საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არის თუ არა შოვში მუშაობა უსაფრთხო და ეპიდემიის გავრცელების რისკები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:18 - 10 აგვისტო 2023 hits 3433

კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, 3 აგვისტოდან დღემდე, ტეტანუსის საწინააღმდეგოდ სტიქიის ზონაში მყოფი მხოლოდ 28 ადამიანი აიცრა, არადა, ბოლო ერთ კვირაში, სამაშველო-საძიებო ოპერაციაში 800-მდე მაშველი, ასობით სამხედრო მოსამსახურე, 200-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და ამდენივე მოხალისეა ჩართული. ტეტანუსი სიცოცხლისთვის საშიში ინფექციაა. ბაქტერია, რომელიც ამ დაავადებას იწვევს ტალახში, დაბინძურებულ წყალში თითქმის ყველგან გვხვდება. ნაჩხვლეტი ჭრილობით ან ნაკაწრით ის კანში აღწევს, რის შემდეგაც მრავლდება და შხამს გამოყოფს. ტოქსინი ნერვულ სისტემას აზიანებს. მკურნალობის გარეშე სასუნთქი კუნთების დამბლა ვითარდება. პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა 40-50%-ია.

დაავადება ძირითადად სწრაფად იწყება - ავადმყოფს უჭირს პირის გაღება და ღეჭვა, უნაოჭდება შუბლი, უვიწროვდება თვალის ნაპრალი, რაც დამცინავი ღიმილის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანდათანობით გამოვლინდება მთელი სხეულის კუნთოვანი აპარატის დაძაბვა და კრუნჩხვები.

საყურადღებოა, რომ სტიქიიდან სულ მცირე პირველი 4 დღის განმავლობაში, შოვის მისადგომებთან მყოფი ადამიანები, სადამდეც მათ პოლიცია უშვებდა - დაკარგულების ახლობლები, ჟურნალისტები, მაშველები, სხვა პირები, სტიქიის ზონაში, შემაღლებულ ადგილას მდებარე წყაროს წყალს სვამდნენ. ისინი არავის გაუფრთხილებია, რომ სასმელი წყალი შემოწმებული არ იყო და მისი მიღება, შესაძლოა, სარისკო ყოფილიყო.

„მთის ამბები“ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორს, ეპიდემიოლოგ ნონა ბაკურაძეს ესაუბრა:

- ქალბატონო ნონა, არის თუ არა სტიქიის ზონაში მუშაობა უსაფრთხო, არის თუ არა ეპიდემიის გავრცელების რაიმე რისკები?

- დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ამის შესახებ ვისაუბრეთ, რეკომენდაციები თვითონაც გამოაქვეყნეს [დააავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე, ვერც სოციალურ ქსელში უწყების მიერ, შოვის სტიქიის შემდეგ გამოქვეყნებული რეკომენდაციები ვერ მოვიძიეთ]. საშიშროებაა სასმელი წყლიდან და ამას შესაბამისი სამსახურები ხედავენ, იმ საკვები პროდუქტებიდანაც, რასაც მაშველებს აწვდიან. საფრთხე არის რა თქმა უნდა მიწასთან [ტალახთან], გვამთან შეხება.

ტეტანუსის საწინააღმდეგოდ აცრა აუცილებელია. ამისათვის შოვში ყოველდე მუშაობს ჩვენი მობილური ბრიგადა, მაგრამ მაშველები ნაკლებად მოდიან.

- ვინმემ განუმარტა მათ, რომ აცრა ჩაიტარონ?

- გვეუბნებიან, რომ დაამთავრებენ მუშაობას და მერე აიცრებიან, თუმცა სასურველია, სწრაფად აიცრან. აცრის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში დიდი ფიზიკური დატვირთვა არ არის რეკომენდებული. საღამოს რომ აიცრან, მეორე დღეს ჩვეულებრივ შეუძლიათ მუშაობა. აცრაც უსაფრთხოა.

- რამდენი ადამიანია ამჟამად აცრილი, მობილური ბრიგადის მიერ და ალბათ, ონის საავადმყოფოშიც, 3 აგვისტოდან დღემდე.

- ადგილზე 16 ადამიანი აიცრა, საავადმყოფოში 12,

- სულ 28, რაც ძალიან ცოტაა, დამეთანხმებით. შოვში წითელი ჯვრის კომიტეტის ჯგუფებიც არიან ადგილზე, ისინიც ხომ არ ცრიან?

- არა, ყველას ჩვენ ვაწვდით ასაცრელ მასალას - მობილურ ბრიგადას, სოფლის ექიმებს, საავადმყოფოს.

- კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ, ჯამში მხოლოდ 28 ადამიანია აცრილი?

- დიახ, ასეა.ტეტანუსის გამომწვევები ნიადაგში გვხვდებიან. პირველი საფრთხე ემუქრება იმ ადამიანს, ვინც სტიქიის ზონაში იყო. შესაძლოა, არ დაზიანდა, მაგრამ მიწასთან, გვამთან შეხება ჰქონდა. ასეთმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოგვმართონ.

- უფრო მკაფიოდ რომ განგვიმარტოთ, გვამთან შეხება რომ არ ჰქონოდა, აცრა მაინც აუციელებლია?

- დიახ, ტალახში ვინც შევიდა, გაიარა, რაღაცას ხელი მოკიდა, გატალახიანდა. იცით, თქვენ, რომ საკმაოდ დასვრილები ამოდიან, ჯერ ისევ ტალახია. იმ ზონაში მყოფი ყველა უნდა აიცრას.

- თუ არ ავიცერით, რა რისკებია?

- შესაძლოა, ტეტანუსი განვითარდეს. ეს მძიმე ინფექციაა, რომელიც იწვევს გაშეშებას და არასწორი მკურნალობის შედეგად, დიდი რისკია, ლეტალურად დასრულდეს.

- ვისაც სტიქიის ზონასთან, უბედურების პირველივე დღეებში ჰქონდა ტალახთან შეხება და ამ დრომდე არ აცრილა, დაგვიანებულია?

- არა, ვაქცინით აცრა არ არის დაგვიანებული, მაგრამ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს მალე მომართონ.

- შოვთან ყველაზე ახლომდებარე სოფლის, გლოლის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება როგორ ხდება, უსაფრთხოა, ქსელის ან ჭის წყალი ლაბორატორიულად შემოწმებულია?

- შოვიდან აღარ მოდის წყალი, ქსელი დაზიანდა და შემწყდარია. იქ არის დაგუბებული წყლები, ეს საშიშია. ყველა გავაფრთხილე. შოვის ტერიტორიაზე წყალი არ უნდა დალიონ.

- მთელი 4 დღის განმავლობაში, შოვში ყველა სვამდა წყაროს წყალს, იქ, სადაც პოლიციას ლენტი ჰქონდა გაბმული, იმ ადგილასაა, სადაც გზა წყდება, გზიდან ოდნავ შემაღლებულ ადგილას. არავის არავინ გაუფრთხილებია, რომ ეს სარისკო შეიძლება ყოფილიყო.

- მაშველებს ავუკრძალეთ.

- როდის?

- გუშინ.

- კი, მაგრამ, 3 აგვისტოს შემდეგ გეუბნებით, გუშინ 9 აგვისტო იყო უკვე. მთელი კვირა ყველა ამ წყალს სვამდა, წყაროს წყალს.

- არვიცი ამ წყაროს შესახებ, გარკვევა შეიძლება.

ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის თანახმად, ამ კვირაში აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 41◦C-ს მიაღწევს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალ მთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეპიდემიოლოგების თქმით, მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო ზრდის სტიქიის ზონაში ეპიდემიის გავრცელების რისკებს, მითუფრო მაშინ, როცა ამ დრომდე ეძებენ 3 აგვისტოს შემდეგ დაკარგულ 12 ადამიანს. სტიქიური უბედურების ზონაში დახოცილია მსხვილფეხა საქონელიც, რომელიც ღვარცოფმა მოიყოლა.

რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ამ დროისთვის ნაპოვნია 21 ცხედარი, საიდანაც 19 ამოცნობილია. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა 12, მათ შორის არიან ბავშვები. სტიქიის ადგილას სამაშველო ოპერაცია ღვარცოფის მოვარდნიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაიწყო, ტალახში მოყოლილი ადამიანები გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში