საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბალდის კანიონის დამცველების ბრძოლას გაეროს სპეციალური მომხსენებელი ეხმიანება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:25 - 07 ნოემბერი 2023 hits 2411

უფლებადამცველთა საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი თავის ანგარიშში ცალკე თავს უთმობს საქართველოში გარემოსდამცველი ინდივიდებისა და ჯგუფების მდგომარეობას.

„მინდა დავაფიქსირო ჩემი განსაკუთრებული შეშფოთება იმ უფლებადამცველებთან დაკავშირებით, რომლებიც ბალდის კანიონზე მუშაობენ და სადაც, ჩემი ვიზიტის განმავლობაში, სულ მცირე ერთ მათგანზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა“

- გაეროს სპეციალური მომხსენებელი გულისხმობს მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ერთ-ერთ აქტივისტზე, თაზო რუხაიაზე 2 ნოემბერს მომხდარ თავდასხმას. რუხაია, რომელიც თანასოფლელებთან ერთად ბუნების ძეგლის ავთენტური სახით გადასარჩენად იბრძვის, „ინვესტორი“ კომპანიის წარმომადგენლების ფიზიკური აგრესიის სამიზნე გახდა. თავდასხმის შემდეგ ბალდის მოსახლეობის გაზრდილი წინააღმდეგობის გამო, კანიონზე და მის მიმდებარედ სამუშაოები შეჩერებულია. ადგილობრივი მცხოვრებლები პოლიციის ზეწოლისა და მუქარის მიუხედავად, „ინვესტორი“ კომპანიის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს კანიონის ტერიტორიაზე აღარ უშვებენ. ბალდელებს კანიონისკენ მიმავალი გზის პირას კარავი აქვთ გაშლილი და უწყვეტად მორიგეობენ.

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ის უფლებადამცველები დგანან, რომელთა საქმიანობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვას არადმგრადი და ზიანის მომტანი ბიზნეს საქმიანობებისგან,

მათ შორის, ენერგო, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სექტორებში. ეს პრობლემა საქართველოში ჩემი ვიზიტის დროსაც მკაფიოდ გამოიკვეთა.

როგორც ერთ-ერთმა უფლებადამცველმა განაცხადა, გარემოს დაცვის ნაცვლად, საკუთარი თავის დაცვა უწევთ. ამ სფეროში მომუშავე უფლებადამცველები ხშირად იღებენ აგრესიულ მუქარას. მათ დისკრედიტაციას საჯაროდ ცდილობენ - „ნარკომომხმარებლებად“ და „წვრილმან ხულიგნებად“ მოიხსენიებენ.

ჩემთვის ცნობილი, რომ ყველა ინციდენტის გამომწვევ მიზეზებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან იმ ადამიანებთან მნიშვნელოვანი კონსულტაციების გამართვის სურვილის არქონას, რომლებიც უშუალოდ განიცდიან მსხვილი ბიზნეს პროექტების ზეგავლენას. სუსტი და ძალაუფლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივი თემები, შესაძლოა, იმ აქტორების ინტერესებს ემსახურებიან, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში სარგებელს იღებენ ამგვარი პროექტებისგან. თუმცა, ადამიანებს აქვთ იმ პროცესებში მონაწილეობის უფლება, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. როგორც ორჰუსის კონვენციის ხელმომწერი, საქართველო ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ეს უფლება“, - განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა.

მერი ლოლერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოხდეს გამჭვირვალე და მიზანმიმართული საკონსულტაციო პროცესის ინიცირება, რათა ბალდის კანიონთან დაკავშირებით მიმდინარე კონფლიქტი აღმოიფხვრას და უზრუნველყოფილი იყოს ყველა დაზარალებულის, მათ შორის, ადგილობრივი უფლებადამცველების სრული და უსაფრთხო მონაწილეობა.

მისივე თქმით, ის გააგრძელებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას და ითანამშრომლებს მთავრობის წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე 2025 წლის მარტში. „მაგრამ, უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას“, - აცხადებს ლოლერი.

ხელისუფლებამ, 2022 წლის ბოლოს, ბალდის უნიკალური კანიონი 40 წლით რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს გადასცა.

საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, სახელმწიფო ორგანოებს ორჰუსის კონვენციაც პირდაპირ ავალდებულებს, რომ ხალხი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის საწყის ეტაპზევე იყოს ინფორმირებული და წახალისდეს მათი მონაწილეობა, თუმცა კანიონის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობამაც კი არაფერი იცოდა. ადგილობრივებმა ამის შესახებ 2023 წლის ივლისში გაიგეს, როცა ახალგაზრდები კანიონის ტერიტორიაზე მდინარეში ბანაობდნენ და იქიდან გამოყარეს.

ახალმა მფლობელმა კანიონზე ვიზიტორთა ცენტრი, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდული ბილიკი, ხიდები, გადასახედები და 350 მეტრი სიგრძის ე.წ. „როლერის“ ატრაქცია უნდა მოაწყოს. ხელშეკრულება მას არ ზღუდავს, გადაცემულ ტერიტორიაზე დამატებითი ინფრასტრუქტურაც ააშენოს. ასევე, შეუძლია თავისი შეხედულებებით პროექტში ცვლილებები ისე შეიტანოს, რომ ხალხს კვლავ არაფერი ჰკითხოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში