საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მანიფესტი - რაჭის მდგრადი განვითარებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:05 - 06 იანვარი 2024 hits 1641

დედამიწის ზომიერი სარტყელის ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეები რაჭაშია, რის გამოც ამ მხარეს ბიომრავალფეროვნების კუთხით გლობალური მნიშვნელობა აქვს. რაჭაში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობები ემუქრება რაჭის ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტს. ახალდაარსებული რაჭის ეროვნული პარკის ფარგლებიდან ჰესების მშენებლობისა და წიაღის მოპოვების მიზნით ამოჭრილია მდინარეები, მდინარეთა სათავეები და ცენტრალური ნაწილი. შოვის ტრაგედიამ ნათლად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატაკლიზმების პრევენცია და დაუშვებელია მყინვარების ძირში და კლდოვან მასივებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოება წიაღის მოპოვებისა თუ ჰესების მშენებლობის მიზნით - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის, რაჭის სათემო ორგანიზაცია, შქმერის საინიციატივო ჯგუფი და „მწვანე ალტერნატივა“ მოუწოდებენ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, ვისაც რაჭაზე გული შესტკივათ, ხელმოწერით შეუერთდნენ მანიფესტს რაჭის მდგრადი განვითარებისათვის.

ჩვენ, ხელმომწერნი:

ვაცნობიერებთ რა, რაჭის ბიომრავალფეროვნების გლობალურ მნიშვნელობას, სადაც მრავალფეროვანი ეკოსისტემები წარმოადგენენ მრავალი საფრთხის წინაშე მყოფი და ენდემური სახეობის საბინადრო გარემოს და სადაც ჯერ კიდევ გვხვდება დედამიწის ზომიერი სარტყელის ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეები;

ვაღიარებთ რა, რაჭის ეკოსისტემების დიდ როლს ადამიანების კეთილდღეობაში, როგორც მერქნული და არამერქნული რესურსების, ისე წყალმარეგულირებელი, ეროზიის საწინააღმდეგო, ზვავის შემაფერხებელი, რეკრეაციული მნიშვნელობის გამო;

გამოვხატავთ რა შეშფოთებას, იმ ფაქტით, რომ დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობები, როგორებიცაა ჰესების მშენებლობა, უკანონო და არამდგრადი ტყეთსარგებლობა და ნადირობა, წიაღის მოპოვება, ტურიზმის არასწორი განვითარება ემუქრება რაჭის ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტს;

ვაღიარებთ რა, რომ 21-ე საუკუნეში, ბუნების დაცვას განსაკუთრებული როლი ენიჭება კლიმატის ცვლილებისა და სხვა გლობალური ეკოლოგიური კატაკლიზმების გავლენის შერბილებაში;

მივიჩნევთ რა, სახელმწიფომ დღემდე ვერ შექმნა მმართველობის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფდა ტყისა და სხვა ეკოსისტემების მდგრად მართვას, სარგებლის სამართლიან გადანაწილებას და მინიმუმამდე დაიყვანდა უკანონო სარგებლობის და კორუფციის შესაძლებლობას, ასევე, ადგილობრივი მიწათსარგებლობის ტრადიციების გათვალისწინებით, უზრუნველყოფდა საზოგადოების მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ვაცხადებთ რა, რომ მიუხედავად რაჭის ბიომრავალფეროვნების ღირებულებისა, სამი ათეული წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მრავალი მცდელობისა და საზოგადოების დიდი სურვილისა,

რაჭაში 2022 წლამდე არ არსებობდა დაცული ტერიტორია, ვინაიდან ამას ეწინააღმდეგებოდა ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით დაინტერესებული სხვადასხვა ფინანსური ჯგუფი (ტყის ჭრის, წიაღის მოპოვების, ჰესების მშენებლობის ბიზნესები);

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ახალდაარსებული რაჭის ეროვნული პარკის კონსერვაციული ღირებულება ძალზე მცირეა, ვინაიდან მისი ფარგლებიდან ამოჭრილია მდინარეები, მდინარეთა სათავეები (ჰესების მშენებლობის მიზნით) და ლანდშაფტის ცენტრალური ნაწილი (წიაღისეულის მოპოვების მიზნით), ხოლო არსებული ზონირება არ შეესაბამება ეროვნული პარკის სტანდარტებსა და მოთხოვნილებებს, პარკი იზოლირებულია და არ არის ინტეგრირებული ერთიან ლანდშაფტში;

ასევე, ხაზს ვუსვამთ რა, რომ დღეისათვის არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი საზოგადოების მონაწილეობა მის საბინადრო გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, მით უმეტეს, საკუთარი თემის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მართვაში, შესაბამისად, მკვეთრ გაუმჯობესებას საჭიროებს საზოგადოების მონაწილეობა დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარებისა და მართვის  საკითხებში.

ვაცხადებთ, რომ თუ შენარჩუნდა ტენდენცია, როდესაც დაცული ტერიტორიების დაარსებისას პრიორიტეტი ენიჭება არა ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, არამედ სხვადასხვა მსხვილი ბიზნესის მხრიდან ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მიზნებს; და თუ შენარჩუნდა დაცული ტერიტორიების ცენტრალიზებული მართვის სტილი, მაშინ ეს სექტორი ჩიხში აღმოჩნდება და ვერ მიაღწევს კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს: თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება, ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის პირობების დაცვა და საზოგადოების ცივილიზებული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლების შექმნა.

მიგვაჩნია, რომ რაჭის მომავალი განვითარების საფუძველი უნდა გახდეს ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და სამართლიანობაზე დამყარებული მდგრადი გამოყენება, რა დროსაც აღიარებული და გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი თემების უფლებები, ტრადიციულ ტერიტორიებზე მათი უფლებების ჩათვლით.

ჩვენი ხედვა ემყარება რწმენას - ეკოსისტემურ მიდგომას: ადამიანი, თავისი კულტურული მრავალფეროვნებით, არის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი.  ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე,

ვთანხმდებით შემდეგზე:

სხვადასხვა დაინტერესებული მხარის თანამონაწილეობით - ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, სამეცნიერო და სასწავლო ინსტიტუციები, სამთავრობო დაწესებულებები და თვითმმართველობა, შესაბამისი კვლევების საფუძველზე გაფართოვდეს არსებული რაჭის ეროვნული პარკი. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების დასაცავად, მასში უნდა შევიდეს დღევანდელი ეროვნული პარკიდან წიაღის მოპოვებისა თუ სხვა ინდუსტრიული პროექტების განვითარების მიზნით ამოჭრილი ადგილები. ასევე, კლიმატის ცვლილების ფაქტორის გათვალისწინებით, ბიომრავალფეროვნება დაცვისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების პრევენციის მიზნით, ეროვნული პარკის ფარგლებში უნდა შევიდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები - მდინარეები და მდინარეთა სათავეები.

შოვის ტრაგედიამ ნათლად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატაკლიზმების პრევენცია.

დაუშვებელია მყინვარების ძირში და კლდოვან მასივებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოება წიაღის მოპოვებისა თუ ჰესების მშენებლობის მიზნით.

რაჭის ეროვნული პარკის დაარსების შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რითაც არა მხოლოდ მისი ფართობი, არამედ მართვაში ადგილობრივი მოსახლეობის როლიც გაიზრდება.

  • ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოსდაცვითი და სამეცნიერო ორგანიზაციების აქტიური, შინაარსობრივი მონაწილეობით შეიქმნას ეროვნული პარკის მართვის გეგმა; ბუნების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების ჰარმონიზებით მოხდეს ეროვნული პარკის ზონირება და საზღვრების კორექტირება, რითაც პარკიდან გამოიყოფა კერძო და სათემო სავარგულები. პარკის სათანადო ნაწილში უნდა გამოიყოს ტრადიციული გამოყენების ზონა, სადაც მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია ბუნებრივი რესურსების გამოყენება ბუნების მიმართ მეგობრული მეთოდებით.
  • რაჭის იმ მიწებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება ხე-ტყის და სხვა ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად, უნდა მიენიჭოს „მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის“ სტატუსი, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) VI კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - „დაცული ტერიტორია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით“. ამ ტიპის დაცულ ტერიტორიებს მართავს ადგილობრივი საზოგადოება, ხოლო კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს სახელმწიფო. დღეისათვის, ამ კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება არის ბუნებრივი რესურსების მართვის დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მართვის ერთადერთი იურიდიული მექანიზმი.
  • სამეცნიერო კვლევების საფუძველზე და ადგილობრივი მოსახლეობის შინაარსობრივი მონაწილეობით, სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების და სხვა კონსერვაციული მექანიზმების გამოყენებით, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ეკოლოგიური კავშირების, სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს აღდგენა და მყარი საფუძველი შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტების განსახორციელებლად.
  • ჩვენ, ხელმომწერებს, მიგვაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემების მდგრად მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, წინ აღუდგება დესტრუქციულ პროექტებს და განაპირობებს რაჭის მოსახლეობის კეთილდღეობასა და მიწათსარგებლობის საუკეთესო ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნებას. ამგვარი მიდგომა იქნება ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობის და ერთობლივი პასუხისმგებლობის აღების ყველაზე მისაღები და ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს რაჭის აღორძინებასა და მდგრად განვითარებას.

მანიფესტზე ხელმოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში