საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

აქტივისტების პროტესტი რაჭაში ევროკავშირის პროგრამის ღონისძიებას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:02 - 16 მაისი 2023 hits 3157

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, წარდგენის ღონისძიებას 17 მაისს მართავს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის კუთვნილ სასტუმრო „კარსე“-ში. ხვალინდელ ღონისძიებას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან რაჭის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„თურმე სხვა ადგილი არ მოიძებნა ამ პროექტის პრეზენტაციისთვის მთელ რაჭაში. მაინც და მაინც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის „სამიდღემჩიო“ (სამუდამო) დეპუტატის სასტუმროში უნდა გაეკეთებინათ. მხოლოდ დეპუტატობა რომ იყოს, ვინ ამოიღებდა ხმას. გოჩა ენუქიძემ თვალიც კი არ დაახამხამა, ისე მისცა ხმა „რუსულ კანონს“. შეეწინააღმდეგა ყველანაირ ევროპულ კურსს და რაზე შეექმნა მას ამაზე დისკომფორტი?! არაფერზე! ადგა „ენპარდი“ და მის სივრცეში აწყობს ღონისძიებას. სად არის პრინციპები - სამართლიანობა, ღირებულებები? ყველა, ვინც თანამშრომლობს რუსული კანონის მხარდამჭერებთან, არის ამ კანონის თანაშემოქმედი. ლუსტრაციის კარგი მაგალითი გამოვა ხვალინდელი შეხვედრა „კარსეში“. გამოჩნდება, ვის ნამდვილად აღელვებდა კანონის მავნებლობა და ვინ ფეხის ხმას აჰყვა, რომ გამარჯვებულ მხარეს აღმოჩენილიყო“, - ამბობს რაჭის სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეთერ არსანიძე.

რაჭაში რეგისტრირებულ ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, რაჭის სათემო ორგანიზაცია ერთადერთია, რომლის წარმომადგენლებიც მოსახლეობის პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობენ და ხალხს მათ გადაწყვეტაში ეხმარებიან. მთელ რეგიონში მხოლოდ რაჭის სათემო ორგანიზაცია დაუპირისპირდა მთავრობის გადაწყვეტილებას, როცა სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს, დავით ხიდაშელს რაჭასა და ქვემო სვანეთში 105 ათასამდე ჰექტარი ტყე, 49 წლით გადასცეს. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არაერთხელ შეუქმნეს პრობლემები მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გამწესებულმა თანამდებობის პირებმა.

„რუსული კანონის ხმის მიმცემი დეპუტატის სასტუმროს კომფორტს ვერ შეელიეთ? რამე ტიპის თანმიმდევრულობა არსებობს თქვენთვის? თავი დავანებოთ იმას, რომ სრულიად ბრმა ხართ ადგილობრივი აქტივისტების მიმართ. მართლა სად ეპატიჟებით? ან თქვენ რომელი ღირებულებებით სხდებით მანდ?“

მწერალ თამთა მელაშვილის ამ კითხვის ადრესატი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაცაა და მის მიერ დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაც.

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ მიერ ხვალ დაგეგმილ ღონისძიებას, პროტესტის ნიშნად, არც მეღვინე ალეკო სარდანაშვილი დაესწრება. ენუქიძის სასტუმროში გამართულ აქტივობებში ის არც იქამდე მონაწილეობდა, ვიდრე „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას „რუსულ კანონს“ დაჩქარებული წესით მიაღებინებდა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, მიღებიდან მესამე დღეს ჩააგდებდნენ. ალეკოს მიაჩნია, რომ დაუშვებელია თანამშრომლობა მათთან, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს ანგრევს:

„საჯარო მოხელე ენუქიძე მიუღებელია ჩემთვის მმართველობის ფორმით - რაჭაში ახშობენ და კლავენ ყველანაირ განსხვავებულ აზრს, რომ მონობაში ამყოფონ ადამიანები.

გოჩა ენუქიძე არის ადამიანი, ვინც მიზანმიმართულად ანგრევს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ოღონდ საკუთარი პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესები დაიკმაყოფილოს. „რუსული კანონის“ მხარდაჭერით, ის პირდაპირ არის ჩართული რომ ჩვენ ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვან და საქართველო რუსეთს დაუახლოვონ. ვინც ამას აკეთებს, ის ქვეყნის მტერია. მათთან თანამშრომლობა არ შეიძლება“.

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნატო გაგნიძემ, „მთის ამბებს“ უთხრა, რომ ღონისძიების ჩასატარებლად, რაჭაში, სხვა „შესაბამისი სივრცე“ ვერ შეარჩიეს.

„არაფერი ქვეტექსტი აქ არ ყოფილა. ეს არის ევროკავშირის პროგრამის „ენპარდის“ ფარგლებში პროექტის გახსნითი ღონისძიება, რომელიც გარკვეულ ფორმატს მოითხოვს. ვეძებდით სივრცეს. არაერთი მცდელობა მქონდა, მომეძებნა შესაბამისი ადგილი, გარემო. სტუმრები დაპატიჟებული გვყავს არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან. შევარჩიეთ სასტუმრო „კარსე“. საჯარო რეესტრში მესაკუთრე არ მიძებნია, ადგილი მომეწონა. მთავარია პროექტის შინაარსი სამიზნე რეგიონებისთვის.

- არის თუ არა თქვენთვის წყალგამყოფი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ „რუსული კანონის“ მხარდაჭერა, რომელიც კრიტიკულად მომუშავე ყველა სათემო, მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას დახურვის საფრთხეს უქმნიდა და ამით საქართველოს კიდევ უფრო მეტად აშორებდა ევროპულ პერსპექტივას - მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამ დროს, თქვენ ღონისძიებებს აწყობთ და აქტივისტებს ეპატიჟებით „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატის კუთვნილ სასტუმროში?

- მე გაგეცით კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი. პროექტის შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია ზოგიერთი აქტივისტის პოზიცია, მაგრამ ჩვენ თვითონ მივალთ მათთან, მე მივალ ყველგან, ვინც ტრანსპორტის, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოვა ამ ღონისძიებაზე. ყველას მივაკითხავთ.

- კითხვაზე რატომ პირდაპირ არ მპასუხობთ? არის თუ არა თქვენთვის „რუსული კანონი“ წყალგამყოფი, რომ ღონისძიებები არ გამართოთ ამ კანონის მხარდამჭერი დეპუტატის სივრცეში, იმ დეპუტატის, რომლის არაფორმალური გავლენების გამოც რეგიონში მტრული სამუშაო გარემოა შექმნილი აქტიური მოქალაქეების მიმართ?

ნატო გაგნიძისგან კითხვაზე ვერ მივიღეთ პასუხი - კი ან არა!

ნატო გაგნიძეს, 2020 წელს, როცა ის უკვე იყო „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძის პარტიისთვის - „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“, 60 ათასი ლარი აქვს შეწირული.  

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტთან დაკავშირებით „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრს“ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ არაფერი შეცვალეს.

სინამდვილეს არ შეესაბამება ცნობაც, რომ დაახლოებით 80 ადამიანზე გათვლილი ღონისძიებისთვის რაჭაში მხოლოდ დეპუტატის სასტუმროს აქვს შესაბამისი პირობები. 100-ზე მეტ სტუმარს იტევს ახალგახსნილი ჭრებალოს მარანი, რომელმაც გასული წლის ბოლოს აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც უმასპინძლა. საწარმოში გვითხრეს, რომ 17 მაისს ჯავშანი არ აქვთ და შეკვეთის შემთხვევაში, მომსახურების გაწევა შეეძლოთ.

„მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“, - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სიღარიბის შესამცირებლად უნდა განხორციელდეს. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ქალების, მიგრანტების, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პირების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობების როლის გაზრდას სოფლის განვითარებაში; სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობას სოფლის განვითარების პროცესში; ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას; ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელების ხელშეწყობას; სოფლის მოსახლეობისთვის საჯარო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. პროექტის პარნტნიორები არიან „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ და ჰააგის ადგილობრივი მმართველობის აკადემია.

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ 2001 წელს არის რეგისტრირებული და სულ მცირე 2010 წლიდან, რა დროის მონაცემებიც რეესტრში ელექტრონულად არის ასახული, მისი უცვლელი თავმჯდომარე ნინო სოხაძეა. იგი ამბროლაურის მერის მრჩეველი იყო, ვიდრე მუნიციპალიტეტის პირველი პირი ტოტალიზატორის გათამაშებაში „პორშეს“ მარკის ავტომობილს მოიგებდა.

დაგაინტერესებთ - 300 ათასამდე ლარი ბიუჯეტიდან დეპუტატის ერთი სასტუმროდან მეორემდე გზის დასაგებად

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში