საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ ვითხოვთ რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას და გაუქმებას - მედიის კონსტიტუციური სარჩელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:26 - 02 სექტემბერი 2024 hits 1838

საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, ერთობლივი სარჩელით მივმართეთ შპს „საქართველოს ამბებმა“ და ააიპ „სტუდია მონიტორმა“.

კონსტიტუციური სარჩელით რუსული კანონი სადავოდ გავხადეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 (აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებები) და 22 მუხლებთან (გაერთიანების თავისუფლება) მიმართებით.

ორივე მედიაორგანიზაცია ჟურნალისტურ მასალებს ვქმნით დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. საგრანტო მხარდაჭერა რომ არა, ვერცერთი ჩვენგანი ვერ შეძლებდა მუშაობას.

რუსული კანონი მოსარჩელეებს გვაკვალიფიცირებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“, იგივე, უცხოეთის აგენტებად. ეს მასტიგმატიზებელი სტატუსი გვენიჭება იმის გამო, რომ წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო დონორებისგან გვაქვს მიღებული, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული დაფინანსება ხარისხიანი ჟურნალისტიკის შექმნას და საზოგადოების ინფორმირებას, მოსახლეობის პრობლემების გაშუქებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხმარდება.

რუსული კანონი გვავალდებულებს დავრეგისტრირდეთ ორგანიზაციათა მადისკრედიტებელ რეესტრში და ამ მიზნით, შესაბამისი საფინანსო დეკლარაცია წარვადგინოთ.

არცერთი ჩვენგანი საკუთარი ნებით არ ვაპირებთ ღირსების შემლახავ, მადისკრედიტებელ რეესტრში რეგისტრაციას.

რომ არ დარჩეს ვარაუდიც კი, თითქოს გამჭვირვალობის წინააღმდეგები ვართ, რითიც „ქართული ოცნება“ და მისი პროპაგანდისტული არხები ხშირად სპეკულირებენ, თუ სახელმწიფოს საგრანტო დაფინანსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება სურდა და არა იმ მედია ორგანიზაციების სტიგმატიზება და გაქრობა, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებლები ვართ ჩვენი კრიტიკული, მოდარაჯე, მამხილებელი საქმიანობის გამო, ცვლილებებს შეიტანდნენ საგადასახადო კოდექსში და არ დაგვაწებებდნენ ამ შეურაცხმყოფელ სტატუსს, არ დაგვავალდებულებდნენ პერსონალური მონაცემების გაცემას, არ ჩაერეოდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში და განსაკუთრებით მაღალი ოდენობის ფულადი ჯარიმების დაკისრებით არ დაგვახრჩობდნენ.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელებს განიხილავდა, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ეს კანონი სწორედ რეპრესიებისთვის არის მიღებული, საბოლოოდ კი ჩვენი ლიკვიდაციისთვის.

ჩვენს გარშემო მცირე ზომის და ძალიან მნიშვნელოვანმა არაერთმა ორგანიზაციამ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა. მათ შორის, ძალიან კვალიფიციური ადამიანების ნაწილმა, რომლებიც სხვადასხვა სერვისს აწვდიდნენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს, დაჩაგრულ ადამიანებს, სხვა მოწყვლად ჯგუფებს, სამოქალაქო სექტორი დატოვეს.

 

მოსარჩელე ორგანიზაციები და ხელისუფლების მიერ ჩვენი დევნა სადავო კანონის მიღებამდე

საქართველოში მოქმედ ბევრ სხვა მედია და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად, ჩვენც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით და ვეწინააღმდეგებით რუსული კანონის მიღებას, რადგან იგი კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან საფუძველშივე შეუსაბამოა, რასაც ადასტურებს რუსეთში მოქმედ მსგავს კანონზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, უნგრეთის მსგავს კანონზე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ, 2023 წელს მომზადებული დასკვნა და ვენეციის კომისიის 2024 წლის გადაუდებელი დასკვნა.

სადავო ნორმები პირდაპირ თუ ირიბად ზიანს აყენებს და ლახავს არაერთი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებებსა და თავისუფლებებს, მაგრამ ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ აყენებს მაღალი ეთიკური სტანდარტის საგამოძიებო ჟურნალისტიკას.

საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე კითხვაც დაისვა - ტერმინის „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის“ შესაძლო პოზიტიურ შინაარსთან ან ინტერპრეტირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ექსპერტის სახით მოწვეულმა ლინგვისტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარინე ბერიძემ პირდაპირ, მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ

ამ შესიტყვებას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ქართულ ენაში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კონოტაცია აქვს.

ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე, „მთის ამბებიც“ და „სტუდია მონიტორიც“ არაერთხელ გავხდით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მუქარისა და თავდასხმის სამიზნე. სამუშაო ოფისების და რედაქტორების საცხოვრებელი სახლების კედლებზე, „სტუდია მონიტორის“ შემთხვევაში, მისი ხელმძღვანელის ავტომობილზეც, შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი, მუქარის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი წარწერები და პლაკატები განათავსეს, ხელისუფლების დავალებით, როგორიცაა - აგენტი, უსამშობლო, გამყიდველი და ა.შ.

მოსამართლე მერაბ ტურავამ იკითხა, ეს წარწერები ამ კანონთან რა კავშირშია, „ხომ შეიძლება ეს კანონი არ მიეღოთ და წარწერები ისედაც გაეკეთებინათ“.

ეს კანონი პირდაპირ კავშირშია ამ წარწერებთან, რომლებიც სწორედ მტრებად, უსამშობლოებად, გამყიდველებად მონიშვნის მიზნით გააკეთეს და რაზედაც პასუხისმგებლობა აიღო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ. მის შავ სიაშიც კანონის მიღებამდე შეგვრაცხეს აგენტებად. „ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები“, - დაწერა სამხარაძემ.

ის, რომ მსგავსი ტერმინი შეურაცხმყოფელია და სტიგმატიზაციას იწვევს,  ვენეციის კომისიას და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს არაერთხელ აქვს ასახული დასკვნებში.

 

მედიაორგანიზაციები, „მონიტორინგის მექანიზმი“ და მისი რეპრესიული ბუნება

მონიტორინგის მექანიზმი სენსიტიურია მედია ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით კი საგამოძიებო მედიისთვის.

საგამოძიებო ჟურნალისტიკა ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა. მუშაობის პროცესში რეპორტიორების გუნდი იკვლევს დიდი მოცულობის მასალას, მათ შორის, საჯარო დოკუმენტებს, სხვადასხვა სახის არქივს, ოფიციალურ მიმოწერას და ა.შ. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ვერ იარსებებდა წყაროებთან მუშაობის გარეშე, წყარო კი მედიასთან, ხშირ შემთხვევაში, ანონიმურობის გარანტიით, კონფიდენციალობის პირობის დაცვით თანამშრომლობს.

ჩვენ არაერთი ჟურნალისტური გამოძიების დროს, სპეციალური საექსპერტო კვლევისთვის, საკვლევ საკითხსა და დამდგარ შედეგებს შორის კავშირების დასადგენად, მოგვიწვევია მეცნიერები, ექსპერტები, მაგალითად, გეოლოგი, გლაციოლოგი, ჰიდროლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი და ა.შ. ისინი ჩვენს მიერ გადახდილი ფინანსებით გავიდნენ საკვლევ ტერიტორიაზე, ჩაატარეს შესაბამისი სამუშაოები, აიღეს საკვლევი მასალის ნიმუშები, ჩააბარეს ლაბორატორიას, მოამზადეს დასკვნები, მეცნიერული შეფასებები და გადმოგვცეს კონფიდენციალობის დაცვის პირობით, რაზედაც თავიდანვე შევთანხმდით.

რატომ უნდა აინტერესებდეს ხელისუფლებას, მაგალითად, შოვის ტრაგედიაზე ჟურნალისტური გამოძიების პრიცესში, რომელი მთამსვლელი ან მყინვაროლოგი დავიქირავე კატასტროფის გამომწვევი მიზეზების ადგილზე დოკუმენტირებისთვის? რატომ უნდა მივაწოდო ხელისუფლებას დოკუმენტები, საიდანაც გაიგებს, რა საკითხები გავუწერე ამ ადამიანებს?

სადავო კანონის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი - საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა“. 

ამასთან, მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს არამხოლოდ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, ასევე - ანონიმური პირის განცხადება „სათანადო მინიშნების“ ფორმით (საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას. მუხლი 8, პუნქტი 2,  ბ ქვეპუნქტი).

რუსული კანონით, ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია”.

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიღმა, სადავო ნორმები არ ადგენს არანაირ შინაარსობრივ შეზღუდვას მისაღები ინფორმაციის კუთხით. შესაბამისად, სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს როგორც პროფესიული საიდუმლოება, ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.

მამხილებლებს განსაკუთრებული როლი აქვთ საგამოძიებო მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების კუთხით.  მითუფრო იმ პირობებში, როცა კრიტიკული და გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საგანგაშოდ შემცირებულია.

საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომაზე კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მედიაორგანიზაციებისგან პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნისას არანაირი ჩამკეტი არ აქვს.

საჯაროდ არ გამოვაქვეყნებთო - სიტყვიერად თქვა საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვა პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ასეთი დაცვის გარეშე, წყარომ შეიძლება, თავი შეიკავოს მედიის დახმარებისგან საზოგადოებისთვის იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაში, რომელზეც საზოგადოების ინტერესი არსებობს. ამან შეიძლება, დააზიანოს პრესის, როგორც „საზოგადოებრივი მოდარაჯის“, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი და შეზღუდოს მისი შესაძლებლობა, ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს აბსოლუტურ დაცვას ითვალისწინებს - „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.

რუსული კანონით მოსარჩელეებს მნიშვნელოვნად შეგვეზღუდება საგამოძიებო სიუჟეტების მომზადების შესაძლებლობა, ხშირად კი ეს საერთოდ შეუძლებელი იქნება, განსაკუთრებით, პოლიტიკურად სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით.

 

ჯარიმები და მოსარჩელეთა ფაქტობრივი ლიკვიდაცია

რუსული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ორგანიზაციებს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის ვადა 2 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.

3 სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტრო ორგანიზაციებს იძულებით არეგისტრირებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“ და აკისრებს ჯარიმას 25000 ლარის ოდენობით.

ჯარიმის გადასახდელად ორგანიზაციას დაახლოებით ერთი თვე აქვს, ვიდრე ანგარიშებსა და ქონებას დაუყადაღებენ. პირველი ჯარიმის დაკისრებიდან 10 დღეში ორგანიზაციამ თუ არ წარადგინა საფინანსო დეკლარაცია, ის დამატებით ჯარიმდება 10000 ლარით; მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იგივე დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის, ორგანიზაცია კიდევ ჯარიმდება 20 000 ლარით.

მოსარჩელეები საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსებას ვიღებთ პროექტების სახით. იმის გამო, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკას ვაკეთებთ და ხშირად, ხელისუფლების პირველ პირებს ან სხვა მაღალჩინოსნებს შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობაში ვამხელთ, არ გვაქვს კომერციული, სარეკლამო შემოსავალი. პოტენციური დამკვეთები, ხელისუფლებისგან მოსალოდნელი წნეხის შიშით, ასეთ მედიებთან თანამშრომლობას თავს არიდებენ.

თითოეული საგრანტო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დონორ ორგანიზაციასა და დაფინანსების მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, დეტალურად და მკაცრად არის განსაზღვრული გრანტის თანხა თვეების მიხედვით რაში უნდა დაიხარჯოს. არცერთი საგრანტო პროექტი არ ითვალისწინებს იმგვარ ხარჯებს, რითიც შეიძლება განსაკუთრებით მაღალი ოდენობის ფულადი ჯარიმების გადახდა მოხერხდეს.

ამიტომაც, შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები, რომლებიც გამოიყენება მოსარჩელეებისგან ისეთი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებების არღვევს, ძალიან სწრაფად გამოიწვევს მოსარჩელეთა საქმიანობის შეწყვეტას.

რუსული კანონი ამოქმედებას ითვალისწინებს კანონის ძალაში შესვლამდე პერიოდში განხორციელებულ საქმიანობებთან მიმართებითაც, რაც არ გვაძლევს არჩევანს და ავტომატურად გვაქცევს მასტიგმატიზებელი / მადისკრედიტებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ სტატუსის მატარებლად.

სადავო კანონი გვავალდებულებს დავარღვიოთ საქართველოს მოქალაქე შემომწირველებისთვის მიცემული პირობა, ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული წესები და უსტიციის სამინისტროს მათი პერსონალური მონაცემები მივაწოდოთ, საბანკო ანგარიშების ნომრების ჩათვლით, რასაც არც გასულ წელს გვავალდებულებდა საგადასახადო კანონმდებლობა  და არც ახლა.

მასტიგმატიზებელი სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვნად შეამცირებს საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ, მკვეთრად უარყოფითად აისახება შემომწირველებზე (დონაცია), რაც გამოიწვევს არსებული, მწირი არაკომერციული შემოსავლის დაკარგვასაც.

 

კონსტიტუციის 22-ე მუხლი

რუსული კანონი არსებითად ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების დაცვის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ და ევროკავშირში აღიარებულ სტანდარტებს.

გაერთიანების თავისუფლების შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების წინაპირობა საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებაა. მოსარჩელეები წლების განმავლობაში ვქმნიდით საკუთარ საქმიან რეპუტაციას. ჩვენს ორგანიზაციებში, ადამიანები ძირითადად, სწორედ ამ იდეების, ღირებულებების ირგვლივ ერთიანდებიან და იწყებენ მუშაობას. ერთი მხრივ, ღირსების შემლახავი და მასტიგმატიზებელი სტატუსი, ხოლო მეორე მხრივ, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ქმედებების განხორციელება ცალ-ცალკე და მთლიანობაში გამოიწვევს მოსარჩელეთა სტიგმატიზაციას, სოციალური იმიჯის განადგურებას და ხელს შეუწყობს ჩვენდამი მტრული გარემოს ჩამოყალიბებას.

შეურაცხმყოფელი და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი სტატუსი მნიშვნელოვნად შეაფერხებს, ხშირად კი სრულად გამორიცხავს ადამიანების სურვილს, გაერთიანდნენ  ან დასაქმდნენ მსგავს ორგანიზაციებში, რადგანაც „აგენტის“ იარლიყი პერსონალურად მათზეც აისახება.

აგენტურის, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის და დანაშაულებრივი ჯგუფების გამოვლენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა საგამოძიებო ორგანოების ვალდებულებაა. ამ რეესტრში რეგისტრაცია მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს აყენებს მათ შორის სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების რისკის ქვეშ.

ამიტომაც ვითხოვთ, რომ სადავო კანონის მოქმედება შეჩერდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც შესაძლებელს გახდის იმ გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილებას, რასაც რუსული კანონი გამოიწვევს.

2012 წელს, როცა რუსეთში „აგენტების კანონი“ მიიღეს, მაშინ იმ ადამიანებმაც კი, ვინც მყისიერად იგრძნეს საფრთხე, თუ რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, ბოლომდე ვერ განჭვრიტეს, რა საშინელებას უმზადებდა ეს მათ და მათ სამშობლოს.

ამ კანონმა, რომელიც საწყის ეტაპზე უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე საქართველოს პარლამენტის 84 წევრის მიერ მიღებული კანონი, ყველაფერი გააქრო რუსეთში - თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი, აზრის თავისუფლება.

ქართული პროპაგანდისტული მედია ზუსტად იგივე შინაარსის კამპანიას აწარმოებს აქ, ახლა, ჩვენს წინააღმდეგ, რასაც აკეთებდნენ რუსი პროპაგანდისტები წლების განმავლობაში.

ქართულ ენაზე მოსაუბრე პროპაგანდისტებს იმედი აქვთ, რომ ზუსტად ისევე გაგვანადგურებენ, როგორც ეს რუსეთში შეძლეს. მაგრამ ეს არ გამოვა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონს შეაჩერებს.

„თუ არ შეაჩერებთ, დარწმუნებული ვარ, იცით, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, რომ საწყის ეტაპზე გავქრებით ჩვენ, თავისუფალი პროფესიების ადამიანები, მაგრამ რუსული ტიპის მმართველობა ისეთია, მას აუცილებლად და მუდმივად სჭირდება მსხვერპლი. ამიტომ, შემდეგში, როცა შუა გაიკრიფება და ჩვენი პროფესიების ადამიანები აღარ ვიქნებით, ის შეეხება ყველას. მათ შორის, არ არის გამორიცხული შეგეხოთ თქვენც“, - მიმართა „საქართველოს ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ დღეისათვის სულ ოთხი სარჩელია რეგისტრირებული. კანონის მოქმედების შეჩერებას და შემდეგ მის გაუქმებას ითხოვენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის 38 ოპოზიციონერი დეპუტატი და 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია. პრეზიდენტი და პოლიტიკოსები დავობენ კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებითაც (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია). როგორც ცნობილია, რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უახლოეს დღეებში უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სარჩელებს არსებითად განსახილველად, რა ნაწილში და შეაჩერებს თუ არა რუსული კანონის მოქმედებას დროებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში