საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პაპუაშვილი თავს ესხმის ექსპერტებს, რომლებიც შოვის სტიქიაზე დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:46 - 08 აგვისტო 2023 hits 5556

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საბოტაჟში დაადანაშაულა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ და ონლაინგამოცემა „მთის ამბები“.

„ამ კრიტიკულ, კრიზისულ მომენტში, როდესაც მნიშვნელოვანი არის მობილიზება, თანადგომა და გადამოწმებული ინფორმაციის გაშვება, სამწუხაროდ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ტალღა, ფაქტობრივად საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო საქართველო.

გვყავს ერთი, ორი, გეოლოგია ან ვინ არის პროფესიით, არ ვიცი, ვინც ამ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა, განსაკუთრებით ერთი ქალბატონი [თეა გოდოლაძე]. გვყავს ერთი ორი ასეთი ადამიანი, რომელიც კრიზისის დროს პანიკას ტეხს, აბსოლუტური ტყუილით.

აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ის ამბობდა. არ ვიცი, კომპეტენტური ტყუილი იყო თუ არაკომპეტენტური უცოდინრობა, მაგრამ ის, რომ იქ დაგუბება იყო ორი დღის განმავლობაში, ისიც ამას ამბობდა და სხვა მედია საშუალებებიდან, „მთის ამბები“ ამბობდა, რომ თითქოს ორი დღე წყალი არ მოდიოდა ბუბის ხეობაში ან დაკლებული იყო, რაც ასევე იყო ტყუილი. პირდაპირ მეცნიერულად დასტურდება. ჭანჭახზე არის სენსორი დაყენებული და ჭანჭახის შენაკადი არის მდინარე ბუბა. იმ დღეებში და თვის მონაცემები მეც ვნახე და არანაირი ცვლილება არ არის დაფიქსირებული წყალთან დაკავშირებით, 3 აგვისტომდე. ამიტომ ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი, რომელსაც დაემატა მეორე ტყუილი, რომ იქ, ზემოთ, თითქოს რაღაც გუბდებოდა, იყო რაღაც ღია ტბა, აბსოლუტური ტყუილი, რომელიც ვრცელდებოდა თან რა დროს, კრიზისის დროს და ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი და ზურგში დანის ჩარტყმა ქვეყნისთვის.

ასევე, თითქოს იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს ანალიზი, რომელიც აჩვენებდა, რომ იმ ხეობაში მოსალოდნელი იყო ღვარცოფი, სინამდვილეში აბსოლუტური ტყუილი იყო.

მე რამდენჯერმე მივმართე „მწვანე ალტერნატივას“, რომ უარყოფა გაეკეთებინათ ამ ტყუილის და სამწუხაროდ, თითი თითზე არ დააკარეს და ეს ტყუილი შეინარჩუნეს.

მოხაზული ჰქონდათ პირდაპირ მდინარე დღვიორა, რომელიც არის რამდენიმე ასეული მეტრით ქვემოთ, მეორე მხარეს არის ეს ხეობა. საერთოდ არაფერი იქ არ მომხდარა, რამეც რომ მომხდარიყო, არანაირ კავშირში არ იყო კურორტ შოვთან. გასაგებია, რომ ხალხმა არ იცის გეოლოგია, მაგრამ გეოგრაფია მაინც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ამ დროისთვის ნაპოვნია 19 ცხედარი, საიდანაც 14 ამოცნობილია. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა 15, მათ შორის არიან ბავშვები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან.

მთავრობა აცხადებს, რომ ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით.

„მწვანე ალტერნატივის“ დირექტორის ნინო გუჯარაიძის განცხადებით, პრობლემა სულ მცირე 9 წლის განმავლობაში არსებობდა, რაც საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ მთლიანად მდინარის აუზში აქტიური მონიტორინგის ღონისძიებები დაგეგმილიყო, წინასწარი შეტყობინების სისტემები დაემონტაჟებინათ და რეაგირების გეგმები შეექმნათ, რაც არ გაკეთდა. მისივე თქმით, თუ ეს ყველაფერი იარსებებდა, მყარი მტკიცების საფუძველი გვაქვს, რომ მსხვერპლის თვალსაზრისით ასეთი შედეგი არ იქნებოდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძეც მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, სიკვდილის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო,  ბუბას ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა თუ გვექნებოდა.

„მთის ამბებთან“ ინტერვიუში იგივე დაადასტურა ჰიდროლოგმა ნიკა წითელაშვილმაც, რომელმაც პირველად შეფასებაში მოცემული დასკვნები ეჭვქვეშ დააყენა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთის ამბებს“ ჯერ კიდევ 5 აგვისტოს მოუწოდა, რა ინფორმაცია გაავრცელოს და რა არა, მან ერთ-ერთი პოსტის წაშლაც მოითხოვა. იმავე დღეს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთის ამბების“ რედაქტორს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არაკაცი უწოდა. მანამდე, 4 აგვისტოს გამოცემის რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, შოვში, ადგილობრივმა ჩინოვნიკმა უთხრა, რომ „წყალში გადააგდებდა“, თუ წესიერად არ მოიქცეოდა. „მთის ამბების“ მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმაც.

რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაცია პირველად „მთის ამბებმა“ გაავრცელა. გამოცემის ჟურნალისტები სტიქიის ზონაში პირველივე დღიდან მუშაობენ და საზოგადოებას უწყვეტ ინფორმაციას აწვდიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში