საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბალდის კანიონის მცველებს კარავში თავს დაესხნენ, დაჭრილია 2 ადამიანი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:56 - 12 ივნისი 2024 hits 2470

გაფრთხილება - სტატია შეიცავს მძიმე კადრებს.

მარტვილში, სოფელ ბალდაში, თავს დაესხნენ კარავში შეკრებილ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც შვიდ თვეზე მეტია ბალდის უნიკალური კანიონის კანონდარღვევით გასხვისებას აპროტესტებენ. აქტივისტ ცოტნე თვარაძის თქმით, კარავში თავდასხმამდე სანადირო თოფითა და დანებით შეიარაღებულმა პირებმა დაჭრეს ორი ადამიანი.

„ორი ნასვამი და შეიარაღებული პირი თავს დაგვესხა. ისინი ინვესტორის მხარდამჭერები არიან, ამ სოფელში ცხოვრობენ. ვიდრე კარავში მოაწყობდნენ თავდასხმას, ქვემოთ მიუვარდნენ ერთ-ერთ ჩვენს თანასოფლელს. ადგილობრივი თოფის წართმევას ცდილობდა და თავდამსხმელმა დანით ყურის მოჭრა სცადა. კარავში ბევრი ადამიანი ვიყავით, მათ შორის ბავშვები. ერთ-ერთ მათგანს ტყვიები ჰქონდა ასხმული და ორივეს დანა ჰქონდა. პირდაპირ შემოვარდნენ დანის ქნევით. მოვახერხეთ განეიტრალება. გამოვიძახეთ პოლიცია და სასწრაფო.

ინვესტორს და გარემოს დაცვის სამინისტროს აღარ დარჩათ არაფერი ხელჩასაჭიდი. ყველას ვაფრთხილებდით, რომ ჩვენივე თანასოფლელების გამოყენებით შეეცდებოდნენ დაპირისპირების მოწყობას. ზუსტად ეს მოხდა. გზაზეც დაჭრეს ერთი ჩვენი თანასოფლელი.

ეს ყველაფერი პირველ რიგში არის სამინისტროს ბრალი, იმ გადაწყვეტილებების და კორუფციის ბრალი, რაც აქ ჩაიდინეს. მოძალადეების ამარა დაგვტოვეს ადამიანები. აქ არის პოლიციელების უმოქმედობაც, არაფერი გააკეთეს ძალადობის წინა ფაქტებზე“, - ამბობს ცოტნე თვარაძე.

დაჭრილებიდან ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქუთაისის კლინიკაში გადაჰყავს. მას დანით მიყენებული ჭრილობები თავის, ყელის და გულმკერდის არეში აქვს.

ბალდის კანიონის მცველების მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტვილის რაიონში მდებარე ბუნების უნიკალური ძეგლი - ბალდის კანიონი 40 წლით ხელში ჩაიგდო კომპანიამ „კანიონი 350“, რომლის მესაკუთრეებიც არიან: ანი გიუნაშვილი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის დედა; მამუკა მერკვილაძე - რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელი; ლევან ციცქიშვილი - „ლინკდინზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, KFW-ში (გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) მუშაობს პროექტის უფროს კოორდინატორად; ქეთევან მოწონელიძე - სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის, ჯონი კაპანაძის ცოლის, ანი მოწონელიძის და.

კომპანიას ბალდის კანიონზე 407 მ სიგრძის როლერის ატრაქციის, კიდული და საცალფეხო ბილიკების მშენებლობა და იქ ბიზნესის კეთება სურს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ბალდის კანიონის 40 წლით გაიჯარების შესახებ არაფერი იცოდა, ვიდრე ბუნების ძეგლი არ შემოღობეს და ხალხს იქ შესვლა არ აუკრძალეს. ბალდელებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი კანიონის ლანდშაფტს ცვლის და ანადგურებს. მოსახლეობამ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ე.წ. ინვესტორის წარმომადგენლებმა პროექტის მოწინააღმდეგეები ცემეს. 

ხელისუფლება ავიწროებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ბალდის კანიონის დასაცავად იბრძვიან.

ნახეთ ამ თემაზე „მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიება

კორუფცია და რუსული ინტერესები დაცულ ტერიტორიებში

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში