სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის კვლევაზე ქართველ მეცნიერებთან ერთად, კანადის, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების თანამშრომლები - გეოლოგები, გეომორფოლოგები, გლაციოლოგები, სეისმური სიგნალიდან გეოლოგიური პროცესების შესახებ ამოღების, მოდელირების სპეციალისტები მუშაობდნენ.
2 საათი 8 წუთის ნაცვლად
მეცნიერებმა, რაჭაში, სოფელ ღარში არსებული სეისმური სადგურის ჩანაწერებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ მყინვარ თბილისაზე კლდეზვავის განვითარების ინტენსიური პროცესი, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო. საქართველოს სეისმური ქსელი ამჟამად 49 სეისმური სადგურით და 36 ძლიერი მოძრაობის მარეგისტრირებელი ხელსაწყოთი ოპერირებს. ღარის სეისმური სადგური შოვის სტიქიის ეპიცენტრიდან ყველაზე ახლოს მდებარე სადგურია, მანძილით 30 კმ.
„მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ნაშალი მასალის ტრანსპორტირება, ვიდრე შოვამდე ჩამოვიდოდა, სეისმური ქსელის თითქმის ყველა სადგურმა ჩაიწერა, ვაშლოვანსა და თუშეთშიც კი, მაგრამ ყველაზე მკაფიო ჩანაწერი გვაქვს ღარის სეისმურ სადგურზე. აქ განთავსებული იყო, როგორც ველოსიგრაფი, ასევე აქსელეროგრაფი.
ორივე ჩანაწერის შეჯერებული ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ ხეობაში ნაშალის ტრანსპორტირება დაიწყო 14:56 საათზე, ანუ 2 საათის შემდეგ კლდეზვავის განვითარების ინტენსიური პროცესის დაწყებიდან“
- აღნიშნავს თეა გოდოლაძე, რომელიც არაერთხელ გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან თავდასხმის სამიზნე, სამთავრობო დასკვნებისგან განსხვავებული ექსპერტული შეფასებების გაკეთების გამო.
წყალი - კატასტროფის აგენტი
„უშუალოდ კერაში, საწყის წერტილში დაიშალა 1 მლნ კუბური მეტრი კლდე, მთა, ქანები. ეს პროცესი მიდიოდა 2 საათის განმავლობაში, მაგრამ ეს მასალა არ ჩასულა შოვამდე, ვიდრე არ ჩაერთო წყალი, რომელიც სამწუხაროდ, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეს და კიდევ გზაში წამოკრეფილი მასალა შოვამდე ჩაეტანა“, - სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით, ლაშა სუხიშვილი ასკვნის, რომ სტიქია მყინვარის თავზე დაიწყო, ხოლო ობიექტი, რომელიც სატელიტურ გამოსახულებებზე ძალიან ჰგავს ტბას, მდებარეობს მყინვარ თბილისას თავზე, დაშლილი კლდის ძირში.
„ასეთი ტიპის წყლის ობიექტს ჰქვია სუპრაგლაციალური ტბა, რომელიც იქმნება ყინულის თავზე და წარმოადგენს სეზონური თოვლის, წვიმის და ნადნობი წყლების აკუმულაციას მყინვარის სხეულში. მისი სარკის ფართობი არც ისე დიდია. ამხელა სტიქიისთვის, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ ვამბობ, რადგან ჩვენ არ ვიცით მისი სიღრმე და ის, თუ რა მოცულობის წყალი შეიძლება ინახებოდეს. ეს არის ერთ-ერთი ვარაუდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ის წყალი, რომელმაც ეს მასალა შოვამდე ჩამოიტანა. თუმცა, არის სხვა საეჭვო უბანიც, სადაც წყალს შეიძლება ჰქონდეს ნამუშევარი. ამ ეჭვის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ერთ-ერთი ობიექტის ზემოთ არის გამორჩეულად ინტენსიური დნობის კვალი. თოვლზე დატოვებული არხებით ვხვდებით, რომ აქ ნადნობი წყალი ჩამოედინება და სავარაუდოდ, თავს იყრის ამ ზონაში.
სეისმური მონაცემები, რომელიც გვაჩვენებს, რომ პროცესი 1-ელ საათზე დაიწყო და სამი საათისთვის რაღაც დაემატა, რამაც ეს ჩამოიტანა, ამის საფუძველზე გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება, სამ საათზე კლდეზვავის ნაკადი შეეხო წყლის ობიექტს, მისი სტაბილურობა დაარღვია, მოხდა გადმოღვრა და ამ ნაკადის წამოღება შოვამდე.
წყალი იყო ის აგენტი, რომელმაც 2 საათის განმავლობაში ჩამოსული მასა შოვში წამოიღო“, - ამბობს ლაშა სუხიშვილი.
თავის საბოლოო დასკვნაში გარემოს ეროვნული სააგენტო არაფერს ამბობს მყინვარის თავზე წყლის შესაძლო დაგროვების შესახებ და წერს, რომ წყალი ყინულშიდა ნაპრალებიდან გადმოვიდა, ასევე, „მყინვარის ზედაპირზე კლდეზვავის მყარი მასალის ხახუნის შედეგად, მყინვარი უსწრაფესად გადნა, რის შედეგადაც წარმოქმნილმა ნაკადმა ხეობის კალაპოტში დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა“.
ცვლილებები მყინვარზე ტრაგედიამდე 13 დღით ადრე
მეცნიერებმა გაანალიზეს 2015 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, მყინვარების - ბუბას და თბილისას უღრუბლო სატელიტური მონაცემებიც დნობის სეზონის ბოლოსთვის (აგვისტოს ბოლო - სექტემბრის შუა რიცხვები). გამოიკვეთა, რომ სტიქიის კერას წლის თბილ პერიოდში ახასიათებდა სეზონური დნობით გამოწვეული მცირემასშტაბიანი ნატეხოვანი ან/და ტალახიანი ნაკადები, თუმცა, 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდელი მონაცემები დანარჩენი 8 წლისგან გამორჩეულია.
2023 წელს ნაკადის გავრცელების ფართობი გაიზარდა და ყველაზე დაბლა ჩამოაღწია. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მიუთითებს 2023 წელს სტიქიის კერის გამორჩეულ არასტაბილურობაზე კლდეზვავის აქტიური ფაზის დაწყებამდეც:
„გაანალიზდა ყოველდღიური სატელიტური მონაცემები 2023 წლის 1-ელი ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით. შერჩეულია უღრუბლო 22 დღე. დაკვირვების პერიოდში ფიქსირდება როგორც დნობა/ჩამოშლის კვალი, ისე თოვა და აღნიშნული კვალის კვლავ დაფარვა, თუმცა
ნაკადების ფართობის გამორჩეულად მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 20 და 21 ივლისს და 25 და 26 ივლისებს შორის. ეს მონაცემები თავის არსით ნიშნავს იმას, რომ ადგილზე რაღაც უჩვეულო ხდება და ეს ითხოვს გადამოწმებას.
შეიძლება გადამოწმებამ აჩვენოს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ შეიძლება აჩვენოს, რომ მასშტაბური სტიქია ყალიბდება“.
შოვის ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული 33 ადამიანიდან, ერთი ბავშვის ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ) და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, გამოძიება 128-ე (განსაცდელში მიტოვება) და 342-ე მუხლებითაც წარმართულიყო, რაც პროკურატურამ არ დააკმაყოფილა. ტრაგედიიდან ერთი წლის თავზეც პროკურატურას არავინ ჰყავს პასუხისგებაში მიცემული.
დღეს შოვში მყოფ პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა დაუსრულებელი გამოძიების შესახებ. „დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, წინასწარი გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით, „მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. [ამ საქმეს] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება. შვეიცარიელი პარტნიორია ჩართული ამ ყველაფერში და სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი დაფარული იქნება მონიტორინგის სისტემით“.
პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული ვადები და ადგილები არ დაასახელა. მხოლოდ ის თქვა, რომ „ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ გარკვეულ ვადებში ყველა სამუშაო შესრულდება“.
მთავრობის მეთაური პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, შოვში, ტრაგედიის ადგილზე ტაძრის მშენებლობის საძირკველის კურთხევას დაესწრო. „ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, - თქვა კობახიძემ.
„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. ამას ათობით დოკუმენტი, კვალიფიციური კვლევები, გეოლოგიური რუკები და მომხდარი სტიქიები მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი. სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს, არ გამოუყენებიათ დრონები. არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა.