საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, ონის მერია დაარბია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:56 - 17 დეკემბერი 2023 hits 29301
მარიტა გუტაშვილი, შოვის ტრაგედიით დაზარალებული
ახალი ამბები
მარიტა გუტაშვილი, შოვის ტრაგედიით დაზარალებული

„მთის ამბებისთვის“ ცნობილი გახდა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ - მარიტა გუტაშვილმა, რომლის და-ძმაც და ოჯახის კიდევ 7 წევრი შოვში სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა, ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ინციდენტის ნაწილს ონის მერი სერგი ხიდეშელი საკუთარი ტელეფონით იღებდა.

მარიტა გუტაშვილი მომხდარზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება ონის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.

სამართალდამცავებმა უკვე გამოჰკითხეს მარიტა გუტაშვილი და ინციდენტის თვითმხილველები. „მთის ამბების“ არაერთი მიმართვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განმარტეს, რაში გამოიხატა მნიშვნელოვანი ზიანი, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ინციდენტი 7 დეკემბერს მოხდა. მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა. მან გააპროტესტა მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ინვენტარის დაზიანების დროს მარიტა გუტაშვილი ავად გახდა. მას პირველადი დახმარება ონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებმა გაუწიეს.

ამ თემაზე განახლება - მარიტა გუტაშვილი მერიის შენობის დარბევაზე და ონში საახალწლო კონცერტის ჩაშლაზე

„მთის ამბებთან“ ონის მერმა უარყო, რომ ის ინციდენტის თვითმხილველია და მომხდარს ტელეფონით იღებდა. „ღონისძიებას ვესწრებოდი. მე რომ წავედი, მერე მოხდა ეგ ყველაფერი“, - თქვა სერგი ხიდეშელმა.

- რა გახდა ინციდენტის მიზეზი, არ დაინტერესდით?

- არა.

- პოლიციაში გამოკითხვაზე იყავით?

- მე რატომ უნდა ვყოფილიყავი, მერე მოხდა ეგ ყველაფერი, როცა იქ აღარ ვიყავი“.

აგვისტოს ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. „მთის ამბებისთვის“ ცნობილია, რომ ფსიქოლოგები რაჭაში დაზარალებულებს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და მას შემდეგ კონსულტაციებს ონლაინ ან თბილისში ჩასვლის შემთხვევაში სთავაზობენ.

2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, ერთი ბავშვის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობა თითოეულ დაღუპულზე გარდაცვლილთა ოჯახებს 20 ათასი ლარის ოდენობით კომპენსაციას სთავაზობს.

„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. ამას ათობით დოკუმენტი, კვალიფიციური კვლევები, გეოლოგიური რუკები და მომხდარი სტიქიები მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი. სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს, არ გამოუყენებიათ დრონები. არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის დავით ჩხარტიშვილის განცხადებით, შოვში ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ) და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„გამოძიება სწავლობს სტიქიის გამომწვევ მიზეზებს, დამდგარ შედეგს, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის ზონაში არსებული ინფრასტრუქტურის კანონიერებას და გამოძიებისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. საქმეზე ჩატარებულია 1600-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია 650-ზე მეტი მოწმე, პრაქტიკულად იმ პირთა უდიდესი ნაწილი, ვინც, შესაძლოა, ფლობდნენ საქმისათის მნიშვნელოვან ინფორმაციას. შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილია საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყველა სათანადო დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია 140-ზე მეტი ექსპერტიზა, რომელთა უდიდეს ნაწილზე მიღებულია დასკვნები. ამასთან, სტიქიასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად დანიშნულია ეკოლოგიური ექსპერტიზა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილია ყველა გარდაცვლილი პირის ახლო ნათესავი. მათ აქვთ სრული წვდომა მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებებით“, - აცხადებს საოლქო პროკურორი.

4 თვის განმავლობაში ონის მუნიციპალიტეტის მერია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებოდ მალავდნენ, რომ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, ონის მუნიციპალიტეტს არც 2022 და არც 2023 წელს მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი არ ჰქონია.

ეს არის წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხს, მოსალოდნელ შედეგებს, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების წესს. კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისთვის საგამოძიებო ორგანოებს არ დაუსვამთ ონის მუნიციპალიტეტის მერის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი.

„მთის ამბებმა“ ასევე გამოარკვია, რომ საქართველოს არ აქვს კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. პირველი ასეთი დოკუმენტი მთავრობამ 2017 წელს გამოაქვეყნა და გაწერილი იყო 2017-2020 წლებისთვის. კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის მიზანია ერთიანი, მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა ერთიანი ძალისხმევითა და კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყოფს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მთის ამბებს“ ამ დრომდე უმალავს ოთხი თვის წინ მოთხოვნილ ინფორმაციას, კურორტ შოვში, 2017, 2020 და 2023 წლებში მომხდარ სტიქიებთან დაკავშირებით. სამინისტრო არ ასაჯაროებს დოკუმენტებს, რაში დაიხარჯა კატასტროფების რისკის შესამცირებლად გამოყოფილი 74 მილიონი დოლარი, საიდანაც 36 მილიონი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების გრანტია. ამ ინფორმაციის გადმოცემის დავალების მოთხოვნით, „მთის ამბების“ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში