საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მზად ვართ, ჭიათურის მაღაროები მართვაში მაღაროელებს გადავცეთ - „ჯორჯიან მანგანეზი“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

01:16 - 23 ივნისი 2023 hits 3552

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც კომპანია მზად არის თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მართვაში მაღაროელებს გადასცეს.

„არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.

კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.

ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, - ნათქვამია გვიან ღამით კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 3500-მდე მაღაროელი მე-18 დღეა გაფიცულია. მათ წერილობით 14 მოთხოვნა აქვთ ჩამოყალიბებული, რომელთა შორის არ არის, რომ კომპანიამ მაღაროები მართვაში მათ გადასცეს.
  1. ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს) გაფიცვის პერიოდში მაღაროელებმა ხელფასის ზრდის მოთხოვნა 20%-მდე შეამცირეს.
  2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება;
  3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
  4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
  6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
  7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
  8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგალითად, მოხდეს კონსერვის ამოღება და მისი ჩანაცვლება);
  9. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა 1-ელ თებერვლამდე.
  10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
  11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
  12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე.
  13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს [ე.წ. საშუამავლო კომპანიები] და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
  14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების  წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტული სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით  მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება. შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმუსის ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

19 ივნისს, პეტიციების პორტალზე განთავსდა პეტიცია მოთხოვნით - მიეცეთ მაღაროელებს მართვის უფლება.

„სიმდიდრე,რომელიც ჭიათურაში მოიპოვება ეკუთვნის ჭიათურლებს, მშრომელ ხალხს! ეს ხალხი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მატებისათვის უკვე მე-14 დღეა იბრძვის! მიმართეს პროტესტის ყველა უკიდურეს ფორმას - შიმშილობა, პირის ამოკერვა და ბოლოს თვალების ამოკერვა. ამ დროის განმავლობაში კომპანია არ თანხმდება მშრომელებისათვის ხელფასების მომატებას და აცხადებს, რომ არარენტაბელურია (რაც საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ გვჯერა). თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს მშრომელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არ არსებობს შეთანხმების მიღწევის გზა, მაშინ მანგანუმის მოპოვების უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ამ მშრომელ ხალხს, მაღაროელებს უნდა მიეცეთ მართვის უფლება! შეიქმნას ნდობით აღჭურვილი მაღაროელთა ჯგუფი და ჩაუდგეს მანგანუმის მოპოვებას სათავეში, რომ თითქმის ყოველ წელს არ უწევდეთ მშრომელებს პროტესტის უკიდურესი ფორმებისათვის მიმართვა“, - აღნიშნულია პეტიციაში, რომელიც პორტალზე განთავსებულია საინიციატივო ჯგუფი ,,ერთად ჭიათურისათვის“ სახელით. იქვე არსებული განმარტების მიხედვით, ჯგუფი ჭიათურელი ახალგაზრდების მიერ არის დაარსებული და მისი მიზანია ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, შემდგომ კი ამ პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიებაა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ მე-7 წელია სპეციალური სახელმწიფო მმართველი ერთპიროვნულად მართავს. ის სასამართლოს მიერ არის დანიშნული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, იმ საბაბით, რომ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია გამოსწორებულიყო. სინამდვილეში, სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმში ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე კომპანია „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“-ია, რომლის საკონტროლო პაკეტსაც უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის.

ბოლო პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კომპანიაში „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრის ალექსანდრე დალაქიშვილის და მისი ჯგუფის გავლენები გაიზარდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში