საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ითხვისელებმა მთავრობის ულტიმატუმს - დაცალონ სოფელი, ივანიშვილის სახლთან აქციით უპასუხეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:02 - 19 თებერვალი 2024 hits 2040

ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის, მახათაძეებისა და მეგრელიშვილების უბნის მცხოვრებლებმა ადგილობრივი ხელისუფლების ულტიმატუმს, რომ სოფელი დაუყოვნებლივ დატოვონ, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციით უპასუხეს. ითხვისში ვითარება გაუარესებულია. 2022 წლის მარტში ჩაქცეული ფართობი გაიზარდა და გაღრმავდა, ნაპრალები სხვა ადგილებშიც გაჩნდა. ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა და ჩანგრეული სამანქანო გზის შეკეთებაზეც უარი თქვა.

როგორც ითხვისის მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, აიძულოს ისინი, სოფელი დატოვონ.

„შუქი რომ გათიშეს და გზის აღდგენაზეც უარი გვითხრეს, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში გადავედით და ივანიშვილის სახლთან შევიკრიბეთ.

რამდენიმე წუთის მისულები ვიყავით, რომ დაგვირეკეს, ყველაფერს მოაგვარებდნენ, ოღონდ ჭორვილიდან წამოვსულიყავით.

მართლაც, ელექტროენერგიის მოწოდებაც აღადგინეს და ჩავარდნილი გზის ნაწილიც ამოავსეს ქვა-ღორღით, რომ გავლა შესაძლებელი იყოს“, - უამბო „მთის ამბებს“ დაზარალებულმა მეგრელიშვილების უბნიდან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ, ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაწერილი დასკვნით, ითხვისის ამ უბანში ცხოვრება კატეგორიულად არ შეიძლება. იმ პერიოდის მონაცემებით, ნგრევის არეალმა 40 ჰექტარი მოიცვა. სრულად განადგურებული ან საცხოვრებლად უვარგისია 20 სახლი, 86 ოჯახი კი რისკის ზონაშია.

ჭიათურის მერიამ ადგილობრივებს ქირით გაყვანა შესთავაზა, რასაც არაერთი ოჯახი დასთანხმდა. მერიამ დაზარალებულ ითხვისელებს საცხოვრებელი ბინები ძირითადად, კორპუსებში უქირავა, რის გამოც ის ოჯახები, ვინც თავს მესაქონლეობით ირჩენენ, ისევ სტიქიის ზონაში დარჩნენ.

„აქ რამდენიმე ძროხა მყავს. საქონელს ვუვლი და ოჯახს იმით ვარჩენ. კორპუსში რომ წავიდე, საქონელი სად წავიყვანო? საქონელი რომ აღარ ვიყოლიო, რით ვიარსებოთ?

ამიტომაც ვითხოვთ, რომ ან უსაფრთხო ადგილას გამოგვიყონ მიწის ნაკვეთები და კომპენსაცია მოგვცენ, რომ სახლები ავაშენოთ, ან თვითონ აგვიშენონ. კომპენსაციის სახით 60 ათას ლარს გვთავაზობენ, სულ ამდენად შეგვიფასეს სახლი, ეზო, ნაკვეთი, სათავსოები, კაკლის ბაღები. 23 ათას დოლარად რა უნდა ვიყიდო, ამ ასაკში ცხოვრება თავიდან როგორ უნდა დავიწყო?“, - გვეუბნება ნესტან გოგატიშვილი, დაზარალებული.

სტიქიის ეპიცენტრში მცხოვრები ოჯახებიდან, 2 წლის განმავლობაში, მერიას შეთავაზებულ კომპენსაციაზე მხოლოდ სამი ოჯახი დასთანხმდა. გულნარა და გიორგი მეგრელიშვილებს, რომელთა ორსართულიანი სახლი, ეზო, სათავსოები მთლიანად ჩაიმარხა, 82 ათასი ლარი გადაუხადეს, იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე დაზარალებულ ოჯახს ადეკვატურ კომპენსაციად მიაჩნდა. ამ თანხიდან 30 ათასი ლარი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გაიღო. დანარჩენ თანხას, ითხვისელების ინფორმაციით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ იხდის. რა ფორმით, მათთვის უცნობია. განმარტებას არც ჭიათურის მერია აკეთებს, რომელიც საქართველოში თვითმმართველობის ორგანოებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე უწყებაა.

სახელმწიფო კომისიის დასკვნით, რომელსაც ითხვისში ნგრევის რეალური მიზეზები უნდა დაედგინა, პასუხისმგებლობა „ჯორჯიან მანგანეზს“ არ დაეკისრა. კომისიამ არ უარყო, რომ ითხვისში მიწის ჩაქცევა გამოწვეულია მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით, თუმცა მიზეზად 1970, 80-იანი წლების წარმოება დაასახელეს და კატეგორიულად გამორიცხეს „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობა - კომპანიის, რომელიც ჭიათურაში მადანს 2007 წლიდან მოიპოვებს. სინამდვილეში, „მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ითხვისის ქვეშ მადანს ბოლო პერიოდშიც, 2007 წლის შემდეგაც მოიპოვებდა.

დაზარალებულ ითხვისელებს იურიდიული მხარდაჭერა არაერთხელ შესთავაზეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზის“ და ჭიათურის მერიის მიმართ დავა არცერთმა ოჯახმა არ დაიწყო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში