საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბრძოლა რიონის ხეობაში უსაფრთხო გზისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

01:47 - 24 ივლისი 2024 hits 2800
ვარლამ გოლეთიანი
ახალი ამბები
ვარლამ გოლეთიანი

„ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტია მთავარი მიზეზი, რის გამოც რიონის ხეობის გზას არ აკეთებენ და უგზოობით განზრახ ცლიან ზემო იმერეთისა და ლეჩხუმის სოფლებს. მთავრობა ფიქრობს, რაც ნაკლები ადამიანი დარჩება ამ ხეობაში, მით ნაკლები პრობლემა შეექმნებათ ჰესების კასკადის მშენებლობას ისევ თუ შეეცდებიან“, - ვარლამ გოლეთიანი, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის სხვა წევრებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ოთხი თვეა, სოფელ ალპანაში აქციას მართავს, ერთადერთი მოთხოვნით - ხელისუფლებამ მოაწყოს უსაფრთხო გზა, რომელიც ადგილობრივებს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ აღარ ღირსებიათ.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზით, რომელიც წყალტუბოს და ცაგერის სოფლებზე გადის, იმერეთის და ლეჩხუმის მოსახლეობის გარდა, რაჭის და ქვემო სვანეთის მცხოვრებლებიც სარგებლობენ. ქუთაისიდან, ონის და ამბროლაურის სამგზავრო მიკროავტობუსებიც ამ გზით მოძრაობენ. გზა მოკლეა და მდინარე რიონს მიუყვება. რაჭაში ასასვლელად არც ნაქერალას და არც შქმერის უღელტეხილის გავლა არ გიწევთ. ზამთარშიც ყოველთვის ღიაა და არ იკეტება, თუმცა მოუვლელობისგან მგზავრებისთვისაც შემაწუხებელია და გზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტად. ავტომობილის გავლისას ხეობის სოფლები მტვრით იფარება.

„ერთხელ რომ ჩაჯდეს რომელიმე ჩინოვნიკი და გამოჰყვეს იმ ტრანსპორტს, ნახავს, რაც ხდება. მართლა ჯოჯოხეთია. სხვა სიტყვას ვერ იტყვი. ბოლოს რომ გადმოდიხარ, ხრეშს ჭამ. ჯაყჯაყზე აღარაფერს ვამბობ“, - გვეუბნება ვარლამ გოლეთიანი.

სოფელ მექვენაში გაწვიმება ზაფხულის ცხელ დღეებშიც აღარ უხარიათ. ათობით წლის განმავლობაში სანიაღვრე არხების გარეშე დარჩენილი გზის ქვემოთ მდებარე სახლებსა და ეზოებში, ხევებიდან გზაზე, შემდეგ კი გზიდან წამოსული წყალი უვარდებათ და იტბორებიან.

„თუ ავადმყოფი ადამიანი გადაგყავს, ღმერთმა ყველა დაიფაროს, ქალაქამდე შეიძლება ცოცხალი ვერ ჩავიდეს“, - მაკა სულაძე მექვენაში მცხოვრებთაგან ერთ-ერთია იმ სამი ოჯახიდან, რომელმაც წინა წლებში, ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებელ კომპანიას სახლ-კარი არ მიჰყიდა. რადგან სახალხო პროტესტის შედეგად გიგანტური ჰესების მშენებლობის პროექტი ჩავარდა და ხეობის დიდი ნაწილი აღარ დაიტბორა, ისინიც კი, ვინც სახლები კომპანია „ენკას“ მიჰყიდეს, ჯერ კიდევ სოფლებში ცხოვრობენ. თუმცა, მაკა იმის ერთ-ერთ მიზეზად, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას აქტიურად ვერ ითხოვს, შიშს ასახელებს - „სახლები მათი აღარ არის და ფრთხილობენ, რომ დაცლა არ მოსთხოვონ. ვიდრე აქ არიან, ნაკვეთს, ბაღს უვლიან და პროდუქტი მოჰყავთ“.

მექვენას ზემოთ, უკვე ლეჩხუმის სოფლებში - ტვიშში, ქორენიშში, ორხვში, რომელიც მიკროზონაა და ცოლიკაურის ჯიშის ვაზითა და ღვინითაა განთქმული, უფრო მეტი ხალხია შემორჩენილი. კიდევ უფრო მეტი, ვინც საცხოვრებლად ქუთაისშია გადასული, შაბათ-კვირას მაინც ცდილობს მამაპაპისეულ სახლებსა და ძველ თუ ახალგაშენებულ ვენახს უპატრონოს. ასეთი გზა მათთვისაც მთავარი პრობლემაა.

ქორენიშის მკვიდრ ნუგზარ გოდოლაძეს ცოლ-შვილი ქუთაისში ჰყავს, თვითონ კვირაში რამდენჯერმე უწევს ლეჩხუმში ასვლა და უკან დაბრუნება. „ბავშვები შიშით მომყავს ამ გზაზე, ვაითუ რამე დამეცეს. ალაგ-ალაგ მეწყერია, მისახედია.

წინ თუ მანქანა მიდის, ისეთი მტვერია, არაფერი ჩანს და მეშინია, რიონში არ გადავვარდე. საკუთარ თავზე ვრისკავ და ბოლო პერიოდში, ბავშვები სულ უფრო იშვიათად ამომყავს“

- ნუგზარიც ამ აქციის მონაწილეა, ახლა, ალპანაში რომ აქვთ კარავი გაშლილი. კარავიც იმიტომ გაშალეს, რომ ვერც ადგილობრივ და ვერც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვერაფერს გახდნენ, პასუხიც არ გასცეს, დაგეგმილია თუ არა რიონის ხეობის გზის რეაბილიტაცია.

ბრძოლაში გამოცდილმა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის წევრებმა ამის შემდეგ ალპანის ის გზა გადაკეტეს, სადაც მთავრობა მაღალი ძაბვის გამანაწილებელ დიდ სადგურს აშენებს. პროტესტის დაწყებიდან ოთხი თვის თავზეც საკითხი ასე დგას - ვიდრე, რიონის ხეობის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია არ დაიწყება, ნამოხვანიდან, იქ სადაც მოასფალტებული გზა წყდება, ალპანამდე, სადაც გრუნტის გზა მთავრდება, სულ 27 კილომეტრია, მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა მაღალი ძაბვის მშენებლობის ადგილამდე სატვირთო მანქანებს არ გაატარებს.

ერთი თვის წინ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის (22-ე კმ-დან 49-ე კმ-მდე) რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებდა. „ტენდერი უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ეტაპი, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება“, - აღნიშნულია გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქმე ეხება 80 მილიონიან ტენდერს, რომელიც 12 ივნისს გამოცხადდა. მას ერთადერთი მონაწილე ჰყავდა - შპს „ნიუ როუდ“ და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ამ თანხით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების ჩატარება ევალება. კონტრაქტში გაწერილი არ არის, გზების დეპარტამენტი კომპანიას რომელ გზაზე რა სახის სამუშაოების შესრულებას დაავალებს. ხელშეკრულების ვადა 2027 წლის ჩათვლითაა. 80 მილიონიდან „ნიუ როუდი“ 20 მილიონს წელს მიიღებს, 30 მილიონს გაისად, 20 მილიონს 2026 წელს და 2027-ში დარჩენილ 10-ს.

გზების დეპარტამენტში ვერ განმარტეს, როდის დაიწყება რიონის ხეობის გზის რეაბილიტაცია. თუ ეს მალე არ მოხდა, უსაფრთხო გზის მოწყობის დავალების მოთხოვნით, ადგილობრივმა მოსახლეობამ, შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს.

უტენდეროდ, სწორედ „ნიუ როუდს“ გადასცეს 2020 წელს, კურორტ შოვში, მდინარე ბუბას ნაპირდამცავი სამუშაოების პროექტი. „ნიუ როუდმა“ თავის მხრივ სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა გამოცდილების არმქონე „ბიპი ტრანსი“, რომლის მეპატრონე „ქართული ოცნებიდან“ ვანის საკრებულოს წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნათლიმამა, ბიჭიკო პაიკიძეა. კომპანიას ზუსტად ორ თვეში უნდა გაეწმინდა და დაეღრმავებინა კალაპოტი და ჯებირები ქვის დიდი ლოდებით მოეწყო. სამუშაოების შესრულების ვადა ორჯერ გაუზარდეს. მიუხედავად ამისა, კოტეჯებთან ჯებირის მოწყობა მაინც არ დაამთავრა. 2023 წლის 3 აგვისტოს ღვარცოფი ზუსტად იქიდან გადმოვარდა, სადაც სუსის უფროსის ნათლიმამამ ჯებირი არ ააშენა. სტიქიამ შოვში 33 ადამიანი იმსხვერპლა. პასუხისმგებლობა მისთვის დღემდე არავის დაუკისრებია, პირიქით, მას 2023 წლის ბოლოს, ახალი, უკვე 21 მილიონიანი პროექტი გადასცეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში