საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ენერგეტიკის განვითარების ფონდი ხევსურეთში 10 მლნ ლარის ხარჯვის დოკუმენტებს მალავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:50 - 27 ივლისი 2023 hits 2880

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა, ხევსურეთის რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შუქი რომ ჰქონოდა, ბოლო 4 წელში ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ფონდის დაფინანსებით აშენებული ორივე მცირე ჰესი, შატილსა და არხოტში მწყობრიდან არაერთხელ გამოვიდა და რუსეთ-საქართველოს საზღვართან მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ.

ფონდმა, 2020 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი გამოყო არხოტის სოფლებში - ახიელში, ჭიმღაში, ამღასა და პირაქეთა ხევსურეთის სოფელ როშკაში ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობისთვის.

არხოტის ჯერ კიდევ სამ ცოცხალ სოფელში მუდმივად მხოლოდ ხუთი ადამიანიღა ცხოვრობს. მეოთხე წელია, ყოველი ზამთარი, თითქმის 7-8 თვის განმავლობაში ჭიმღის ერთადერთი მკვიდრი გიგლა ოჩიაური უშუქოდ არის დარჩენილი. ფონდმა დაზიანება ამ დრომდე ვერ იპოვა და არ აღმოფხვრა.

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლისას საეჭვო და შესაძლო კორუფციული ფაქტები გამოავლინა, რის შემდეგაც ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან სრულყოფილი დოკუმენტაცია გამოითხოვა.

ფონდმა საჯარო ინფორმაცია არ გასცა, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე კი უარი თქვა. „ფონდი არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებას. ამგვარად,

მოთხოვნილი ინფორმაცია არის ფონდის კომერციული საიდუმლოება და არ ექვემდებარება გასაჯაროებას“, - ნათქვამია ფონდის დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„მთის ამბებმა“, დღეს, ფონდის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოთხოვნილი დოკუმენტების გადმოცემის დავალდებულებას ითხოვს.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობამ 2010 წლის დეკემბერში დააფუძნა. მისი აქციების 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა.

არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოდ განიხილება კერძო სამართლის იურიდიული პირიც, თუ ის ასრულებს იმ ფუნქციებს, რაც მას დელეგირებით სახელმწიფომ გადასცა. ასეთ შემთხვევაში საწარმოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ეკისრება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში