საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა დოკუმენტს და რატომ მალავდა სამინისტრო 2 წელი რაჭის ტყეების საქმეზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:14 - 08 მარტი 2024 hits 2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მხოლოდ გუშინ, ორწლიანი სასამართლო დავის დასკვნითი პროცესის დაწყებამდე მოგვაწოდა დოკუმენტი, რომელსაც რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის, დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის საქმეში, 2 წლის განმავლობაში მალავდა. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, რომელიც სამინისტროს უწყებაა, დოკუმენტში წერს, რომ სამონადირეო მეურნეობების მოსაწყობად ლიცენზიები ბრმად გაიცემა და ბოლო ოც წელში შექმნილმა მეურნეობებმა არანაირი, მცირე პოზიტიური შედეგიც კი არ მისცა ქვეყანას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ არსებული ლიცენზიანტების წარდგენილი სამოქმედო გეგმები კრიტიკას ვერ უძლებს.

„სამართლებრივი გარემოს ძირითადი ნაკლოვანება გამოიხატება იმაში, რომ ლიცენზიები სამონადირეო მეურნეობების მოსაწყობად გაიცემა მოთხოვნილ ტერიტორიაზე არსებული სანადირო ფაუნის ყოველგვარი წინასწარი აღრიცხვის და შეფასების გარეშე, პრაქტიკულად ბრმად.

გაიცემა ჯერ ლიცენზია გარკვეულ ტერიტორიაზე და შემდეგ ხდება სანადირო სახეობებზე მსჯელობა და მართვის გეგმების წარმოდგენა, რომელთა უმრავლესობა ფიქტიურია და არაფრის მთქმელი.

შედეგად, ბოლო ოც წელიწადში შექმნილმა სამონადირეო მეურნეობებმა არანაირი, თუნდაც მცირე პოზიტიური შედეგი არ მისცა ქვეყანას, არც სანადირო მეურნეობების ორგანიზების, არც სანადირო სახეობების პოპულაციების შენარჩუნების, ზრდის ან უკვე დაკარგული, განადგურებული ლოკალური პოპულაციებისა და სახეობების რეინტროდუქცირებისა და აღდგენის კუთხით. არ მომხდარა სახეობათა რეალური აღწერა არსებული სანადირო მეურნეობების ტერიტორიებზე, არ მიმდინარეობს მეტნაკლებად დასაბუთებული სახეობათა მონიტორინგი ან აღწარმოება. კრიტიკას ვერ უძლებს არსებული ლიცენზიანტების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები და სხვა დოკუმენტაცია. არსებული რეალობით ვერცერთმა ლიცენზიანტმა ვერ ისარგებლა როგორც ლიცენზიის ფლობით, აღნიშნულ ბიზნესში წარმატებისა და შესაბამისად, შემოსავლების მიღებითა და მათი ზრდით. ლიცენზიანტებს ფაქტობრივად არა აქვთ სახეობათა პოპულაციებისა თუ გამოყოფილი ტერიტორიების დაცვის ბერკეტები. ხშირია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტები.

ვერ ისარგებლა ვერც სახელმწიფომ - ცხოველთა სამყაროს, კერძოდ, ფაუნის სახეობათა მდგომარეობის გაუმჯობესების ან დარგის განვითარებისა და მისგან მისაღები შემოსავლებისა თუ ტურისტული პოტენციალის გაფართოების კუთხით.

დღეისათვის, მთლიანობაში ეს ბიზნესი, თუ კი მას ასე შეიძლება ვუწოდოთ, არის წარუმატებელი, რისი საფუძველიცაა არსებული სამართლებრივი ბაზის სიმწირე და დაუხვეწაობა.

სამონადირეო მეურნეობა კონცენტრირებული უნდა იყოს სანადირო სახეობებისა და მათი პოპულაციების ირგვლივ, მათ აღდგენაზე, ბუნებრივ თუ ხელოვნურად სახეცვლილ პირობებში აღწარმოებაზე, გამრავლების ხელშეწყობასა და დაცვაზე და მხოლოდ შემდგომ - ბუნებიდან ამოღების კვოტირებაზე ან სასელექციო თუ სატროფეო ნადირობაზე.

ბუნებრივია, ლოგიკური იქნებოდა ჯერ შეგვექმნა სამართლებრივი ბაზა, შემდეგ ჩაგვეტარებინა საშუალო და მსხვილ სახეობათა აღრიცხვა-მონიტორინგი და მხოლოდ მერე გაგვეგრძელებინა სამონადირეო მეურნეობების ლიცენზიების გაცემა“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ბეჟაშვილმა სამინისტროს და გარემოს ეროვნულ სააგენტოს იქამდე გაუგზავნა, ვიდრე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელს მოაწერდა მთავრობის 134-ე განკარგულებას, რომლითაც ექსკლუზიურად ხიდაშელის კომპანიაზე მორგებული სალიცენზიო პირობები დაამტკიცა და ურომლისოდაც ხიდაშელს ვერ გადასცემდნენ 104 712 ჰექტარ ტყეს, რაჭასა და ქვემო სვანეთში, 49 წლით.

ამავე წერილში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ საერთაშორისო სახელისა და დიდი გამოცდილების მქონე კომპანიად მოიხსენიებს, რომელმაც „სხვა ლიცენზიანტებისგან განსხვავებით, კარგად იცის დარგი და მისი მართვა“. ამ პერიოდში, საჯაროდ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, ვინ იდგა „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ უკან. ოფიციალურად კომპანიის მფლობელი შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“, რომლის მესაკუთრეც თავის მხრივ არის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული „Global Victory Investments Limited“. „მთის ამბებმა“ მხოლოდ ლიცენზიის გაყიდვის შემდეგ გამოიძია და ამხილა, რომ დუბაიში რეგისტრირებული კომპანიის რეალური მფლობელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი, დავით ხიდაშელია.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო სამინისტროს სთავაზობს პირველ რიგში სანადირო სახეობებისა და მათი პოპულაციების აღწარმოებას, დაცვასა და გაზრდას „და არა ფეხსავალი ბილიკებისა და ცხენის ბილიკების კეთებას თუ გამაფრთხილებელი აბრების გამოკიდებას ან რეინჯერების თავშესაფრების მოწყობას, რაც ისედაც გასაკეთებელი ექნება ნებისმიერ ლიცენზიანტს მისსავე ინტერესებში, თუ კი უნდა, რომ შექმნას მეტნაკლებად მართვადი მენეჯმენტი და რაც სულაც არ წარმოადგენს სახელმწიფოს ძირეულ ინტერესს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის ლიცენზიის გაცემისას“.

რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ამბავი „მთის ამბებმა“ პირველად 2022 წლის 22 აპრილს გაახმაურა. „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს. 2023 წლის ივლისში „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია. გამოძიებამ გამოავლინა მრავალი კანონდარღვევა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში გააქტიურება და არაერთი პროტესტი მოჰყვა. გასული წლის 28 ნოემბერს, ხელისუფლებამ ხიდაშელისთვის გადაცემული სპეციალური ლიცენზია გააუქმა.

„რაჭის ტყეებზე ახალი ხომ არაფერია, ბატონო დავით?“- ჰკითხეს პარტია „დროას“ წევრებმა დავით ხიდაშელს, ორი დღის წინ, 6 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ვოლსკისთან შეხვედრის შემდეგ. ხიდაშელი და ვოლსკი ერთმანეთს კაფეში შეხვდნენ.

„მალე გაიგებთ“, - უპასუხა დავით ხიდაშელმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში