონს იტაცებს. აბა, წარმოგიდგენია? შუქი არ გაქვს, ლამფაზე ხარ. ითიშება ხოლმე ინტერნეტი. წასულ ზამთარს ბევრჯერ გაითიშა. მთაზე თოვლი იყო დაფარებული. მერე საერთოდ მკვდრები ვართ, ცოცხლები ვართ, კაცმა არ იცის. მერე საერთოდ ჩვენი პატრონი არ არის ღმერთის მეტი არავინ. ვერც ვერაფერს გავიგებთ. ან რას მიეხმარები, იქიდან მე როგორ ჩავკვალავ, რაღაც რომ გაუჭირდეს. ან ესენი როგორ ამოკვალავენ თოვლს. ამ დღეში ვართ. ღმერთმა გაძლება მისცეთ ამათ, შიო, გოჩა, ზეზვა რჩებიან. 3 ადამიანიღა დარჩება მთელ არხოტში.

1975 წელს აქ რომ დავბრუნდი, აქ რატომ მოვედი? ახალგაზრდა ვიყავი, გამარჯვებაში ვცხოვრობდი კარგად.  აგერ, იქ არის, მაღლა მთაში გათიბული ჰქონდათ 46 თივა. აქ ერთს 18 შვილი ჰყავდა, აბდუსალამს. ვერ ეტეოდნენ იქ, მეორეს 12 ჰყავდა, მესამეს ყველაზე ცოტა - 6. ვინ უშლის აქედან რომ მოვიდეს, ვინ უშლის? იმ სამანქანო გზაზე რომ ვამბობდი, ზვიად გამსახურდიას დროს რაც გაიჭრა ინგუშეთიდან არხოტში, იქ ახლა მსუბუქი მანქანა ვერ ამოვა, მაგრამ ეს გზა რომ შეერთდა, ტანკს კი არ უშლის ხელს? იცი რა გამოვიდა, ეს ხელისუფლება თუ აქ არ დააბრუნებდა ხალხს, ამღას არ ააშენებდა, რაღაცას არ გააკეთებდა, გამოვიდა, რომ იმ ტანკს გავუხსენით გზა. აღარავინ ცხოვრობს და რა უშლის ხელს რომ გადმოვიდეს, ამოვიდეს ტანკით, ამოიაროს, ამოვიდეს. ვინ გადაუდგება წინ?! როცა უნდა, მაშინ ამოვა.

მოკვდა აგერ სოფელი. ეს არის ყველაზე ახლო გადმოსასვლელი, შიბუღელე. ხევსურეთისკენ, მიდის გზა მანდ. რუსეთიდან ვინც მოდის, ვისაც უფლება არა აქვს, ან საბუთები არა აქვს წესრიგში, ასე მოდის. გამოივლის და ჯუთის ღელეში გადმოვა. სად მიდის მერე? ხიდზე რომ ჩახვალ, როშკის ზემოთ, აბუდელაურების გადასასვლელთან, ეგ არის საძელე, 5 კილომეტრია სულ ფეხით გასავლელი. ვინ იცავს, შემოდი, გადი.

მესაზღვრე სად დგას, დღეს სად დგას მესაზღვრე, გეკითხები. შემოჰყურებს ჭიმღას. იქ რა უნდა შემოსასვლელებს. ეუთო იდგა გადმოსასვლელთან ახლოს, მიჩერებული ჰყავდა. ახლა სადაც ჩვენები დგანან, არაფერი ჩანს, არაფერი ჩანს ჩემი სახლის მეტი, მართლა გეუბნები.

არხოტი რომ იცლება, მწყინს, დუშმანის ხელში რჩება ყველაფერი. ზეთუკა ჰქვია ამღის თავზე მთას, მანდ იდგა მზირი. ახლა განა მანდ დგას ჯარი, დაბლა, ხევში. გზა გათავისუფლებულია. ყველა სამუშაოს საძებნელად ხომ არ მოდის?! რა იცი ვინ შემოდის და ვინ გადის ეს მამაძაღლი, ოხერი.

- გიგლა, რამდენი დღე დარჩა ჭიმღას?

- ვიდრე არ ჩამოვივლი და არ მივეფარები თვალს, ალბათ, 2 კვირა.

ამ არჩევნებს დაველოდები, ჩვენი იმედი ეგღაა. იქნებ, ეს ღალატი მოშორდეს. დაველოდები და მერე დავიძვრები ან ნაღვლიანი, ან ისე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში