საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ნამახვანჰესის“ გვირაბის მშენებლობის ადგილას მეწყერი ჩამოწვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:21 - 15 მაისი 2023 hits 4502

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ გვირაბის მშენებლობის ადგილას დიდი მოცულობის მეწყერი ჩამოწვა და ქუთაისი-ალპანა-მამისონის (იმერეთი-ლეჩხუმი-რაჭის დამაკავშირებელი) საავტომობილო გზა ჩაკეტა. ამ ადგილას მეწყრული პროცესები „ნამახვანჰესის“ გვირაბის სამშენებლო სამუშაოების შემდეგ განვითარდა.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 23-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რიონის ხეობაში ეს ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც მეწყერი წარმოიშვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მიზნით ჩატარებული სამუშაოების გამო, როგორიცაა საავტომობილო გზის გაფართოება - მთის ძირების ჩამოთხრა სპეციალური ტრანსპორტის გადასაადგილებლად, ტყის მოჭრა და ა.შ.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს მიმდინარეობდა, თუმცა მოქალაქეების ძლიერი პროტესტისა და საქმეში არსებული არაერთი დარღვევის გამო, შეჩერდა.

თურქულმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებაზე უარს ამბობდა და 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტდა. „ენკამ“ საქართველოს მთავრობას არბიტრაჟში უჩივლა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მთავრობას „ენკასთან“ ხელშეკრულების გაფორმებამდე აფრთხილებდა, რომ ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრებოდა მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად იყო დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდული იყო მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ არაერთხელ თქვა, რომ „ნამახვანჰესი“ მაინც უნდა აშენდეს - სახელმწიფოს მონაწილეობით.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავს - „ზემო ნამახვანი ჰესს“ 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და „ქვემო ნამახვანი ჰესს“ - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. პროექტის მიხედვით, „ზემო ნამახვანი ჰესის“ კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრია. ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. „ქვემო ნამახვანი ჰესის“ სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. „ქვემო ნამახვანის ჰესისთვის“ დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ჰესების მშენებლობისთვის, რიონის ხეობაში ამ დრომდე თურქულ კომპანიას აქვს გადაცემული  600 ჰექტარზე მეტი ფართობი, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით, 16 ლარად. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები სასამართლოშია გასაჩივრებული. სამი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში