საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის გზის რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყო - მთავრობა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:31 - 05 მაისი 2023 hits 2493

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზის რეაბილიტაციისთვის, რომლის სიგრძეც ფშაველიდან ომალომდე 72 კილომეტრია, 100 მილიონი ლარი გამოიყო. საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, ფშაველიდან 13,5 კილომეტრზე ასფალტისა და ბეტონის საფარი მოეწყობა. გზის დანარჩენი ნაწილი გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და პარამეტრები გაუმჯობესდება. რეაბილიტაცია მთლიანად 2025 წელს უნდა დასრულდეს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 5 პროექტზე, რაც გზის 39 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 43.6 მილიონი ლარია. დარჩენილ 43.6 კმ-ზე კი, რომელიც 3 მონაკვეთისგან შედგება, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება. ამ ეტაპზე, ერთ მონაკვეთზე ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო 2-ზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

თუშეთის გზა, რომელიც აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გადის, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

თუშეთის გზა ევროპაში ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალშია. ავტოსაგზაო შემთხვევები თუშეთის გზაზე თითქმის ყოველ წელს ხდება და უმეტესად, მსხვერპლით სრულდება. ავარიების გამომწვევი მიზეზები ძირითადად ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, მანევრირების წესების დარღვევა და მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბებაა.

2016 წლიდან საქართველოს მთავრობის წევრები აქტიურად საუბრობდნენ თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი, უსაფრთხო გზის მშენებლობაზე. ახალ გზას პანკისისა და ხადორის ხეობებზე უნდა გაევლო და თუშეთის გომეწრის ხეობაში შესულიყო. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ახალი გზა თბილისიდან თუშეთში მანქანით მგზავრობის დროს სამჯერ შეამცირებდა და 4 – 5 საათის ნაცვლად, 1.5 საათი დასჭირდებოდა.

მთავრობამ რამდენიმე მილიონი ლარი გადაუხადა ე.წ. ხორვატიულ კომპანიას - „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, რომ თუშეთის ახალი გზა დაეპროექტებინა, თუმცა 2019 წლის თებერვალში გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ (ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრმა) ირაკლი ქარსელაძემ „მთის ამბებს“ განუცხადა, რომ პანკისი-თუშეთის გზის პროექტი ჩავარდა.

პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით თუშეთის ახალი გზის მშენებლობის საკითხი თუშებს შორის დაპირისპირების საგანიც გახდა. ქვემო ალვანის მოსახლეობა პანკისის გავლით ახალი გზის მშენებლობის წინააღმდეგი იყო, ზემო ალვანში მცხოვრები წოვათის ხეობის თუშები კი ამ პროექტის განხორციელებას მხარს უჭერდნენ. წოვათის ხეობის სოფლები მოსახლეობისგან მთლიანად დაცლილია. ერთადერთი სამანქანო გზა, რომელიც გომეწრის ხეობიდან სოფელ წარომდე მიდის, წლებია დამეწყრილია. წოვათის ხეობის თუშები სახლების აღდგენას ვერ ახერხებენ. ხადორის ხეობის გავლით ახალი გზის გაჭრის წინააღმდეგი იყო რამდენიმე გარემოსდაცვითი ორგანიზაციაც.

„ქართული ოცნება“ ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობასაც გეგმავდა. ამას თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმაც ითვალისწინებს, რომელიც თუშეთის განვითარებისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტია.

თუშეთში აეროდრომის მოწყობის პროექტიც ჩავარდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში