- 18 სექტემბერს სოფელ გორისციხეში გაიმართა სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა, სადაც მოსახლეობის მიერ გამოთქმული შენიშვნები ძირითადად ეხებოდა მდინარე თერგის სადაწნეო მილსადენში მოქცევას, ტურიზმზე ზემოქმედებას, მოსალოდნელ გეოლოგიურ საფრთხეებს და ვიზუალურ ლანდშაფტურ ზემოქმედებას.
- 19 სექტემბერს დაგეგმილი იყო დამატებით ორი საჯარო განხილვის ჩატარება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი განწყობისა და პროტესტის ფონზე, სოფელ სიონსა და ყაზბეგში დაგეგმილი სხდომები ვერ ჩატარდა.
- განახლებულ სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების, მათი პოზიციების, დამოკიდებულების, აზრის გათვალისწინებისა და შეთანხმების ამსახველი ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- გარდა ამისა, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია მხოლოდ პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი დადებითი ასპექტების შესახებ ინფორმაცია და არ არის განხილული ჰესის მშენებლობა ექსპლუატაციით მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედების საკითხები.
- ჰესის განთავსების ადგილმდებარეობის ალტერნატივად განხილულია ის ვარიანტი, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე, უნიკალურ კომპლექსებზე და ბუნებრივ ლანდშაფტზე. აღნიშნული ვარიანტი ვერ ჩაითვლება გონივრულ ალტერნატივად.
- წარმოდგენილი არ არის დაგეგმილი 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანით მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია;
- დაზუსტებას საჭიროებს „კამარა ჰესის“ ექსპლუატაციის ეტაპზე შემცირებული წყლის ნაკადის გათვალისწინებით, მდინარე თერგის მიერ, მყარი მასალის ტრანსპორტირების პოტენციალის ინფორმაცია, შესაბამისი დასაბუთებით. მათ შორის, განხილული უნდა იქნეს მდინარე თერგში წყლის პერიოდულად სრული ოდენობით გაშვების შესაძლებლობის შესახებ საკითხი;
- დაზუსტებას საჭიროებს საპროექტო მონაკვეთის ვიზუალურ-ლანდშაფტური ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება, რომელიც გამოწვეული იქნება ჰესის ინფრასტრუქტურისა და ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობით;
- წარმოდგენილი უნდა იყოს სადაწნეო მილის დაზიანების რისკებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია (განსაკუთრებით სოფ. ყანობთან, სოფ. ხურთისთან, სოფ. გორისციხესთან და მათ მიმდებარედ) და საჭიროების შემთხვევაში სადაწნეო მილსადენის სხვა ტერიტორიაზე განთავსების ალტერნატივა;
- წარმოდგენილი უნდა იყოს ჰესის სათავე ნაგებობის სიახლოვეს მდებარე ტერიტორიებზე მოსალოდნელი ზემოქმედების (დაჭაობების რისკების გათვალისწინებით) შესახებ ინფორმაცია;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საპროექტო ტერიტორიის ნაწილი, კონკრეტულად მილსადენის ნაწილი და სანაყარო N2 ხვდება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების „ფხელშეს ციხის და ეკლესიის“ და „გორისციხის ავსაჯანაანთ ციხის“ ვიზუალური დაცვის არეალებში. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.
- საპროექტო ტერიტორიის ერთ მონაკვეთზე არქეოლოგიური ობიექტების არსებობის დიდი ალბათობიდან გამომდინარე, საჭიროა მიწის სამუშაოების დაწყებას წინ უსწრებდეს მეორე ეტაპით გათვალისწინებული არქეოლოგიური კვლევა, ხოლო დანარჩენ საპროექტო ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები უნდა წარიმართოს არქეოლოგის პერიოდული მეთვალყურეობის ქვეშ.
- მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორია კვეთს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიების, ასევე, ლიცენზიის აღების მიზნით წარმოდგენილი განაცხადის კონტურებს.
- სკოპინგის ანგარიში მოიცავს ტექნიკურ უზუსტობებს, მათ შორის, სქემები დაბალი გარჩევადობისაა და წარწერები წარმოდგენილია სხვადასხვა ენაზე, დასაზუსტებელია მდინარეთა სახელწოდებები, ასევე დოკუმენტის ტექსტური ნაწილი წარმოდგენილია ტერმინოლოგიური უზუსტობებით და დაგეგმილ საქმიანობასთან შეუსაბამო შინაარსის წინადადებებით, მაგ: „მდინარეების ფარავნის და კორხის იქთიოფაუნა”; „ზემოქმედება წყლის მოყვარულ ცხოველებზე მდ. ფარავნის და კორხის ჰიდროლოგიური პირობების ცვლილების გამო“, - აღწერილია გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში. სააგენტოს „კამარა ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები გაუგზავნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და „ლომეკმა“.
„მთის ამბები“ წერდა, რომ „კამარა ჰესის“ მშენებლობის პროექტის განხილვა ორწლიანი პაუზის შემდეგ, სექტემბერში განახლდა. პროექტის მიხედვით, ყაზბეგში მდინარე თერგი კიდევ 5 კილომეტრზე, ყანობიდან გორისციხემდე რკინის მილებში უნდა მიაქციონ. ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. მთავარი მიზეზი ის არის, რომ უკვე აშენებული ჰესების გამო, თერგის და ხდის ხეობები ზაფხულობით დამშრალია. ჰესების შეუფერხებელი მუშაობისათვის წყალი მთლიანად სადაწნეო მილსადენებში მიაქვთ. მოხევეების თქმით, უწყლოდ დარჩენილი ხეობები ტურისტებსაც აღარ იზიდავს, არადა ტურიზმი ამ კუთხეში შემოსავლის მთავარი წყაროა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სულ 10 ახალი ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი - რაიონში ხეობა აღარ რჩება, სადაც მდინარე თავისუფლად იდინებს.
ნახეთ რეპორტაჟი - მოხევეების უარი რუსული კავშირების მქონე კომპანიას ყაზბეგში კიდევ ერთი ჰესის აშენებაზე