საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა არ გააკეთა მთავრობამ, რაც შოვში ასეთ მძიმე შედეგებს აგვარიდებდა - ინტერვიუ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:07 - 06 აგვისტო 2023 hits 6384

„რა თქმა უნდა, სტიქიას ვერ აიცილებ, მაგრამ შეგიძლია იყო მისთვის მზად. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წინასწარი მოკვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, ყოფილიყო საკმარისი დრო, დაახლოებით ნახევარ საათამდე, რათა მომხდარიყო მოსახლეობის გაფრთხილება და ევაკუაცია. მყარი მტკიცების საფუძველი გვაქვს, რომ ასეთი შედეგი არ იქნებოდა, მსხვერპლს ვგულისხმობ“, - აცხადებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში. რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ნაპოვნია 18 ცხედარი, ამდენივე დაკარგულად მიიჩნევა.

„მწვანე ალტერნატივა“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან 4 თვეა ითხოვს დოკუმენტს, რომელშიც 2022 წლის გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2023 წლის პროგნოზია აღწერილი. სააგენტოს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილია, კანონი ავალდებულებს, ეს დოკუმენტი თვითონ გამოაქვეყნოს, რათა ყველამ ვიცოდეთ, სად რა საფრთხეებია. სახელმწიფო მას საგანგებოდ მალავს, შესაბამისად, არ ვიცით, რა წერია საფრთხეების შეფასების ბოლო დოკუმენტში შოვის შესახებ, თუმცა „მწვანე ალტერნატივას“ შესწავლილი აქვს წინა წლების გეოლოგიური ბიულეტენები - შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება.

გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაშია მოქცეული სოფელი გლოლაც, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის, დღვიორას ხეობაში განვითარებული ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

კურორტ შოვისთვის გეოლოგიური საშიშროების რისკის მაღალი კატეგორია არ მიუნიჭებიათ მხოლოდ 2021 წელს, მდინარე დღვიორას მიერ შექმნილი პრობლემების გამო. ჯერ კიდევ 2014 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში, სადაც კურორტი შოვი ასევე მაღალი რისკის ზონად არის განსაზღვრული, დღვიორასთან ერთად საფრთხედ დასახელებულია ჭანჭახის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადიც.

მდინარე ბუბასთან დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენებს ადასტურებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე, 2017 წლის 7 ივლისს გამოქვეყნებული ვიდეომასალაც.

„პრობლემა არსებობდა სულ მცირე 9 წელია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს შესწავლილი წინა წლების ბიულეტენები. 9 წელი იყო წინ იმისათვის, რომ მთლიანად მდინარის აუზში დაგეგმილიყო აქტიური მონიტორინგის ღონისძიებები, დანერგილიყო წინასწარი შეტყობინების სისტემები, შექმნილიყო შესაბამისი რეაგირების გეგმები, რადგან ვიცით, რომ კურორტი შოვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და ამ წერტილში ბევრი ადამიანი შეიძლება ერთდროულად აღმოჩნდეს.

საკმარისი დრო იყო ამ ყველაფრის შესაქმნელად და თუ ეს ყველაფერი იარსებებდა, მყარი მტკიცების საფუძველი გვაქვს, რომ მსხვერპლის თვალსაზრისით ასეთი შედეგი არ იქნებოდა.

განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მონიტორინგის სისტემა არ იყო გამართული, არ გვქონდა შესაბამისი რეაგირების გეგმა და მოსახლეობისთვის არაფერი იყო წინსწრებით ცნობილი. არამხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის, რომელთა ვალდებულებაა მსგავს საკითხებზე რეაგირება“, - აღნიშნავს ნინო გუჯარაიძე.

მისივე თქმით, „მწვანე ალტერნატივა“ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. „საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი ჩვენი უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაზე. ამიტომ, არავინ სხვა ამაზე პასუხისმგებელი არ არის“, - ა,ბობს გუჯარაიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც 5 აგვისტოს, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, „მწვანე ალტერნატივა“ და „მთის ამბები“ საბოტაჟში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, რამდენიმე მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებდა, თითქოს არსებობს რაღაც კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ ხეობაში რაღაც ღონისძიებებია ჩასატარებელი, რაც ტყუილია. სხვა დასახელების მდინარეა იქ, დღვიორაზეა საუბარი, რომელიც არის ქვემოთ, მეორე მხარეს, სხვა ხეობაა. როდესაც ხდება პირდაპირ საბოტაჟი ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, სერიოზული კითხვის ნიშნები ისმის ამ ორგანიზაციების დონორების მიმართ.

„მწვანე ალტერნატივის“ და „მთის ამბების“ დონორები, როდესაც აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ საბოტაჟს უწევენ კრიზისულ მომენტში და ცდილობენ, პანიკა დათესონ, ეს რა ქცევაა ან რისი დაფინანსებაა საერთოდ? არ ვიცი, ვინ არიან ამ ორგანიზაციების დონორები, მაგრამ ვინც არიან, მოვუწოდებ, ჩახედონ, რას აფინანსებენ. ეს არის მეგობრობა ხალხის მიმართ?

როდესაც კრიზისულ მომენტში მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები პირდაპირ საბოტაჟს უწევენ მთლიანად პროცესს და ცდილობენ პანიკის დათესვას. ამ პრობლემას, სამწუხაროდ, სხვა დროს კიდევ შეიძლება უმკლავდებოდე და ნაკლებად ემოციურიც იყო, მაგრამ როდესაც ასეთ ტრაგედიაზე გვაქვს საუბარი, როცა კატასტროფიდან გამომდინარე კრიზისული მომენტების მართვაა, როდესაც ამ დროს ხდება ზურგში დანის ჩარტყმა ასეთი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რა თქმა უნდა, აქ არის პასუხისმგებლობა მათი დონორების. მოვუწოდებ მათ, ამაზე დაფიქრდნენ“, - თქვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ნინო გუჯარაიძეს ვკითხეთ, რისი მიღწევა სურს ხელისუფლებას ასეთი ტიპის თავდასხმებით. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა თავის მართლების პოზიციაში არიან და ცდილობენ აირიდონ პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრია ნებისმიერ შემთხვევაში. ვფიქრობთ, რომ თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლოს მივმართავთ ცილისწამებისთვის და პაპუაშვილისგან ბოდიშის მოხდასაც მოვითხოვთ“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში