საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სიცოცხლისთვის სახიფათო ხიდი საზღვრისპირა თუშეთში - ვიდრე ვინმეს შეიწირავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:21 - 22 ივლისი 2024 hits 991

თუშეთში, ომალოდან საზღვრისპირა სოფლებთან - შენაქოსთან და დიკლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო ხიდი 6 წელზე მეტია დაზიანებულია. ადგილობრივი ხელისუფლება თუშებს ხიდის შეკეთებას ყოველ წელს ჰპირდება, მაგრამ არაფერი გააკეთეს. ტურისტული სეზონი თუშეთში სულ 3-4 თვეს გრძელდება. გარდა იმისა, რომ სახიფათო ხიდი შენაქოსა და დიკლოს შემოსავლის გარეშე ტოვებს, არავინ იცის, გაუძლებს თუ არა ათენგენობისთვის გაზრდილ დატვირთვას.

შენაქო და დიკლო თავისი მდებარეობით, ტრადიციული აივნიანი თუშური ციხე-სახლებით განსაკუთრებული სანახავია. ციხე-სახლებში საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები აქვთ მოწყობილი, მაგრამ ტურისტი იქამდე უნდა მივიდეს, რომ გადმოწეულ საზღვართან შემორჩენილ და ჯერ კიდევ მუდმივად მცხოვრებ ორადორ ოჯახს, ასევე, ზაფხულობით მთაში დაბრუნებულ თუშებს მცირეოდენი სარგებელი მაინც ჰქონდეთ.

მარიამ ფირაშვილი ტურისტებთან ერთად შენაქოს 5 ივლისს სტუმრობდა. ხიდზე გადასვლისას წყლით გაჟღენთილი ხე ჩატყდა, მძღოლმა იმარჯვა და მგზავრები სამშვიდობოს გაიყვანა.

მარიამი გვიყვება, რომ ხიდი წელს საგანგაშო მდგომარეობაშია. ერთ-ერთი საყრდენის გრუნტი გამორეცხილი და ჩაშლილია. ხიდის დამპალი ნაწილების გამაგრებას ადგილობრივები ახალი ფიცრების დაჭედებით ცდილობენ.

„გვპასუხობენ, აი, მომავალ წელს ვიწყებთ კეთებას, მომავალ წელს...  და არასდროს დადგა ეს მომავალი წელი.

მერს დავურეკე, თუ ხვდებით, რა უბედურება შეიძლება მოხდეს მეთქი და დამბლოკა.

შემდეგ მერის მოადგილეს ვაჟა ნასყიდაშვილს და ყოფილ გამგებელს, ლადო კახოიძეს  ველაპარაკე. კვირაზე მეტი გავიდა და არავინ მოსულა“,- მარიამი შიშობს, რომ ხიდი ვიღაცისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

 „წელს პირველად რომ ავედი, გადასვლა შემეშინდა. ფიცრები დავდეთ და ისე გადავედი. მთის დღეებზე თუშეთში მერიის წარმომადგენლები იყვნენ ამოსული. მეც და ტურისტებმაც ხიდის ფოტოები ვაჩვენეთ, გავუგზავნეთ კიდეც. რაც მე ვიცი, ბოლო ოთხი-ხუთი წელია დამპალია, ფიცრებს შორის მდინარის ტალღებს ხედავ.

ორი წლის წინ, რამდენიმე მანქანა ჩავარდა.

ბიჭებმა სახელდახელოდ გადააკერეს ფიცრები. ახლა შენაქოელებს სახლის ასაშენებლად უნდოდათ მასალის ატანა და ჯავრობდნენ, ხიდზე როგორ გავალთო“, - გვეუბნება ბაჩო კუპატაძე, გიდი.

ივლისის ბოლოს შენაქოში სოფლის დღეობას აღნიშნავენ. ამ დროს სოფელში თითქმის ყველა ოჯახი ბრუნდება და ბევრი ქართველი და უცხოელი ვიზიტორიც სტუმრობთ.

„შენაქოობაას“ დიკლოს ტრადიციული დღესასწაული მოსდევს. ყველამ ხის დამპალ, ამორტიზებულ ხიდზე უნდა გაიაროს. ალტერნატიული სამანქანო გზა არ არსებობს. ხიდის ქვეშ თუშეთის ალაზნის სწრაფი და ძლიერი დინებაა. ამ გზით გადაადგილდებიან სასაზღვრო პოლიციის დიკლოს სექტორის თანამშრომლები და მწყემსებიც.

შენაქოს ხიდი უკვე 2017 წელს იყო მისახედი. თუშეთის თემში ახმეტის მერის იმდრონდელი წარმომადგენელი ლადო კახოიძე, შენაქოსთან ერთად ბეღელას ხიდის რეაბილიტაციის საკითხსაც აყენებდა ხელმძღვანელების წინაშე. არცერთი ხიდი არ აღუდგენიათ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ შენაქოს ხიდს აქამდე პრობლემა არ ჰქონია, ავარიულ მდგომარეობამდე ის ბოლო დიდთოვლობამ მიიყვანა.

„2014 -ში გავაკეთეთ ხის ხიდი და მოვიდა აქამდე. ყოველ წელს ვარემონტებდით. ადგილობრივები საერთოდ არ გვეხმარებოდნენ, სულ გვეჩხუბებოდნენ და გვაჩქარებდნენ, მალე გააკეთეთო. ხვალ ავლენ ჩვენი მოხალისეები, იქაური მასალებით შეამაგრებენ და მერე დაიწყება ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები“.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 17 ივლისს გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სტუდია არქი“. ოღონდ, ტენდერით ამ კომპანიას მხოლოდ ომალოს სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და შენაქოს ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ევალება და არა აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. მერის მოადგილე ირწმუნება, რომ ხიდის რეაბილიტაციას სექტემბრის ბოლომდე მოასწრებენ.

ოქტომბრიდან თუშეთის სოფლები იცლება და ხალხი გამოსაზამთრებლად ბარში ბრუნდება. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზაც მალევე იკეტება. ნოემბრიდან ივნისამდე მთელს თუშეთში, რომელიც 50-ზე მეტ სოფელსა და ნასოფლარს ითვლის, მხოლოდ 30-მდე ადამიანი რჩება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში