საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რუსეთის გზა - სპეციალური რეპორტაჟი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:05 - 01 სექტემბერი 2023 hits 25402

გზას, რომელიც რუსეთს თბილისის აღებას ისე უადვილებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებაც კი ვერ მოასწროს, სესხად აღებული დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით ჩვენვე ვაშენებთ. ეს გზა რუსეთის მოსამარაგებლად ერთ-ერთი მთავარი გამტარი გახდა უკრაინაში ომის დაწყებისა და სანქცირების შემდეგ. საქართველოს მთავრობა ოკუპანტი ქვეყნისკენ მიმავალი მაგისტრალის მშენებლობას ჩქარობს და ამას ეკონომიკური ინტერესებით ხსნის. თუმცა, ხელისუფლება ასაიდუმლოებს დოკუმენტს, სადაც უნდა ეწეროს, რა სარგებელი მოაქვს პროექტს ქვეყნისთვის. სინამდვილეში, სატრანზიტო გადასახადი, ტრაილერებისგან მოყენებული ზიანის მხოლოდ 65 %-ს ფარავს. გზის მშენებლობას უკვე შეეწირა ხადის უნიკალური ხეობა და დაბა ფასანაურის არსებობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

88 წლის სოფიო აფციაური ხადის ხეობაში, სოფელ როსტიაანთკარში ცხოვრობს. იმას, რაც დღეს ყველაზე მეტად ენაღვლება, ლექსად გვეუბნება:

არ ვიცი გუდამაყარი, ხანდო ჭართალი სად არიო,

ხადაში გამიგონია, სამოცი ციხე მაგარიო. - სამოცი ციხეა აქა, კოშკი და აბა?!... ეხლა ანგრევენ.“

ხადის უნიკალური ხეობა დღეს რუსეთისკენ მიმავალი ახალი გზის მშენებლობას ეწირება. თუმცა, ეწირება არამხოლოდ ხადა.

ეს ღვარცოფი, თუ აქედან დაიძრა, გავა და დააგუბებს იმ არაგვსაც. წაშლის ფასანაურის კვალს. მთლიანად წაშლის“ - წუხს ფასანაურელი ინჟინერ-მექანიკოსი გელა კობაიძე. ახლანდელი პროექტით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ახალი საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთი, ზედ დაბა ფასანაურის თავზე გაივლის. სახელმწიფო, კურორტის თავზე მდებარე მთათა სისტემის გრძივად გაბურღვას გეგმავს, სადაც გვირაბები და მათი დამაკავშირებელი ხიდები მოეწყობა.

საფრთხე არის ძალიან დიდი. ეს არის ძალიან დიდი მოცულობის მასა მიწის, კლდის, ქვა-ღორღის, რომელიც შეუქცევად კატასტროფას გამოიწვევს და სამწუხაროდ, თან გაიყოლებს არაერთი ადამიანის სიცოცხლეს.

შემდგომში უკვე არც ბოდიში იქნება მისაღები და მართლა აღარ იქნება მათი არც ვერტმფრენების საჭიროება და არც რაიმე სახის სამაშველო ჯგუფების“ - ამბობს ფასანაურის კიდევ ერთი მკვიდრი ანი ქავთარაძე.

მთები, რომელთა ძირშიც კურორტია გაშენებული, ისედაც მუდამ იშლება და ხშირად ღვარცოფული მოვარდნებიც ახასიათებს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მთის დამატებითი ბურღვა და საინჟინრო პროცესები, ფასანაურს გარდაუვალ კატასტროფამდე მიიყვანს.

ნინო გუჯარაიძე - „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი: „შერჩეულია მარშრუტი, რომელიც ჩვენი და პირველ რიგში, ფასანაურის მოსახლეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით სახიფათოა.“

საქართველო რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ჩქარობს. თუმცა, რა სარგებელი უნდა მოუტანოს ამან სახელმწიფოს, ეს ბუნდოვანია.

ეთერ ვეშაგური - ხადის ხეობის მკვიდრი: „ხადის ხეობა გააუბედურა! არაფერი სარგებელი არ მისცა. შუაღამეში რომ დაიწყოს წვიმა, გამოვრბივარ! მოვიხვევ, დიდი პლაში მაქვს. ვისმენ, თუ დაიძრა მიწა, აი, ვაპირებ იქით გაქცევასა. ისე მეშინია!.. ჰოდა, თუ გამოაცხადეს, რომ წვიმა კიდე იქნება და იქნება, მერე ხან, აი, ზემოთ მეზობელთან მივდივარ, ხან კიდე ქვეშეთში გავრბივარ. ხან სადა და ხან სადა. ხან კიდე, გოგოებთანაც მივდივარ.“

გარემოსდამცველი ნინო გუჯარაიძე ამ ახალი გზის პროექტის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია. ის წლებია იკვლევს საკითხს და კონკრეტული შენიშვნებიც აქვს: „ნებისმიერ ასეთ მასშტაბურ პროექტს, წინ უძღვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. განმახორციელებელმა დოკუმენტურად უნდა დაასაბუთოს, რისთვის გვჭირდება ეს გზა. მოვითხოვეთ რა თქმა უნდა და საგზაო დეპარტამენტმა გვითხრა, რომ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელა დოკუმენტის ღირებულებაზე და გადაწყვიტა, რომ ეს არის მისი კომერციული საიდუმლო.“

გუჯარაიძეს კითხვითვე ვუბრუნდებით:

- მაშინ, რატომ კეთდება ეს ყველაფერი, თუ ჩვენ აქედან სარგებელს ვერ ვიღებთ?

- ხო, აი, ძალიან ლოგიკური შეკითხვაა პრინციპში და ალბათ, ყველას გვაქვს ჩვენი პასუხები.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ის, რაც დღეს ლარსთან დამაკავშირებელ ძველ, ე.წ. სამხედრო გზაზე ხდება, მსგავსი არასდროს ყოფილა. სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა.

საქართველო დღეს ერთ-ერთი მთავარი გამტარია რუსეთისკენ მიმავალი ტვირთების, რაც ჯვრის უღელტეხილზე, მზიანი ამინდების მიუხედავად, საცობებს ქმნის.

  • 2021 წელს საქართველოს გზებზე 332 070-მა სატვირთო მანქანამ გაიარა.
  • უკვე 2022 წელს, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ეს რიცხვი 450 000-მდე გაიზარდა.
  • მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ 7 თვეში, საქართველოს დერეფნით უკვე 300 000-მდე ტრაილერმა ისარგებლა.

მანანა ქოჩლაძე - „მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე: „საკმაოდ გაიზარდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში ტვირთები, რომლებიც რუსეთისკენ მიდის. დაახლოებით 16%-ით 2022 წელს“.

ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის პროექტის მიზნებს თუ წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებულია ტრანზიტული ტვირთების მიმოსვლის ხელშეწყობა.

მანანა ქოჩლაძე: „ძალიან ხშირად გვესმის, ამ ტრანზიტის გაზრდა კარგია იმისთვის, რომ ბიუჯეტში თანხები შედის. სინამდვილეში ეს უნდა დავითვალოთ როგორც ხარჯი და სარგებელი. ანუ რამდენი მოაქვს ტრანზიტს სინამდვილეში და რამდენს ვხარჯავთ მერე ჩვენ გზების რეაბილიტაციაზე“.

აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ერთი სატვირთო ავტომობილი, რომელიც საქართველოში 400 კილომეტრს გადის, საგზაო ინფრასტრუქტურას 200 დოლარის ზიანს აყენებს. გზათსარგებლობის საფასური კი 350 ლარია. დოლარის ამჟამინდელი კურსით რომ გამოვითვალოთ, ეს არის დაახლოებით 130 დოლარი. ანუ, სატრანზიტო გადასახადი ფარავს მოყენებული ზიანის მხოლოდ 65 პროცენტს.

მანანა ქოჩლაძე: „გზები საქართველოში საკმაოდ ძვირია. მლეთის, აი, ამ მონაკვეთის შენახვა, ისევე როგორც კობი-ქვეშეთის მონაკვეთის შენახვა, წელიწადში, კილომეტრი სადღაც 15 000 დოლარამდე დაგვიჯდება“.

დოკუმენტებში, ამ გზის მშენებლობის კიდევ ერთ მიზეზად, რეგიონში ტურიზმის პოტენციალის ხელშეწყობა სახელდება. ერთი მხრივ კვლევაში წერენ, რომ აქაურობას, ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა, კულტურული მემკვიდრეობა და ლანდშაფტი აძლევს ტურისტულ მიმზიდველობას. მეორე მხრივ კი მივიღეთ სურათი, როცა ხადაში აღარც მოსახლეობას დაედგომება და აღარც ბუნებაა ხელთუქმნელი.

სოფიო აფციაური: „კურორტად იყო გამოცხადებული ხადა და რომ დაიწყეს ეს გზა, ახლა აღარაფერი აღარ არის. განადგურდა.“

სოფიო აფციაურის მეუღლე ნიკალა როსტიაშვილი განიცდის, რომ 88 წლის ასაკში იძულებით უწევს იმ ადგილის დატოვება, სადაც მთელი ცხოვრება გალია:

- აბა სად წავიდეთ? არ მინდა წასვლა მაგრამ რა ვქნა? წადითო. ფული მოგეცით, სადაც გინდათ ააშენეთო.

- ახლა ამ ფულით, ამ ფასად, ირგვლივ სოფლებში ვერ შოულობთ სახლს?

- ვერა! რაც აქ ფასი აქვს, ისაც ბლოკში და ცემენტში არ გვეყოფა.

„სინამდვილეში ეს ხეობა იყო ყველაზე კარგი, ხელშეუხებელი და კარგი დაგეგმვის პირობებში შესაძლებელი იყო ეკო-ტურიზმით მოსახლეობასაც და სახელმწიფოსაც უფრო მეტი სარგებელი მიეღო, ვიდრე ამ გზის გაყვანით.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიდი, რომელიც 500 მეტრი უნდა იყოს, ის მიაჩნიათ, რომ იმან უნდა გაალამაზოს ხადის ხეობა. ის ხიდი კი არა, კიდე უფრო მაგარი ხიდები რომ დაიხატოს, როგორ შეიძლება იმან ამ ხეობას რამე ღირებული შემატოს“, - ამბობს ქოჩლაძე.

ნინო გუჯარაიძე: ეს იყო ბუნების მოყვარულთა ადგილი, ადამიანებისთვის მიმზიდველი, რომლებსაც უყვართ ბუნებაში სიარული. მაგისტრალის გასწვრივ ტურისტი არ დადის! შეიძლება მაგისტრალზე დადის რუსი ტურისტი, რომელსაც უნდა შემოსვლა შენთან ქვეყანაში.

მანანა ქოჩლაძე: ვიცით, რომ ნეოილითის ხანიდან აქ ადამიანი ცხოვრობდა. ძალიან მნიშვნელოვანი ხეობაა საქართველოს ისტორიისთვის. იყო არქეოლოგიური გათხრები ცოტა იქით, სადაც აღმოჩნდა ისტორიული კომპლექსის ნაწილი, მაგრამ მას შემდეგ რაც გამოდგა რომ ეს ისტორიული კომპლექსი კვეთს გზას, არქეოლოგიური კვლევები შეწყდა.

 

ფასანაურის გაქრობის საფრთხე

საკუთარი პროტესტის გამოსახატად ფასანაურელები ერთად შეიკრიბნენ და კრებაზე ყველა საერთო სათქმელს ამბობდა:

- გვირაბებზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, მორჩა და გათავდა!

- დაგვცინეს კიდეც, რომ მუშები დაიქირავებენ თქვენს ბინებს და ფულადი შემოსავალი გექნებათო. რა ბინებს დაიქირავებენ?! ჩვენ სად წავიდეთ?

- წარმოიდგინეთ, გაასახლეს ეს ხალხი, რომლებიც მთის ძირში ვცხოვრობთ. მაშინ იმ ხალხს რას ვუშვრებით, რომლებიც ქვედა მხარეზე ცხოვრობენ? აგერ, ნათელი მაგალითი: წინა წელს, 2022 წლის აპრილის თვეში, წყალდიდობის შედეგად გამოვარდა ეს ხევი და მთელი ფასანაური დატბორა.

მანამდე იგივე ადამიანები სახელმწიფოს წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდნენ, როცა ფასანაურის ცენტრში საგზაო დეპარტამენტმა სამსჯელოდ ხანდო-ფასანაურის შემოვლითი გზის სამშენებლო პროექტი წარადგინა. ფასანაურელები ჩიოდნენ, რომ:

- არ შესწავლილა ის ნიადაგები! [გეოლოგები] არ ასულან მთაში!

- ხართ პასუხისმგებელი ჩვენ რომ რამე დაგვემართოს?!

- რაღაცა რომ მოხდება, სახელმწიფოს გლოვა მიშველის მერე?!

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია, რომელიც ამ შეხვედრას უძღვებოდა, ადგილიდან ისე წავიდა, პასუხი არ გასცა ჩვენს შეკითხვას, რა სარგებელი მოაქვს ამ ახალ საავტომობილო გზას სახელმწიფოსთვის.

გელა კობაიძესთან და კიდევ ორ ადგილობრივთან ერთად მთაზე ავედით, რათა ადგილზე გვენახა, რა სიტუაცია იყო ფერდებზე.

გელა კობაიძე: „აი, ეს ხერგნარი სულ იქიდან არის ჩამოტანილი. აგერ, ის ფერდი, რომელიც ჩამონგრეულია. აი, ჯერ ბალახი არ არის ზედ გაზრდილი. კარგად ჩანს რომ ახალი ჩამონაშალია. არასტაბილურია კლდე, უკვე დაძრულია - რაღაცა კედელი გაამაგრებს? როგორ შეიძლება?! ეს მეგატონები კი არა, გიგატონებია. რომელი კედელი დაიჭერს ამას?! რომელი გამაგრება?

- გეუბნებიან, რომ კედლით დავიცავთო?

- ხო, კედლები გაკეთდებაო... ნუ გამოვიწვევთ აქ კიდევ ხელოვნურად მეწყრულ პროცესებს, ეროზიას... ამ მთას ნუ შევაწუხებთ მეტისმეტად. ჩვენ კარგად ვიცით ამ მთების ხასიათი. არავის აპატიებს ეს მთები ესეთ ხელყოფას.

- თქვენ რომ აქ სახლდებოდით, წარმოგედგინათ რო აქ ამხელა გვირაბს გაჭრიდნენ?

- არა, არც წარმოგვედგინა და არც გასჭრიან! ჩვენ გამოვალთ და თუ ტანკებს ამოიყვანენ, წინ დავუწვებით! არ გავატარებინებთ ამ გვირაბს კაცო! ნუ გვეხუმრებიან ეგენი! გამოვა ქუდზე კაცი!

რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის, მხოლოდ ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ჯამური ღირებულება 550 მილიონ ამერიკულ დოლარამდეა. შერჩეული საგზაო მარშრუტები ხშირად არსებული ინფრასტრუქტურის გადატანას ითხოვს. ასეთია ჟინვალის მონაკვეთიც.

მანანა ქოჩლაძე: „ამ ზონაში გადის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურა. გარდა „ჯივიპისა“ [თბილისის წყალმომარაგების კომპანია], არის ნავთობისა და გაზის კომპანიის მილსადენი, რომელიც რუსეთიდან მოდის და სომხეთში მიდის. არის ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც უკვე „ენერგოპროს“ ეკუთვნის, და ასევე „სოკარის“ გაზის მილი. ეს ყველაფერი გადასატანი იქნება.“

ნინო გუჯარაიძე: „პირველ რიგში ეს არის გასარკვევი,

რატომ ვიღებთ ამხელა ხარჯს და რატომ ვითმენთ? რისთვის გვიღირს? როდესაც შერჩეულია ასეთი რთული მარშრუტები, ერთადერთი ლოგიკური ეჭვი რომელიც გიჩნდება, ეს არის მშენებლობაზე ხარჯებიდან გარკვეული სარგებლის ნახვის შესაძლებლობა.“

ამერიკის ეროვნული საინჟინრო აკადემიის კვლევებით დადასტურებულია, რომ მსოფლიო საინჟინრო/სამშენებლო ინდუსტრიაში, ყოველწლიურად 500 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა იკარგება კორუფციულად. საერთაშორისოდ მიჩნეულია, რომ საჯაროდ დაფინანსებული საგზაო სამშენებლო პროექტები, ყველა სხვა სექტორთან შედარებით, გამორჩეულად კორუფციულია.

მანანა ქოჩლაძე: „ლარსამდე მონაკვეთი არის ორ ნაწილად დაყოფილი. ერთი არის ოთხნახევარი კილომეტრი და მეორე არის კილომეტრნახევარი. რატომ ხდება ეს? საქართველოს გარემოზე ზემოქმედების კოდექსის თანახმად, თუ გზა ხუთ კილომეტრზე ნაკლებია, მას არ უტარდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება. თუმცა იმ ოთხნახევარს მაინც უკეთებენ გარემოს ზემოქმედებაზე შეფასებას, მაგრამ აქ სადაც ყველაზე რთული მონაკვეთია, რაც შეხვედითაც ჩანს, იმიტომ რომ ძალიან ვიწროა, ძალიან პრობლემურია, ბევრი ობიექტია, რომლის ხელის ხლებაც წარმოუდგენელია, ეს თავიდან აიცილეს.“

თუმცა არსებობს კიდევ ერთი, სამხედრო-პოლიტიკური რისკი.

 

ოკუპანტების მოგებული დრო

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე: „ჰაერიდან ვერავინ დაგვიპყრობს. უნდა შემოვიდნენ ჯარისკაცები, უნდა დაამყარონ კონტროლი. იმისათვის, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიიდან თბილისზე შეტევა განახორციელოს - თბილისი არის დიდი ქალაქი, მის აღებას სჭირდება ძალები, სადღაც 100 ათასს პლიუს ჯარისკაცი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მას დაიცავს.

რუსეთს დაახლოებით ორ კვირაზე მეტი სჭირდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოიყვანოს ასეთი ძალა, რომელიც არანაირად არ დარჩება შეუმჩნეველი. საქართველოს ხელისუფლებას რჩება დრო, რომ შეიარაღებული ძალები მოამზადოს. რჩება დრო, რომ მობილიზაცია გამოაცხადოს. რჩება დრო, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან რაღაცა სახის დახმარება მიიღოს და ზემოქმედება მოახდენინოს რუსეთზე. დრო რჩება ამისთვის. აი ამ გზის პირობებში, ასეთი დრო აღარ რჩება. მობილიზაციის გამოცხადებაც კი შეიძლება ვეღარ მოასწროს საქართველოს ხელისუფლებამ.

და ბოლო 200 წელს თუ ჩავთვლით, საფრთხე მოდის ყოველთვის ჩრდილოეთიდან.“

მანანა ქოჩლაძე: „2022 წელს, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და მთელი რიგი სანქციები დაედო, ამის შემდეგ ევროპიდან შეწყდა რუსეთში საქონლის ტრანზიტი და საქართველო გახდა ერთ-ერთი გამავალი ქვეყანა, საიდანაც რუსეთს შეაქვს ტვირთები, როგორც ირანიდან და სომხეთიდან, ასევე, აქ გაიზარდა თურქეთის ტრაილერებით ტრანზიტი.“

ნინო გუჯარაიძე: „ვიცოდეთ, როგორი გვაქვს გეზი პირველ რიგში.

თუ ჩვენ გვჭირდება კარგი და გამტარუნარიანი გზა რუსეთთან, ეს ნიშნავს, რომ რაღაც გეგმები გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ გზის საკითხი, ეს არის სახელმწიფო კურსის საკითხი.

აქედან გამომდინარე შენ უკვე იღებ გადაწყვეტილებებს, რას ავითარებ, როგორ ავითარებ, რა გეგმები გაქვს კონკრეტულ ქვეყანასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. შედეგს რასაც ვხედავთ ჩვენ და მანერას, როგორც ხორციელდება ეს პროექტი - საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანი იგნორირებით, აბსოლუტურად არ უნდათ არაფრის შეცვლა - გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ძალიან კონკრეტული დასახული მიზანი, რომელიც უნდათ, რომ ყველაფრის ფასად განახორციელონ.“

გარდა იმ შიშისა, რომელიც წვიმას და მეწყერს უკავშირდება, ეთერ ვეშაგური კიდევ ერთ შიშზე გვიზიარებს: „ეშინია ხალხსა. ძალიან საშიშია ესე გზა რომ მიდის. არც ზამთარში ეშინია მერე რუსეთსა და არც ზაფხულში, როცა გინდა მაშინ დაგვცხებენ.“

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე: „მარტო ჩვენზე არ უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიფიქროთ მომავალ თაობაზე. არავინ იფიქრა თავის დროზე საბჭოთა კავშირში როკის გვირაბზე. მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდნენ, კი არ ვამტყუნებ იმ ხალხს. სერიოზული პრობლემა დაუდგა 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, სერიოზული პრობლემა ჰქონდა შევარდნაძის ხელისუფლებას - ეს იყო კონტრაბანდის, სახელმწიფოს გამოფიტვის ერთ-ერთი გზა და 2008 წელს ეს იყო ჩვენი უსერიოზულესი პრობლემა.

შეიძლება ბევრი მიმართულება აქვს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავუადვილოთ მტერს ჩვენი დაპყრობა. მას მაქსიმალურად უნდა გავურთულოთ. ეს გზა ძალიან უადვილებს ამის გაკეთებას.“

ავტორები: დავით თამაზაშვილი, ლაშა ჭონქაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში