საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გამოძიება დაიწყო „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, შუქრუთელებთან მემორანდუმის შესაძლო გაყალბების ფაქტზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:43 - 08 ოქტომბერი 2024 hits 1723
მოშიმშილეები პარლამენტის შენობის წინ
ახალი ამბები
მოშიმშილეები პარლამენტის შენობის წინ

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებთან გაფორმებული მემორანდუმის შესაძლო გაყალბების ფაქტზე.

სწორედ ამ მემორანდუმით აპელირებს კომპანია, როცა აცხადებს, რომ

  • მოსახლეობის თანხმობა აქვს შუქრუთში მანგანუმის ღია კარიერული და მიწისქვეშა გზით მოსაპოვებლად;
  • ადგილობრივ მცხოვრებლებთან კომპენსაციის გადახდის წესსა და პირობებზე შეთანხმებულია;

მემორანდუმი 2020 წლის 11 ივნისით არის დათარიღებული და ძალაშია 15 წლის განმავლობაში (2034 წლის ზაფხულამდე). მემორანდუმი კაბალურ პირობებს შეიცავს სოფლის მოსახლეობის საზიანოდ. დოკუმენტი ადგილობრივებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, ამჟამად მიმდინარე პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, სასამართლო დავა დაიწყო და მემორანდუმი სარჩელს მტკიცებულებად დაურთო.

„ამ დროისთვის, შუქრუთში მცხოვრები სულ მცირე 30 ოჯახის უფლებებს ვიცავთ და მემორანდუმი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებიდან არავის ჰქონდა. კომპანიამ ეს დოკუმენტი დაურთო პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელებს. უშუალოდ მემორანდუმზე დაზარალებულ მოქალაქეებს ხელი არ მოუწერიათ. მათ ეს დოკუმენტი არც გააცნეს. დაზარალებულების მიერ ჩვენთვის მოცემული ახსნა-განმარტებებით, კომპანიის წარმომადგენლები შუქრუთის მცხოვრებლებთან ცარიელი ფურცლებით მივიდნენ და უთხრეს, რომ თუ მათ (მოსახლეობას) კომპენსაციის მიღება სურდათ, ფურცელზე ხელი უნდა მოეწერათ. მემორანდუმის ტექსტის შესაბამისად, დანართზე (ცარიელ ფურცელზე) ხელს აწერინებდნენ ნებისმიერ პირს, მიუხედავად იმისა, რომ ზიანისთვის კომპენსაცია მხოლოდ მესაკუთრეებს მიეცემოდათ.

მემორანდუმის ძირითადი მიზანია მოსახლეობის შებოჭვა, რათა კომპანიას შეუფერხებლად გაეგრძელებინა მუშაობა, რაც იწვევდა და იწვევს დასახლებული პუნქტებისთვის, კერძო საკუთრებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას.

მემორანდუმი მთლიანად ცალმხრივია და მხოლოდ შპს „შუქრუთი +“-ის ინტერესებზეა მორგებული. თითქმის ყოველი მეორე მუხლი ისეთ პირობებს ადგენს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად კაბალურია. მესაკუთრეებს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რაც მათთვის ზიანის მომტანია და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან“, - უთხრა „მთის ამბებს“ სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის ადვოკატმა ვლადიმერ ქუთათელაძემ.

მაგალითად, მეორანდუმის 4.2. პუნქტის თანახმად, მემორანდუმის მოქმედების განმავლობაში, მისი ხელმომწერი ერთი პირიც კი, თუ რამე სახით ხელს შეუშლის კომპანიას, ამ უკანასკნელს უფლება ეძლევა, ყველა მესაკუთრეს შეუჩეროს გადახდა და ყველა ხელმომწერი მესაკუთრისგან უკან დაიბრუნოს უკვე გადახდილი თანხები.

„კომპანია მოსახლეობას ფაქტობრივად უზღუდავს ნებისმიერი სახის პროტესტის გამოხატვას, ასევე, შემოაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

მემორანდუმში ეს ჩანაწერები მითუფრო აბსურდულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1.1. პუნქტის თანახმად, ანაზღაურება ეძლევა მხოლოდ „მესაკუთრეს“, ხოლო დანართზე ხელს აწერს ნებისმიერი პირი, რომელიც მემორანდუმის დარღვევის შემთხვევაში, არაფერს დაკარგავს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

მემორანდუმის 4.4. პუნქტის თანახმად, თუ შპს „შუქრუთი+“, მემორანდუმის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტს სამთო-მოპოვებით საქმიანობას, ის და შპს „ჯორჯიან მანგანეზიც“ თავისუფლდებიან დაზარალებული მოსახლეობისთვის ყველანაირი კომპენსაციის გაცემის ვალდებულებისგან.

ადვოკატის თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე  მუხლით გათვალისწინებული (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) დანაშაულის ნიშნებს, ამიტომაც მიმართეს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

საჩივარს თან ერთვის შუქრუთის 134 მცხოვრებლის ხელმოწერა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს კომპენსაციის გაცემის დაპირების სანაცვლოდ და მემორანდუმის პირობები მათ არ გააცნეს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმს 2007 წლიდან მოიპოვებს. როგორც სოფელ შუქრუთში, ასევე, მეზობელ დასახლებებში, ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაციაა შექმნილი. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 2017 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა.

13 მარტიდან შუქრუთის მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციაა მართავენ კოროხნალის მაღაროსთან. პროტესტის დაწყებამდე სოფლის შუაგულში, თითქმის 2 კილომეტრ სიგრძეზე მიწა გაიხსნა, ნაპრალი მთელ სოფელს გასდევს, სულ უფრო იზრდება და ღრმავდება.

იმის გამო, რომ დაზარალებულებმა ვერც ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება მიიქციეს და არც არავინ ახდენს რეაგირებას „ჯორჯიან მანგანეზის“ უკონტროლო საქმიანობაზე, 1-ელი სექტემბრიდან აქციის 5-მა მონაწილემ პირი ამოიკერა. ამ დროისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, 12 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, 4 ქალი. მოშიმშილეები 24 საათის განმავლობაში, თავსხმა წვიმაშიც, ღია ციქ ქვეშ არიან შეკრებილი, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ კარვის განთავსების საშუალება არ მისცა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ აქციის მონაწილეებსა და მათ ნათესავებს სასამართლოში უჩივლა და ითხოვს, 5,5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით და ამავე დროს, პირველივე მოთხოვნისთანავე კომპანიას გადაეცეს მათი ეზოები და ნაკვეთები გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ანუ დაზიანებული, ნგრევის პროცესში ან საფრთხის ქვეშ მყოფი სახლები უნდა დაანგრიონ, ტერიტორია გაასუფთაონ და კომპანიას ისე გადასცენ. სასამართლომ პროტესტის მონაწილეთა და მათი ახლობლების ქონება დააყადაღა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში